Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ახალი ლიდერი – გამოწვევები, პასუხები

ინტერვიუ მოამზადა: დავით არაბიძემ

ირაკლი ამირანაშვილი მედიცინის დოქტორი, პროფესორი 2016 წელს საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა ყრილობაზე დარგის პროფკავშირის პრეზიდენტად აირჩია. ირაკლი ამირანაშვილი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი საქმიანობა ფართოა. იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), არის ასისტენტ პროფესორი მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და განათლების ეროვნულ ცენტრში მომსახურების სფეროს მიმართულების დარგობრივ საბჭოს თავმჯდომარეობს.

ინტერვიუ მასთან საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ოფისში ჩავწერე, ჩვენს ინტერვიუს წინ სამუშაო თათბირი უსწრებდა და ინტერვიუს შემდეგ დარგის მუშაკთა სოციალური და შრომითი უფლებების დამცველს შემდგომ დიდი და დატვირთული სამუშაო გრაფიკი ელოდა.

დავით არაბიძე: არც თუ დიდი ხანია რაც მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკებმა თქვენ ნდობა გამოგიცხადეს, ყრილობამ პროფკავშირის თავმჯდომარედ აგირჩიათ. რა გამოწვევები დაგხვდათ თქვენს ახალ სამოქმედო ასპარეზზე?

ირაკლი ამირანაშვილი: პირველ ყოვლისა კიდევ ერთხელ მადლობა ყრილობის დელეგატებს ნდობისათვის. ვიცი ამ ნდობას ცოცხალი საქმეებით გამართლება სჭირდება და ეს ასეც იქნება. გამოწვევებს რაც შეეხება, ის ძირითადად რამდენიმეა. პირველი გამოწვევა თეორიულ ხასიათს ატარებდა. საჭირო იყო კომპლექსური სამართლებრივი ცოდნა ამ ახალ სფეროში ეფექტური მოქმედებისთვის.

დავით არაბიძე: ბევრ პროფკავშირელ ლიდერს აღუნიშნავს ჩემთან საუბარში, რომ ერთ-ერთი პირველი საკითხი რაც მათ დახვდათ წინ ეს არის განთავისუფლების პრობლემები. თქვენი სამუშაო გზის დასაწყისში ეს პრობლემა რადენად აქტუალური იყო?

ირაკლი ამირანაშვილი: დიახ, უსამართლო და უკანონო განთავისუფლებები პროფკავშირებისთვის დიდი პრობლემაა. ეს პრობლემა ნამდვილად პირველი იყო ჩემი სამუშაო დღისწესრიგისთვის. მაგალითად შემიძლია სამედიცინო კორპორაცია „EVEX“-ი მოვიყვანო, რომელიც ამ მიმართულებით არ ხელმძღვანელობდა სოციალური პარტნიორობის პრინციპით.

დავით არაბიძე: ამ ძალზე მტკივნეული პრობლემის მოსაგვარებლად პროფკავშირების არსენალში არის ისეთი ინსტრუმენტი როგორიცაა კოლექტიური ხელშეკრულებები. ქმედითია ეს ინსტრუმენტი?

ირაკლი ამირანაშვილი: დიახ ქმედითია და ამ ინსტრუმენტს ვიყენებთ კიდეც. სულ ეხლახანს უკვე ორგან დავდეთ კოლექტიური ხელშეკრულებები. გარდა ამ პროფკავშირული ინსტრუმენტისა, ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ახალი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების დაფუძნების მიმართულებითაც. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დავაფუძნეთ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები, სულ ამ მიმართულებით ბოლო ხანებში უკვე ათი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დავაფუძნეთ.

დავით არაბიძე: პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნება ყველა პროფკავშირის №1 ამოცანაა. თქვენი, როგორც ახალი პროფლიდერის აქტიურ მუშაობას როგორ შეხვდნენ ამ დაწესებულებების ადმინისტრაციები?

