Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაფიცვის მეორე დღე საქართველოს რკინიგზაში. ბრძოლა გრძელდება!

საქართველოს რკინიგზაში მეორე დღეა გაფიცვა მიმდინარეობს. მუშების გაფიცული ნაწილი ზეგანაკვეთური სამუშაოს შემცირებას, ახალ სახელფასო ბადესა და პრემიის გაზრდას ითხოევნ, იმ ფონზე, როცა რკინიგზის შემოსავალი მატულობს.

ბათუმში, ხაშურში, სამტრედიაში, ზესტაფონში, თბილისსა და გურჯაანში გაფიცულმა რკინიგზელებმა შტაბები შექმნეს და ღამის მორიგეობა დააწესეს. 27 ნოემბერს დილიდან თბილისის სალოკომოტივო დეპო სრულიად პარალიზებულია. გაფიცულ მემანქანეებს ტეო-1 და ტეო-2-ის ზეინკლებიც შეუერთდნენ. ზესტაფონში გაფიცულ რკინიგზელებს მოსახლეობაც შეუერთდა და სოლიდარობას უცხადებენ. დილიდან რკინიგზელები მთელი საქართველოს მასშტაბით იკრიბებიან და მორიგი საპროტესტო ტალღას ამზადებენ. რკინიგზელებს დღეს სოლიდარობას გამოუცხადებენ ბათუმისა და თბილისის სტუდენტური მოძრაობები. აგრეთვე დღეს გაიმართება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია.

როგორც ნავარაუდევი იყო, რაკი გაფიცულები სამუშაო ადგიულებზე არ მივიდნენ, რკინიგზის ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილებზე სახელდახელოდ მიყვანილი ადამიანები. ე.წ. შტრეიკბეხერები გაანაწილა. ამას უკვე მოჰყვა ძალზედ ცუდი შედეგები. რკინიგზის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო საქციელს სამი სარკინიგზო შემთხვევა მოჰყვა ღამით. სადგურ სუფსაში მატარებელმა გაიარა წითელი შუქნიშანი და გაჭრა სალიანდაგო ისარი. ამ მომენტისთვის ჯერ ვერ დადგინდა რეალურად ელმავალს მემანქანე მართავდა თუ ვინმე სხვა პირი. სადგურ ლილოში ლიანდაგიდან გადავიდა და ჩავარდა ორი ვაგონი. იგოეთი-ჯაპანას გადასარბენზე , მე-9 კილომეტრის 1 პიკეტში შემთხვევით აღმოჩენილია კოროზირებული გატეხილი რელსი,  რასაც უდიდესი კატასტროფა შეიძლება მოჰყოლოდა. ამ წუთებში სადგურ ხაშურში შეკრებილ გაფიცულ რკინიგზელებზე სამსახურის უფროსი ზაზა ჭყოიძე უცხო თანმხლებ პირებთან ერთად ზეწოლას ახორციელებს. რკინიგზელები მას პროვოკაციაში ადანაშაულებენ და პოლიციას სთხოვენ დაიცვან მათი, როგორც გაფიცული მუშების უფლებები. ხაშურში ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც, რაც ადმინისტრაციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

მემანქანე ზვიად მულაძე ამბობს, რომ გაფიცვაში მონაწილეობა საქართველოს რკინიგზაში შექმნილმა მისთვის არადამაკმაყოფილებელმა სამუშაო პირობებმა გადააწყვეტინა. ზვიად მულაძის თქმით, თითო ცვლა, რომელშიც ის მუშაობს, 10 ან 12-საათიანია. მას თვეში 15-18 რეისის გაკეთება უწევს. რაც, ჯამში, 190 საათამდე აღწევს. მულაძე ამბობს, რომ იგი ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც ასრულებს, თუმცა რკინიგზის ადმინისტრაცია მას დამატებით ანაზღაურებას არ უხდის.

ზვიად მულაძის მოვალეობა გარდაბნიდან ხაშურამდე და პირიქით, სატვირთო მატარებლების გადაყვანაა. მას ასევე სადახლოს მიმართულებით უწევს მოძრაობაც. მემანქანეს უმეტესად აზერბაიჯანიდან მომავალი ნავთობისა და მშრალი ტვრთების გადატანა უწევს იმის გამო, რომ არ იცის, როდის შემოვა აზერბაიჯანიდან ტვირთი, შესაძლოა ღამის საათებშიც მოუწიოს მუშაობა, ამბობს იგი.

