Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაფიცვა რკინიგზაში (სრული ისტორია)

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რკინიგზაში დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები 2013 წლის 12 ნოემბერს შეიკრიბნენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ,  პროფკავშირის წევრებთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს ყველა ის ფაქტი, რამაც საქართველოს რკინიგზა გაფიცვის პირამდე მიიყვანა.

პრობლემა მდგომარეობდა  იმაში, რომ თვეები გრძელდებოდა კოლექტიური მოლაპარაკება პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის. სამწუხაროდ, კანონმდებლობაში ცვლილების მიუხედავად,  რკინიგზის ადმინისტრაცია უარს აცხადებდა რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებაზე, რომელიც კანონითაც არის დადგენილი და ეს საკითხები ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში კანონითაა დარეგულირებული.

შეხვედრაზე მიწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადენლებმა რკინიგზელებს თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადეს. უფლებადაცვითი ორგანიზაციები გაფიცვის მიმდინარეობის დროს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სათანადო მონიტორინგს განახორციელებენ და სათანადოდ გააშუქებენ გაფიცვის მიმიდინარეობას, რათა დასაქმებულებმა კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება გამოიყენონ.

ამას შემდეგ მოჰყვა ის, რომ ქართველ რკინიგზელებს სოლიდარობა უკრიანის პროფკავშირმა გამოუცხადა.  უკრაინის თავისუფალი პროფესიული კავშირების კონფედერაციის (KVPU) თავმჯდომარემ,  მიხაილ ვოლინეცმა საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, მამუკა ბახტაძეს და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კოკა გუნცაძეს სპეციალური წერერილი გამოუგზავნა, სადაც უკრიანის პროფკავშირული მოძრაობის ლიდერი საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას პროფკავშირის სამართლიანი მოთხოვნების შესრულებისაკენ მოუწოდებს.

წერილში ვკითხულობთ: “როგორც მოგეხსენებათ, კოლექტიური მოლაპარაკებების დროს შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ უკვე მიიღწულ იქნა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასა და საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის. თუმცა საბოლოო ჯამში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან ვერ გადაწყდა სამი მნიშვნელოვანი საკითხი: ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და ანაზღაურების წესი, საპრემიო ანაზღაურების წესი და ოდენობა და დანამატების გაცემა სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით, რომლებიც რკინიგზის მუშებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მედიაციის სამსახური არის ფორმირების პროცესში და არ ძალუძს გასწიოს ოფიციალური დახმარება, ამიტომ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებების განსაახლებლად რკინიგზის ადმინისტრაციის კომპეტენტურ წარმომადგენლებთან ახლო მომავალში.

ჩვენ აქვე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიმართ და იმედი გვქვს, რომ კოლექტიური მოლაპარაკებების ფორმატში მთლიანად მიიღწევა აღნიშნული საკითხები“.

ამას საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ITUC) სოლიდარობაც მოჰყვა  საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილის იაპ ვიენენის მიერ გამოგზავნილ მხარდამჭერ წერილში ნათქვმია, რომ კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია.

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გვამცნო მიმდინარე დავის შესახებ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასთან და მოლაპარაკებების პროცესში მათ მიერ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის უგულველყოფის შესახებ. გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას თქვენი მოთხოვნებისადმი და საჭიროებისადმი, რომ კონსტრუქციულად შედგეს კოლექტიური მოლაპარაკებები ყველა მონაწილე მხარის მიერ. თუ ასე არ მოხდება, სხვა საშუალებით შეუძლებელია რაციონალურობის შემოტანა ამ პროცესში.

ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებული მოვლენების მჭიდრო  მონიტორინგს  და მხარს დავუჭერთ თქვენს აქციებს თუ წარმოიქმნება ამის საჭიროება. გისურვებთ წარმატებას საქართველოს რკინიგზის მუშებისთვის პოზიტიური შედეგების მიღწევაში“ – ნათქვამია წერილში.

სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინსტრაციამ დასაქმებულთა გაფრთხილებები არ გაითვალისწინა და 14 ნომბერს დილით, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორტიაზე რკინიგზა გაფიცვამ მოიცვა. გაჩერდა თბილისის მახარისხებელი სადგური, სალოკომოტივო დეპო, მარნეულის სადგური, გარდაბანის სადგური, ბროწეულას სადგური, რუსთავის, ძეგვის, გაჩიანის სადგურები, სალიანდაგო სამსახურები და ენერგომომარაგება.

