ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს შრომითი უსაფრთხოების მონიტორინგი დაიწყება. მონიტორინგი იქნება ნებაყოფლობითი, ანუ კერძო კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მონიტორებმა საწარმოში არსებული შრომითი უსაფრთხოების პირობები შეამოწმონ, სამინისტროს წერილობით მიმართავენ. სამინისტრო კი მათთან სპეციალურ მონიტორებს გააგზავნის. დასაქმებულის უფლებების დარღვევის შემთხვევაში საწარმოს გაეგზავნება შესაბამისი რეკომენდაცია, თუმცა კომპანიას არანაირი სანქცია არ დაეკისრება.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია აცხადებს, რომ სამინისტროს ინიციატივა სრულიად არაეფექტური იქნება. მისი თქმით, ერთი მხრივ, ნებაყოფლობითი შემოწმება რეალურად ვერ გამოავლენს დარღვევებს და, მეორე მხრივ, დამსაქმებლის მიმართ მსგავსი ლიბერალური მიდგომა შორსაა შრომითი უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის სტანდარტებისგან:
“ეს დასაქმებულების მოტყუება და კერძო კომპანიებზე მორგებული პოლიტიკა იქნება. რას ნიშნავს, ნებაყოფლობითი მონიტორინგი? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში, სადაც შრომითი უსაფრთხოება მინიმალურადაა დაცული, კომპანიები თანახმანი იქნებიან, რომ მონიტორმა იქ არსებული მდგომარეობა შეისწავლოს? მეორე მხრივ, სამინისტრო თვითონ აარჩევს შედარებით მოწესრიგებულ რამდენიმე საწარმოს და წლის ბოლოს იტყვის, აი როგორი დაცულია დღეს დასაქმებულის შრომითი უსაფრთოხებაო”, – ამბობს ალექსანდრია.
მისივე თქმით, პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა არა მონიტორინგის ორგანოს, არამედ შრომითი ინსპექციის ჩამოყალიბებაა. ინპექციის, რომელიც საბოლოოდ შედეგზე იქნება ორიენტირებული და მხოლოდ რეკომენდაციის შემუშავებით არ შემოიფარგლება.
“უნდა არსებობდეს ორგანო, სადაც დასაქმებულს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართვის შესაძლებლობა ექნება. ამ ორგანომ კი მხოლოდ რეკომენდაციები კი არ უნდა შეიმუშაოს, დარღვევის შემთხვევაში ჯერ გააფრთხილოს, შემდეგ გონივრული ვადა მისცეს და ბოლოს ისეთი მკაცრი სანქციები გაატაროს, როგორიცაა კომპანიის დაჯარიმება ან დახურვა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ხდება”.
საწარმოების მიმართ შრომითი უსაფრთხოების შემოწმების მხრივ ლიბერალური მიდგომის დანერგვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს საკუთარი აზრი აქვს. დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ელზა ჯგერენაიას განმარტებით, ეს არის საპილოტე პროექტი. ანუ სამინისტრო პარტნიორ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგის ორგანოს შექმნის საშუალებით შეეცდება კერძო კომპანიების ცნობიერების ამაღლებას. ამ პროცესს კი შემდეგ საკანონმდებლო ბაზის შემქნა, და ბოლოს ინსტიტუციური მოწყობა მოჰყვება.
“არც ნებაყოფლობითი შემოწმების ნაწილი იქნება თავიდან ეფექტური, თუმცა საქართველოში შრომით ინსპექციასთან კომპანიებს ნეგატიური მოლოდინები ექნებათ და არ გვინდა, რომ მათთვის ეს სადამსჯელო ორგანოსთან ასოცირდებოდეს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე ჩვენ შევეცდებით ამ სტანდარტების დანერგვას დამსაქმებლის ცნობიერების ასამაღლებლად. ეტაპობრივად კი ვეცდებით სისტემა უფრო ეფექტური გავხადოთ”, – აცხადებს ელზა ჯგერენაია.
პროფკავშირებს ამ პროექტთან დაკავშირებით სხვა შენიშვნებიც აქვს. გოჩა ალექსანდრიას განმარტებით, სამინისტრომ მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების პირობები კი არა, ზოგადად შრომითი უფლებები უნდა შეისწავლოს. მაგალითად, როგორიცაა: დასაქმებულის ანაზღაურება, შვებულება, შესვენება და ა.შ.
“ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პროექტი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად წამოიწყო, თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ეს სტანდარტი მხოლოდ შრომით უსაფრთხოებას კი არა, შრომით უფლებებსაც მოიცავს. ამის ორად გაყოფა დაუშვებელია და მხოლოდ და მხოლოდ თვალის ახვევას ემსგავსება”, – აცხადებს ალექსანდრია.
რაც შეეხება უშუალოდ მონიტორინგის დაწყების დროს, ელზა ჯგერენაიას ინფორმაციით, ჯერჯერობით არ აურჩევიათ სპეციალური მონიტორის განმახორციელებელი პირები. არც ისაა ცნობილი, საქართველოს მასშტაბით რამდენი მონიტორი დაიწყებს მუშაობას. შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად, როდის შეეძლება სამინისტროს ნებაყოფლობითი შემოწმების დაწყება.
წყარო: http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/122852/