ირაკლი ამირანაშვილი: პოზიცია იყო სხვადასხვა. ხელის შეშლაც იყო, ინდეფერენტიზმიც და ცნობისმოყვარეობაც, რადგან ბევრი თვალი გვაკვირდებოდა აბა რა გამოგვივიდოდა ამ მიმართულებით აქტიურობისას.

დავით არაბიძე: უფროსი თაობის დასაქმებულებში ძალიან იშვიათად, მაგრამ ხანდახან მაინც ვხვდებით ერთგვარ ნოსტალგიას 30 წლის წინანდელ პროფკავშირული ბენეფიტებისადმი, „საგზურების“ თემა თუ კიდევ ცოცხლობს?

ირაკლი ამირანაშვილი: უაღრესად მცირე შემთხვევებში ხანდახან კი გამოკრთება, მაგრამ ამ სამმა ათეულმა წელმა, რაც ყველამ ერთად გავიარეთ ყველაფერი შეცვალა. უკვე ყველა ხედავს, რომ „საგზურების“ თემა დიდი ხნის წინანდელი წარსულია. ამ ვითარებაში ყველაზე მეტ დახმარებას პროფკავშირულ საქმიანობაში გვიწევს სემინარები, რომელთაც ვმართავთ შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის სოლიდარობის ცენტრის დახმარებით. ჩვენი დარგის დასაქმებულებს დიდი ინტერესი აქვთ ამ სემინარების მიმართ, რადგან მათზე ისინი იგებენ მათთვის ფასდაუდებელ ინფორმაციას სოციალურ და შრომით უფლებებზე, პირადი კანონიერი ინტერესების კოლექტიურად დაცვის მექანიზმებზე. ეს ინფორმაცია კი მათ ყოველდღიურად სჭირდებათ ჩვენს დროში.

დავით არაბიძე: თქვენს სამოქმედო სფეროში არცთუ იშვიათია ინტერესთა პარალელური მიმართულებები. ამ საკითხს როგორ სცემთ პასუხს?

ირაკლი ამირანაშვილი: თავად ცხოვრებაა ინტერესთა პარალელური განვითარება. მთავარი რაც ამ ინტერესთა დასაბალანსებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული ჩვენს მიერ ეს არის სოციალური კრედიტის განვითარება. უდიდეს ძალისხმევას მივმართავთ მეც და ჩვენი პროფკავშირის აქტივისტებიც რათა ხელი შევუწყოთ სოციალური კრედიტის განვითარებას, რადგან ეს იძლევა ყველაზე დიდ ეფექტს, როგორც პარალელური ინტერესების დაბალანსების, ასევე ამ ინტერესების ერთი კონკრეტული მიზნის – სოციალური პარტნიორობისა და კოლექტიური ხელშეკრულებების განსავითარებლად.

დავით არაბიძე: რა მატერიალური ხასიათის მნიშვნელოვანი პრობლემებია დღეს სამედიცინო სფეროში?

ირაკლი ამირანაშვილი: თუ პროფესურას არ შევეხებით, ამ სფეროს როგორც ქვედა, ასევე შუა რგოლში დაბალი ხელფასებია. არის ზეგანაკვეთური შრომის სათანადოდ არ ანაზღაურების პრობლემა, ძალიან ხშირია რამდენიმე მიმართულებით შეთავსებით მუშაობაც. დამერწმუნეთ ეს ძალიან ვნებს ამ სფეროს, რადგან ადამიანები იფიტებიან, რაც იწვევს ხარისხის დაქვეითებას, მომსახურების მიმღებთა, ბენეფიციარებისა და პაციენტების უკმაყოფილებას.

დავით არაბიძე: შრომითი მიგრაცია დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნების რიგს თქვენს დარგში საქართველოც მიეკუთვნება?