სალოკომოტივო დეპოს თანამშრომლები აფრიკაში მდებარე დეპოს ეზოში შეიკრიბნენ. აქციას საქართველოს რკინიზგის მემანქანეები და ზეინკლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: ნამსახურების წლების მიხედვით ხელფასის მომატება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და მეცამეტე ხელფასის დანიშვნა.

“14 ნოემბრის დილას “საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ჩვენი აქცია გარკვეული პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს. ესაა სრული სიცრუე, ჩვენ დაახლოებით 1 წელია უკვე ადმინისტრაციისგან სამუშაო და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ვითხოვთ. მიმოიხედეთ ირგვლივ, აქ ყველა გაჭირვებული თანამშრომელია შეკრებილი. ადრე პრემიის სახით, მეცამეტე ხელფასს ვიღებდით, გვქონდა წახალისებები სამუშაო სტაჟის მიხედვით, ახლა კი, მოგვატყუეს და ეს ყველაფერი მემანქანეებს მოჭრილ 1000 ლარში, ზეინკლებს კი 640 ლარში გაუერთიანეს. არადა, დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გვიწევს მუშაობა”, – აცხადებდა აქციის მონაწილე, მემანქანე ჯაბა შუბითიძე.

კიდევ ერთი გაფიცული მემანქანე ვალერიან კობაური აცხადებდა, რომ “საქართველოს რკინიგზა” ხელფასების გაზრდაზე უარს შემოსავლებისა და მოგების სიმცირით ხსნის. რეალურად კი, ბოლო წლების განმავლობაში, ელმავლების მოძრაობის სიჩქარე და გადასატანი ტვირთის წონა საგრძნობლადაა გაზრდილი:

“რომ ამბობენ, მოგება არ გვაქვსო, თვალებში ნაცარს რატომ მაყრიან? მატარებელს მე ვატარებ და ვიცი, რომ ადრე თუ 10 დამყავდა, ახლა 16-ზე ვზივარ. ადრე თუ ელმავალს 2800 ტონით დატვირთულს ვატარებდი, დღეს ეს წონა 3500-მდეა გაზრდილი. გარდა ამისა, ლიანდაგები შეკეთდა და მატარებლის სიჩქარე გაზრდილია, მაგალითად, ახლა თუ გადაადგილებას 9 საათს ვანდომებ, ადრე ამას 20 საათი სჭირდებოდა. ეს ხომ კონკრეტული ციფრებია, რა გამოდის, თავი ძალით უნდა მოვიტუოთ?”, – ამბობდა ვალერიან კობაური.იმ დროისთვის “საქართველოს რკინიგზის” 2 000-მდე თანამშრომელი იყო გაფიცული

“გაფიცვის შესახებ რკინიგზის ადმინისტრაცია წუხელ გავაფრთხილეთ. მთელი ღამის და დღის განმავლობაში ვიხვეწებით, რომ მოვიდნენ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ, სამწუხაროდ ამ დრომდე არავინ გამოჩენილა ჩვენთან. მხოლოდ განცხადებებს ავრცელებენ. ჩვენ მზად ვართ, როგორც კი დაგვიძახებენ, წავალთ მოლაპარაკებებზე,“- განაცხადა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელმა ვიტალი გიორგაძემ.

მისივე თქმით, რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის სამსახურებრივი გულგრილობა გახდა და გაფიცვა არ შეწყდებოდა, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. პროფკავშირების ხელმძღვანელი განმარტავდა, რომ გაფიცულებს რკინიგზის სრული შეფერხება დაგეგმილი არ ჰეონდათ.

“საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია კი აცხადებდა, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია პროფკავშირების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მას შემდეგ დაიწყებდა, რაც ისინი ულტიმატუმის ენით საუბარს შეწყვეტდნენ.

“მატარებლები გავიდნენ თბილისიდან ყველა მიმართულებით, ყველანაირი შეფერხების გარეშე, ასევე დასავლეთიდან ყველა სამგზავრო შემადგენლობა გამოსულია. სატვირთო მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაფიცვას კონკრეტული დესქტურციული ძალები უწყობენ ხელს, რომ აჩვენონ თითქოსდა ქვეყანაში სიტუაცია არის არეული, აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის სინამდვილეში სიტუაცია”, – ამბობდა ცაგურიამ.

