Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დაბალანაზღაურებადი პროფესიები აღარავის აინტერესებს

წყარო: გაზეტი “რეზონანსი”

ავტორი: ნათია ლომიძე

საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა 80% მინიმალურ ხელფასზე მუშაობს. მათი შრომის ანაზღაურება წლებია, არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლარის დევალვაციამ და უკვე ინფლაციამაც ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება კონკრეტულ სპეციალობებზე (სადაც ხელფასი დაბალია და არ იმატებს) მოთხოვნას შეამცირებს. გამოსავალი მხოლოდ ერთია – ხელფასების მომატება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რომელზეც სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს. საშუალო თვიური ანაზღაურება 2016 წლის მეოთხე კვარტალში მცირედით გაიზარდა და 1065,9 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს მხოლოდ 54 ლარით აღემატება. “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო სექტორია (საშუალო მაჩვენებელი 2023 ლარი), მაგრამ იქაც დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შემცირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა, მესამეზე კი – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. ხელფასის ოდენობის მიხედვით მოწინავე რიგებშია სამთო-მომპოვებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და სხვა მომსახურება, ასევე ლიდერებშია სახელმწიფო მმართველობაც. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველა ამ სექტორში ხელფასები გაზრდილია, გამონაკლისი სახელმწიფო სტრუქტურებია, სადაც საშუალო ანაზღაურებამ ერთი წლის განმავლობაში 1450 ლარიდან 1231 ლარამდე იკლო. ყველაზე დაბალი ხელფასი კი (589,2 ლარი), ტრადიციულად, კვლავ განათლების სექტორშია. კერძო და საჯარო სექტორში დაბალი ანაზღაურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. როგორც მან “ბიზნეს-რეზონანსთან” აღნიშნა, მოსახლეობას სამომხმარებლო საკრედიტო წნეხი დაეტყო. ბოლო პერიოდში არ მომხდარა ხელფასების ინდექსაცია, რათა დასაქმებულთა მდგომარეობა გამოსწორდეს. “ლარის დევალვაციას მოჰყვა ინფლაციის პროცესი და იგი გაცილებით მაღალია, ვიდრე სტატისტიკურად ჩანს. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა ფასი პირველადი მოხმარების საქონელზე, მედიკამენტებზე, ამას დაემატა აქციზის განაკვეთის ზრდით გამოწვეული ფასების ზრდა. საკრედიტო წნეხმაც მოსახლეობა რთულ ვითარებაში ჩააგდო. როდესაც არ ხდება ხელფასების ინდექსაცია (რაც, წესით, უნდა მიმდინარეობდეს), ინფლაციური პროცესი თავისთავად აუარესებს მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. ამას სპეციალური კვლევაც კი არ სჭირდება, იმდენად ნათელია ყველაფერი. თუ არ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა მეტ-ნაკლებად მოიმატა, ეს მაინც არაფერს ცვლის, რადგან საქართველოში დარჩენილ ადამიანებს არ გააჩნიათ სამსახური. ქვეყანაში არ ვითარდება ეკონომიკა და ბიზნეს სექტორი, აქედან გამომდინარე, რთული არ არის, თავად გამოვიტანოთ დასკვნები”, – აღნიშნა ხომიზურაშვილმა.

ანაზღაურების კუთხით ყველაზე რთული მდგომარეობაა კერძო სექტორში. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელ ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მიზერულ ხელფასზე მუშაობს, საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში ხარჯავს. “კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე იმ ადამიანების ხელფასის მსყიდველუნარიანობა, რომლებსაც წლებია, ხელფასი არ გაზრდიათ, დაქვეითდა. რაც უნდა თქვას ხელისუფლებამ, დოლარი ამოიღეთ ხმარებიდან და ლარზე იყავით ორიენტირებულიო, ასე ვერ იქნება. საბანკო ვალდებულებები, უნდათ თუ არა, პედაგოგებსა და სხვა დასაქმებულებს, რომლებიც მიზერულ ხელფასზე მუშაობენ, თავს მუდმივად ახსენებს. მათ სხვადასხვა სახის საკრედიტო ვალდებულებები აქვთ აღებული ლარში და ეროვნული ვალუტა კი, ბოლო წლებია, საგრძნობლად გაუფასურებულია. პედაგოგებს ხელფასი ცოტათი გაეზარდათ, თუმცა სხვა დანარჩენებს სერიოზული პრობლემა აქვთ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კონკრეტული სპეციალობები, სადაც თვიური ანაზღაურება დაბალია და წლების განმავლობაში არ იზრდება, რამდენიმე წელიწადში მოთხოვნადი აღარ იქნება და ამ სფეროებში კადრების ნაკლებობას უნდა ველოდოთ. ეკონომიკის ექსპერტის, ასოცირებულ პროფესორ პაატა აროშიძის თქმით, თუკი სახელმწიფოს არ სურს რომელიმე სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, მან აუცილებლად უნდა იზრუნოს სახელფასო ბალანსირებაზე. “დღეს მოსახლეობის 10%-ს აქვს მაღალი შემოსავალი და 90%-ს – დაბალი. ეს დისბალანსი, რასაკვირველია, პრობლემას იწვევს. ამ დროს 90% ქმნის ქვეყნის მომავალს, პედაგოგი იქნება ის თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. მათი ანაზღაურება მიზერულია, ინფლაცია კი მაღალია. მეორე პრობლემა, რასაც ვაწყდებით კონკრეტული მიმართულებით არის ის, რომ მომავალი თაობისთვის თუნდაც პედაგოგობა მისაღები პროფესია არ არის. ახალგაზრდა, რომელსაც აქვს შანსი, სხვა სფეროში დასაქმდეს, მას არ აირჩევს პირველად სპეციალობად. სწორედ ეს არის სოციალური პრობლემა. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, რომ 90-იანი წლებიდან მშენებლის პროფესია არავის უნდოდა, რადგან იქ შემოსავალი ძალიან მცირე იყო. შემდეგ მშენებლობის აღმავლობამ გამოიწვია ის, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ასე რომ, თუ არ გვინდა, იმ სფეროში, სადაც წლებია, ხელფასი არ გაზრდილა და მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ, სამომავლოდ კონტინგენტი საერთოდ დავკარგოთ, სახელმწიფომ მათი ხელფასების გონივრულ დაბალანსებაზე უნდა იზრუნოს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” აროშიძემ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.