ირაკლი ამირანაშვილი: დიახ ეს ასეა. ჩვენი ქვეყნიდან, არსებული დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივებიდან გამომდინარე ექიმებისა და მედიცინის სხვა მუშაკების გადინებამ საზღვარგარეთ რეგულარული ხასიათი მიიღო. „ტვინების“ გადინების პროცესს ჯერ არცერთი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოუტანია და საქართველოსთვის ეს დიდი საფრთხეა.

დავით არაბიძე: საერთაშორისო პროფკავშირული სოლიდარობა დიდი ძალაა. რომელ საერთაშორისო პროფკავშირულ გაერთიანებებთან თანამშრომლობს საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი?

ირაკლი ამირანაშვილი: დარგობრივი პროფკავშირი გაერთიანებულია საზოგადოებრივი მომსახურების ინტერნაციონალში (PSI) და საზოგადოებრივი მომსახურების პროფკავშირების ევროპულ ფედერაციაში (EPSU). ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მიზნები გვაქვს. გვსურს როგორც გამოცდილების გაზიარება სოციალურ და სამართლებრივ სფეროში, ასევე პროფკავშირული თანამშრომლობის ახალი ფორმების შემუშავება. ვგეგმავთ PSI-ისა და EPSU-ს პროფკავშირელი ექსპერტების მოწვევას, რათა სათანადო კონფერენციებზე, მუშა პროცესში დავხვეწოთ ჩვენი შესაძლებლობები.

დავით არაბიძე: რას ეტყოდით ჩვენი ქვეყნის მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკებს?

ირაკლი ამირანაშვილი: საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის სფეროში შრომობენ მაღალი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კადრები. თუ ვინმეს შეიძლება  ეწოდოს ევროსტანდარტის შესაბამისი მუშაკები ესენი ამ სფეროს მუშაკები არიან. მოვუწოდებ მათ ვინც ჯერ კიდევ არ არის შეერთებული ჩვენს ერთობასთან, დაგვიკავშირდით! ჩვენ ერთად ეფექტურად და სწრაფად მივაღწევთ ჩვენი საერთო, მართალი მიზნების განხორციელებას. თქვენი ცოდნა და შრომა, სოციალური პასუხისმგებლობა და ნიჭი აქ საქართველოში უნდა დაფასდეს და ეს პროფკავშირებთან ერთად სრულიად შესაძლებელია.

დავით არაბიძე: რა მისცა ირაკლი ამირანაშვილს ამ ახალმა პოზიციამ – დარგის პროფკავშირის ლიდერობამ?

ირაკლი ამირანაშვილი: თანამდებობა არასოდეს მიძებნია. პროფკავშირულ მოძრაობაში ჩავერთე არა პოსტის მოსაპოვებლად, არამედ მოქალაქეობრივი ღირსების, სოციალური განვითარების პრინციპების შესაბამისად. პირველ რიგში რაც მივიღე ეს არის გამოცდილება, რასაც პირადად ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მართალი პოზიციიდან სამართლიანი მიზნებისთვის სამართლებრივი მეთოდებით მოქმედება ზუსტად ის არის რაც ჰიპოკრატეს ფიცით ევალება ექიმს. ადამიანის ჯანმრთელობა საზოგადოების ჯანმრთელობაზე არის დამოკიდებული და პირიქით. მე როგორც საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი პროფკავშირი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იყო, არის და იქნება მშრომელთა სოციალურ-შრომითი, ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების თანამიმდევრული დამცველი. ამ ნათელი მიზნის მისაღწევად ნამდვილად ღირს შრომა , რადგან ქვეყნის განვითარების  საწინდარია ჯანსაღი მიზნები, ჯანსაღი სული, ჯანსაღი სხეული, რომელთა გარეშე ჯანსაღი მომავალი წარმოუდგენელია. მომავალი კი მათ გვეკუთვნის ვინც ამ მიზნისკენ ვმოძრაობთ პროფკავშირად ორგანიზებულები.

დავით არაბიძე: გმადლობთ ინტერვიუსთვის.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.