საქართველოს რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა აცხადებდა, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშომლებთან მოლაპარაკებაზე მთელი ღამის განმავლობაში არ გამოსულა, ამიტომ დილის 10:00 საათზე გაფიცვა დაიწყო

“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ჩვენს ოფისში, რკინიგზის დეპარტამენტის შენობაში, გვერდზე კაბინეტებში ისხდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მაგრამ სამწუხაროდ მთელი ღამის განმავლობაში არ გამოვიდნენ კონტაქტზე, შესაბამისად საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშრების ორგანიზებით დაიწყო სრულმასშტაბიანი გაფიცვა”, – აცხადებდა ილია ლეჟავა.

ამის შემდეგ, როდესაც სიტუაცია ძალიან გართულდა, 14 ნოემბრის საღამოს, რკინიგზის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის შეხვედრა შედგა. “საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა ნაწილის გაფიცვა შეწყდა. მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა, სადაც პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამის დასტურად მათ შორის ოქმიც გაფორმდა.

რკინიგზელები პროტესტის ერთადერთ მიზეზად სოციალური და სამუშაობი პირობების გაუმჯობესებას ასახელებდნენ.

“საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მოთხოვნა იყო ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურება, შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატი და პრემიალური სისტემა.

მისივე თქმით, რკინიგზის ხელმძღვანელობასთან სამივე საკითხზე შედგა შეთანხმება.

“საქართველოს რკინიგზის” ფინანსური დირექტორის ირაკლი ტიტვინიძის განცხადებით, პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონტრუქციული დიალოგი შედგა.

“საუბრისას გამორიცხული იქნა ყოველგვარი რადიკალური მოთხოვნები და შეთანხმება იქნა მიღწეული რკინიგზის თანამშრომლების ძირითად საჭირბოროტო საკითხებზე. ეს მოიცავს სამართლიან საპრემიო სისტემაზე მუშაობას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურების სისტემაზე მუშაობას. ეს შეთანხმება გავრცელდება რკინიგზის ყველა თანამშრომელზე”, – აღნიშნავდა ტიტვინიძე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთანების პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, რკინიგზელთა გაფიცვას მოჰყვა მნიშვნელოვანი შედეგები და მისასალმებელია ადმინისტრაციის ნაწილის დამოკიდებულება აღნიშნულ ფაქტთან მიმარტებაში. თუმცა პეტრიაშვილის თქმით ცალკე არის აღსანიშნავი ადმინისტრაციის ნაწილისდა ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტების პოზიცია გაფიცვასთან მიმართებაში.

“ცალკე აღნიშვნის ღირსია პოზიცია ადმინისტრაციის ნაწილისა და მედიის ნაწილის დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ. ნეგატიურ კონტექსტში და კონტექსტიდან ამოგლეჯილი, აბსოლუტურად არათანმიმდევრული დამოკიდებულება. ფოთში იმ მიზნით, რომ თითქოს გაფიცვა არ არის ადმინისტრაციის ნაწილის გამოყვანა, სიუჟეტები, რომლებიც ნათესაური კავშირი იკვეთება ჟურნალისტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის დაგეგმილი იმ ფორმატით, რომ პეტრიაშვილი მართავს ამას პეტერბურგიდან ხოლო პეტრიაშვილს კონტრდაზვერვა მართავს და ა.შ. ეს იმისთვის რომ თუ მოლაპარაკება არ შედგებოდა რკინიგზელების ნაწილისთვის გაეჩინათ ისეთი შეხედულება, რომ ამას“ნაციონალები“ მართავენ და თქვენ კიდევ მის გამართულ აქციაში იღებთ მონაწილეობას. ყველაფერი ეს აქცია გაფიცვა  არის პირველ რიგში რკინიგზელების დამსახურება. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩართული ვიყავით ამ პროცესებში. ცუდი ამ გაფიცვას არაფერი მოუტანია“, – განაცხადა პეტრიაშვილმა

ამჟამად “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ დაპირებების შესრულების მოლოდინშია და გაჩნდა კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების დადების იმედიც. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროფკავშირულ სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია!

 სტატია იტერნეტ–გაზეთ “სოლიდარობის” ნოემბრის ნომრიდან

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.