Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ბათუმელ მკერავებს უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული 80 ქალი შესაძლოა სამუშაოს გარეშე დარჩეს. ქალები, რომლებიც მამაკაცის პერანგების განყოფილებაში მუშაობენ, მარტის ბოლოდან დაკვეთებს ვეღარ მიიღებენ. ორგანიზაციის პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, შემცირების მიზეზი განყოფილების ბულგარეთში გადატანა შეიძლება გახდეს.

სამკერვალო ფაბრიკა რომელიც შპს „ბათუმიტექსს“ ეკუთვნის, „მარკ სპენსერის“ და სხვა ფირმების მამაკაცის პერანგებს  ორი წელია კერავს. როგორც ფაბრიკის პროფკავშირების თავმჯდომარე ჩიტო ანთაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, დამკვეთს პერანგების განყოფილება სხვა ქვეყანაში გადააქვს:

“მამაკაცის პერანგები ამ ფაბრიკაში უკვე მეორე წელია იკერება. ინჟინერი ვარ და მკერავები მე თვითონ გადავამზადე, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს და დამკვეთიც კმაყოფილი იყო ნამუშევრით, თუმცა ეს განყოფილება ორი წლის წინ ბულგარეთიდან გადმოიტანეს და როგორც ჩანს, ახლაც იქ უნდათ გადატანა“- გვეუბნება ჩიტო ანთაძე.

პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, ფაბრიკის ადმინისტრაცია თანამშრომლების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.  ჩიტო ანთაძე ამბობს, რომ ის შეეცდება არ დაირღვეს დასაქმებულთა უფლებები.

“ბევრი წევრი არ მყავს, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა მათი უფლებები დავიცვა. კანონის მიხედვით, როცა სამკერვალო უბნის ლიკვიდაცია ხდება, დასაქმებულებს წინასწარ ორი თვის ხელფასი უნდა მიეცეს. ადმინისტრაცია ცდილობს, რომ კარგი მკერვები შეინარჩუნოს, მაგრამ ვინ წავა და ვინ არა, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.

პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით ფაბრიკაში 580 ქალია დასაქმებული, აქედან 80 ქალი მამაკაცის პერანგების განყოფილებაში მუშაობს, მათ  ორწლიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.  მკერავები ანაზღაურებას გამომუშავებით იღებენ, მათი საშუალო ხელფასი 300 ლარია.batum

წყარო: http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/42009/

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.