ზვიად მულაძის თქმით, საჭიროა ლოკომოტივების შეცვლა და განახლება. ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდში, როდესაც გარეთ 40 გრადუსია, მემანქანის კაბინაში სიცხე 55 გრადუსამდე ადის, რადგან ლოკომოტივებში კონდიცირების სისტემა არ მუშაობს.

“რესურსები თითქოს ამოწურეს. ერთ ელმავალს დაშლიან, მეორეზე გადააწყობენ. მერე ეს გაფუჭდება, აქედან იქით გადააწყობენ”, – ამბობს მულაძე.

კახა კახაძე თბილისის მახარისხებელ დეპოში სადგურის მორიგე-ოპერატორად მუშაობს. იგი მატარებლების უსაფრთხო მოძრაობაზე აგებს პასუხს, მის მოვალეობებში ლიანდაგების გადართვა, შუქნიშნების ანთება, დოკუმენტაციის დახარიხება შედის. კახა კახაძე გვიყვება, რომ მისი სამუშაო გრაფიკიც 12-საათიანია. იგი დილის რვა საათიდან იწყებს მუშაობას, მეორე დღეს კი საღამოს რვიდან დილის რვა საათამდე მუშაობს და ორი დღე ისვენებს, რის შემდეგაც მას იგივე სამუშაო საათები ელის. კახაძის მტკიცებით, მასაც უწევს კვირაში 48 საათზე მეტი მუშაობა ანაზღაურების გარეშე.

კახა კახაძეც და ზვიად მულაძეც “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების” წევრები არიან, რომელიც 2 წლის წინ შეიქმნა. პროფკავშირების თქმით, საქართველოში არსებული ყველა ძირითადი გამანაწილებელი დეპოების- თბილისის, ხაშურის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ბათუმის- მუშები გაფიცული არიან, რაც რკინიგზელების 70%-ია.

გაფიცულ პროფკავშირებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემცირება, ახალი სახელფასო ბადისა და ახალი საპრემიო სისტემის შემქნა.

კახა კახაძე და ზვიად მულაძე მოითხოვენ, რომ მათი ზეგანაკვეთური სამუშაო არა კვირაში 48-საათიანი ნორმირებული მუშაობის, არამედ 40-საათიანი მუშაობის შემდეგ დაიწყოს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია, რომ კვირაში 48 საათი ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურების გარეშე შეასრულოს.

ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია დასაქმებულებს დისკრიმინაციულად ექცევა, რადგან დეპოს მუშებისთვის, რომლებიც ცვლაში მუშაობენ, ზეგანაკვეთური სამუშაო 48 საათიდან იწყება, ხოლო ვინც ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით მუშაობს, მათთვის ნორმირებული სამუშაო საათები კვირაში 40-ს შეადგენს.

“ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ესაა დისკრიმინაცია. ერთი კატეგორია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, მისთვის 40 საათია ნორმა. ჩვენ უარს არ ვამბობთ ზეგანაკვეთურ მუშაობაზე. რახან ვმუშაობ სხვაზე მეტს, ვითხოვით ანაზღაურებას, როგორც ზეგანაკვეთურს”, – ამბობს კახა კახაძე.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტი ილია ლეჟავა ამბობს, რომ პროფკავშირმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ახალი პროფკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის კოდექსში ნათლად არაა განმარტებული, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ზეგანაკვეთური საათები და როგორ უნდა მიეცეს დასაქმებულს ზეგანაკვეთური საშუშაოს ანაზღაურება.

გაფიცული რკინიგზელები ამბობენ, რომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში უკვე დასრულდა და ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განჩნებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ნორმას არაკონსტიტუციურად სცნობს, მაშინ ანაზღაურებადი სამუშაო საათების რაოდენობა შეიცვლება, და დასაქმებულები და დამსაქმებლები მოლაპარაკებას დაიწყებენ.

გაფიცულების კიდევ ერთი მოთხოვნა მეცამეტე ხელფასის დანიშვნაა, რომელიც მათი ხელფასის 100% უნდა იყოს, რადგან წინა წლისგან განსხვავებით წელს რკინიგზა დიდი მოგებაზე გავიდა.broceula

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.