“იცოდე რომ ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და განსაკუთრებულად შესაფასებელი”.
დავით სარაჯიშვილი 1848-1911 წლები, საზოგადო მოღვაწე, მრეწველი, ქველმოქმედი.
შრომის უფლებას ადამიანის უფლებებში განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ადამიანს შრომის გარეშე არ შეუძლია მისი შემოქმედებითი უნარის ნაყოფიერ გამოხატვა.
დღეს საქართველოს ეკონომიკა დიდწილად უცხოური კაპიტალის იმპორტზეა დამოკიდებული. ეს ვითარება როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, რათა დაცულ იქნეს ადგილობრივი შრომითი ბაზრი, რომ უცხოურ კაპიტალთან ერთად შრომის ბარბაროსული პირობების იმპორტიც არ განხორციელდეს. ქვეყანაში ადამიანის სოციალურ-შრომითი უფლებების წარმომადგენლობა და დაცვა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან მასშია თავმოყრილი შრომითი ურთიერთობებისას ადამიანური ფაქტორის რეგულირების მექანიზმები. შრომის უფლების მდგომარეობასა და შრომით ურთიერთობებზეა დამოკიდებული ადამიანები იქნებიან დაცულნი თუ დათრგუნულნი, უზრუნველყოფილნი თუ გაძარცვულნი, უკეთესი მომავლისკენ მიმავალნი თუ დაცემისკენ მიმართულნი.
საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირებული ურთიერთობებია, მაგრამ არ იგრძნობა რომ ქვეყანაში ევროპული შრომითი და სოციალური სტანდარტები მკვიდრდება. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა გახდეს ევროპის სოციალური ქარტიის ( შესწორებული ) ისეთი დებულებების, როგორიც არის უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები, პროფესიული ორიენტაცია, ოჯახის სოციალური, იურიდიული ეკონომიკური დაცვა, ხანდაზმულთა სოციალური დაცვა, დაცვა დასაქმების შეწყვეტისას, დამსაქმებლის გაკოტრებისას მუშაკთა მოთხოვნების შესრულება, შრომით დაწესებულებებში მუშაკთა წარმომადგენლების მიერ დაცვის განხორციელება და მათთვის მინიჭებული შეღავათები, უფლება საცხოვრებელ ადგილზე რატიფიცირება. დასაქმებულ ქალთა უფლებების დაცვად საჭიროა ამ ქარტიის 8-ე მუხლის პირველი პუნქტის რატიფიცირება, რაც დასაქმებულ ქალბატონებს მინიმუმ 196 დღიან ანაზღაურებად შვებულებას მისცემს დღეს არსებული მხოლოდ 183 დღიანის სანაცვლოდ.
საქართველოს ეკონომიკის უცხოური კაპიტალის იმპორტზე დიდწილად დამოკიდებულება განაპირობებს აუცილებლობას ქვეყნის შრომის ბაზარი დაბალანსდეს ევროპული სოციალურ-შრომითი სტანდარტებით, რათა დემპინგურ შრომამ სრულად არ დაანგრიოს იგი. ამ სტანდარტების გარეშე შრომით ურთიერთობებში განუხრელად გაბატონდება არაფორმალური შრომა, ბიუროკრატის ვოლუნტარიზმი, დამსაქმებლის სუბიექტივიზმი, დასაქმებულის იზოლაცია მოგებისაგან და საკუთრებისგან, უმუშევართა ბედის ანაბარად დარჩენა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა თითქმის საუკუნე ნახევრის წინ აღნიშნა: „შრომა კაპიტალის წინაპირობაა და არ არის მასზე დამოკიდებული, კაპიტალი მხოლოდ შრომის ნაყოფია და იგი ვერასოდეს ვერ იარსებებდა, შრომა მასზე ადრე რომ არ ყოფილიყო, შრომა კაპიტალზე მაღლა დგას და შეუდარებლად მეტ პატივისცემას იმსახურებს“.
ევროპული სოციალურ-შრომითი სტანდარტების დამკვიდრება საიმედო განმაპირობებელია საქართველოს შრომის ბაზარზე ადამიანური ფაქტორში უცხოური კაპიტალის მხრიდან ინვესტიციების განხორციელებისა. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ ევროპის სოციალური ქარტიის ( შესწორებული ) სრულად რატიფიცირება სრულად განხორციელებადია. ამ ქარტიის რატიფიცირების პროცესის შეყოვნება საქართველოს შრომის ბაზარს სულ უფრო და უფრო პოლარიზებულს ხდის, ქვეყანაში დაბლა სცემს მშრომელთა შრომის ფასს, იწვევს ადგილობრივი შრომითი რესურსების მასიურ დეკვალიფიკაციას, მუშაკთა ცოდნისა და უნარების შეუქცევად დაქვეითებას, შრომის მიმართ ორგანიზებულ და კონცენტრირებულ სოციალურ ძალადობას.
არსებული რეალობა ნათლად გვაჩვენებს რომ გამოსავალი ქვეყანაში ევროპული სოციალურ- შრომითი სტანდარტების დამკვიდრებაშია. საქართველოს ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური პარტნიორობის პინციპების ყოველდღიური ნორმად დამკვიდრებაზე. დამოუკიდებელმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ დაცულ იყოს ადამიანის ერთერთი უპირველესი უფლება – შრომის უფლება.