Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გოჩა ალექსანდრია: “შესაძლოა, ჩვენ დავტოვოთ მოლაპარაკებები, თუ ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს ოინბაზობას”

ბოლო 4 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას სულ 531 ადამიანი დაშავდა, 150 კი – დაიღუპა.

გასულ წელს, შრომის კოდექსში შესული ცვილებების მიუხედავად, ქვეყანაში შრომის უსაფრთოხების თვალსაზრისით მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. საქართველოს შრომის კოდექსით: “დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი”, თუმცა, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს ნორმა მხოლოდ დეკლარირებულია და არსად არის მითითებული მისი დარღვევისთვის რა სანქცია შეიძლება დაეკისროს დამსაქმებელს.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი.

ბოლო 4 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას სულ 531 ადამიანი დაშავდა, 150 კი – დაიღუპა. 2010 წელს სამუშაო შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო – 102, გარდაცვლილთა რაოდენობა – 42; 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობამ 137 შეადგინა, გარდაცვლილთა – 54; 2012 წელს სამუშაოს შესრულებისას 131 ადამიანი დაშავდა, 21 კი – დაიღუპა; 2013 წელს დაშავდა 161 ადამიანი, 33 კი – გარდაიცვალა.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახლო მომავალში შეიქმნება შესაბამისი სტრატეგია, რომლის დახმარებითაც შრომითი უსაფრთოხების დაცვა მოხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი, პაატა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ შრომის ინსპექციის ამოქმედებისთვის უკვე არსებობს ვაშინგტონის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი ფინანსები და ტენდერი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს მოგებული.

“სადავო არ არის, რომ შრომის უსაფრთხოების და კანონმდებლობის დაცვისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს. ასეთი სამსახური ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს. ჩვენი დეპარტამენტის მიერ მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებს გადაეგზავნება. ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი პარლამეტში განსახილველად შემოდგომის სესიაზე შევა. კონკრეტულად რა უფლებამოსილება ექნება შრომის ინსპექციას და რა მექანიზმების მეშვეობით განახორციელებს მონიტორინგს, ამაზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს,”- აცხადებს პაატა ჟორჟოლიანი.

შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველი სოციალურ საკითხებში, ბექა ნაცვიშვილი.

“ახალმა ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები შრომის კოდექსთან დაკავშირებით, რამაც მეტ-ნაკლებად გააუმჯობესა შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი გარემო, მაგრამ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები არ არის საკმარისი. ეტაპობრივად ვაწყდებით ისე პრობლემებს, როცა დასაქმებულების უფლებები ისევ ირღვევა. უფლებები ირღვევა, როგორც შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით (ზეგანარკვეთური შრომა, სამუშაოს დღეების რაოდენობა და ა.შ.), ასევე, ხდება ისეთი საკითხების უგულვებელყოფა, როგორიც არის შრომის უსაფრთხოება, ჰიგიენა და ა.შ.

ჩვენ რომ გვქონდეს მაღალტექნოლოგიურ და მაღალკვალიფიციურ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, მაშინ ეს პრობლემა ასე მწვავე არ იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში დამსაქმებელს გათვითცნობიერებული აქვს, რომ მის თანამშრომელს მაქსიმალურად კარგი პირობები უნდა შეუქმნას. სამწუხაროდ, ჩვენ დაბალკვალიფიციური ეკონომიკა გვაქვს და მოთხოვნა მაღალკავილიფიციურ მუშახელზე მცირეა. ქვეყანაში არსებული დიდი საწარმოები ძირითადად დაკავებული არიან ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებით. აქედან გამომდინარე, დასაქმებულთა შრომითი პირობები მეტად სარისკოა. ამიტომ საჭიროა ისეთი ინსტიტუტების არსებობა, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს.. შესაბამისად, შრომის ინსპექციის ინსტიტუტის დანერგვა უპრიანია ამ ეტაპზე. მთავრობაში მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა მოდელებზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს უწყება. მე მხარს ვუჭერ ფართო უფლებების მქონე შრომის ინსპექციას, რომელიც არამარტო შრომით პირობებს გააკონტორლებს, არამედ შრომითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგსაც განახორციელებს.

შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ჩვენ გვექნება კარგად ჩამოყალიბებული უწყება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბის შრომითი ურთიერთობების ზედამხედველობას მოახდენს. თვითონ ინსპექციას რა მექანიზმები ექნება და როგორ აღასრულებს თავის მოვალეობას, ამაზე ჯერ შეჯერებული არ ვართ”, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექცია მინიმუმ ორი ფუნქციით უნდა იყოს აღჭურვილი. ეს არის შრომის უსაფრთხოება-ზედამხედველობა და მეორე შრომის კანონმდებლობის ინპლემენტაციაზე მონიტორინგი.

“სრულყოფილი შრომის ბაზარი ეს არის მანქანა, რომელსაც ყველა ატრიბუტი უნდა ჰქონდეს და საჭეს საზოგადოება მართავდეს. საზოგადოებაში იგულისხმება მთავრობა, დამსაქმებლები, დასაქმებულებთა წარმომადგენლები, ანუ პროფესიული კავშირები. შრომითი ინსპექცია ამ სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი მძიმეწონიანი ნაწილია, მაგრამ საქართველოში ეს ნაწილი არ არსებობს.

შრომის ინსპექცია უნდა ახორციელებდეს შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას და შრომის კანონმდებლობის ინპლემენტაციაზე მონიტორინგს. ამავდროულად, ის უნდა იყოს აღჭურვილი ისეთი ფუნქციებით და მექანიზმებით, რომლის მიხედვითაც შეძლებს სანქციების გატარებას კანონდამრღვევი დამსაქმებლების მიმართ. ჩვენ თანახმა ვართ, ყველაზე კარგი გამოცდილება და მოდელი ავიღოთ ევროპიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს სრულფასოვანი შრომის ინსპექცია და არა რაღაც ნაკლული ხელის ან ფეხის არმქონე ორგანიზაცია. ჩვენ სხვა რამეს არ დავთანხდებით, “- აცხადებს გოჩა ალექსანდრია.

მისივე შეფასებით, ამ საკითხზე მთავრობაში მიმდინარე კონსულტაციები ცუდი მიმართულებით მიდის. “შესაძლოა, ჩვენ საერთოდ დავტოვოთ ეს მოლაპარაკებები, თუ ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს იმ ოინბაზობას და უმსაგვს საქციელს, რომელიც შეეხება შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს: მოდით, ჯერ შრომის ინსპექციამ მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე გაწიოს მონიტორინგიო და თუ შრომის უსაფრთხოებაზე გაწევს მონიტორინგს მოდი სანქციების უფლება არ მივცეთო”, – აცხადებს ალექსანდრია.

goxa

bpn.ge

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.