22 ივლისს, ქალაქ ბათუმში, პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანებაში, გაერთიანების ქალთა კომიტეტის ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის დაფინანსებით, ჩატარდა ქალთა სემინარი თემაზე: ”გენდერული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში”.
სემინარს უძღვებოდა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეთერ მათურელი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის ”დედობის დაცვის” შესახებ შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების II ეტაპის (რომელიც ქალთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხებს შეეხება) პრეზენტაცია გააკეთა ეთერ მათურელმა, ხოლო დასაქმებულ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გაერთიანების ანალიტიკური სამსახურის სპეციალისტმა ელზა ჯგერენაიამ გააკეთა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ხელოვნების, მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის, პედაგოგთა და მეცნიერთა, საჯარო მოსამსახურეთა, არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
აჭარაში დასაქმებულთა ქალთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააკეთა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარემ – მანანა შარაშიძემ.