საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ახალი გაერთიანებაა, თუმცა ხანგრძლივი პროფკავშირული ისტორიით – ბრძოლისა და წარმატებების ისტორიით. ამ ახალი პროფორგანიზაციის წინამორბედი იყო საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და სამშენებლო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.
2014 წლის 24 ივნისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიმართა ამ პროფკავშირის ყრილობა, რომლის 46 დელეგატი წარმოადგენდა 31 პირველად პროფორგანიზაციაში გაერთიანებულ 1563 წევრს. ყრილობამ საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ მარინა კურტანიძე, კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ – სატყეო სექტორის კურატორად გურამ ხურციძე აირჩია. ყრილობამ ასევე აირჩია დამოუკიდებელი პროფკავშირის 9 წევრიანი გამგეობა და სარევიზიო კომისია ნაზი ჩუბინიძის თავმჯდომარეობით.
საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის საქმიანობა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ურთულესი გამოწვევებით იყო დატვირთული. 1992 წლიდან მშენებლობის სფეროში დრამატული ცვლილებები მოხდა. დიდი, საშუალო და მცირე სახელმწიფო სამშენებლო ტრესტები და სამმართველოები სულ რაღაც სამ–ოთხ წელიწადში საერთოდ გაქრნენ, გაქრა მათთან არსებული უზარმაზარი საწარმოო–ტექნიკური ფონდი და მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში სამშენებლო სფეროს ასპარეზზე მრავლად გამოეფინენ სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და სააქციო საზოგადოებები. თუ მე–20 საუკუნის 90–იანი წლების პირველი ნახევარი მშენებლობის პროცესი დაქვეითება–შეწყვეთით არის აღნიშნული, მეორე ნახევარი უკვე გამოცოცხლების პეროდია. მშენებლობაზე „დარაზმულ“ ამ საზოგადოებას ერთი რამ აერთიანებდა – სრული განუკითხაობა, ინჟინერს ვინღა ჩივის „უდიპლომო“ ფსევდო–მშენებლებით იყო გაჯერებული საზოგადოებათა ეს „თანამეგობრობა“.
დადგა „ვარდების რევოლუციის“ ეპოქაც და მშენებლობაში ახალი ეტაპი დაიწყო. დარგი არა უბრალოდ გამოცოცხლდა, არამედ ვეფხვის გიგანტური ნახტომებით იწყო მოძრაობა. მაგრამ დაკვირვებული და კომპეტენტური მოქალაქე ნათლად ხედავდა ეს „ნახტომები“ გარეთ მტერსა და შიგნით მოყვარის თვალის დაბრმავება იყო და სხვა არაფერი. აღარსად იყო მშენებლობისთვის აუცილებელი ტექნიკური ნორმების ერთობლიობაზე კონტროლი, აღარსად იყო კონტროლი მშენებლობაზე და სამშენებლო მასალების წარმოებაში დასაქმებულთა შრომის სამართლებრივ და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე. 2006 წელს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიბერტარიანული „შრომის კოდექსის“ მიღებით საერთოდ გააუქმეს თითქმის ყველა სამართლებრივი რეგულაცია შრომით ურთიერთობებში, შრომის ინსპექცია არარეფორმირებადად გამოაცხადეს და საერთოდ მოსპეს და ამით საქართველო ევროპის ერთადერთ ქვეყნად აქციეს, სადაც არ არსებობდა შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექცია. ამ „რეფორმით“ ისარგებლეს სოციალური პარტნიორობის მიმართ ალერგიულად განწყობილმა დამსაქმებლებმა და დაიქირავეს საკუთარი „შრომის ინსპექტორები“. ამ ფსევდო–ინსპექტორების ერთადერთი დანიშნულება იყო საწარმოო ტრავების დროს შეედგინათ დამსაქმებლისთვის ხელსაყრელი დასკვნა–ოქმები, რათა საწარმოო ტრავმით დაზარალებული დასაქმებული ბლოკირებული ყოფილიყო და მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის გულმოწყალებაზე ყოფილიყო დამოკიდებული.
ასეთ რთულ ვითარებაში, როც ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრაციული ბერკეტებით პროფკავშირული საქმიანობის ხელის შეშლაც ერთვოდა თან, გამბედაობა და მაღალი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონოდა ადამიანს რომ პროფკავშირული ლიდერობა ეტვირთა, ამ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა დამოუკიდებელი პროფკავშირის დღევანდელმა ლიდერმა მარინა კურტანიძემ, როდესაც 2005 წელს პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, ხოლო 2010 წელს კავშირის ყრილობაზე არჩევით თავმჯდომარის მოვალეობის განხორციელებას შეუდგა. საქმიანობის ერთერთი მთავარი სირთულე იყო მოტივაციის საკითხი. ზეპირი ხელშეკრულებებით დასაქმებულები პროფკავშირულ საწევროსაც კი ვერ იხდიდნენ და პროფკავშირმა იზრუნა, რომ დასაქმებულთათვის ეს არა საარგებლო ვითარება შეეცვალა. 2012 წლის ოქტომბრიდან სახელმწიფოში მომხდარმა ცვლილებებმა პროფკავშირული საქმიანობა პროგნოზირებადი გახადა. თუ მანამდე ისეთი ელემენტარული რამ რაც არის კომუნიკაცია პროფკავშირსა და დასაქმებულს შორის სერიოზულად იყო შეფერხებული (სამუშაო ადგილებზე დაცვის კერძო სამსახურები არ უშვებდნენ პროფკავშირის წარმომადგენლებს), ეს პრობლემა მოიხსნა. დამოუკიდებელი პროფკავშირის ლიდერს მარინა კურტანიძეს მაგალითად მოჰყავს „ჰაიდელბერგ ცემენტი ჯორჯია“ და მისი გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი – „თუ წარსულში ამ საწარმოში შესაღწევად ბარიერების მთელი წყება იყო დასაძლევი, დღეს ამ საწარმოს წარმომადგენლებთან ეკა ვაშაკიძესთან და ზაზა სადუნიშვილთან სოციალური დიალოგი მიმდინარეობს. დასაქმებულებს ხელფასი 4%–ით მოემატათ, ზეგანაკვეთური მართალია უნაზღაურდებათ, მაგრამ პროფკავშირი მიიჩნევს რომ იგი უნდა იყოს ხელფასის ნახევარი მაინც, საწარმოში არის ბონუსები მუშაკთათვის, ველოდებით რომ გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულებაც“.
პროფკავშირის მნიშვნელოვან პრობლემას მშენებლობის სფეროში კადრების ძალიან სწრაფი დენადობა წარმოადგენს, თუ ქარხანაში მუშა დროის სტაბილური მონაკვეთს ატარებს, მშენებლობაზე მუშა ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს და სხვით ჩანაცვლდეს და ეს ხელს არ უწყობს პროფკავშირში მათ გაწევრიანებას.
შედარებით დამაიმედებელი ვითარებაა სატყეო სფეროში. აქ პროფკავშირს გაწევრიანების თვალსაზრისით კარგი პერსპექტივა აქვს. ამას განაპირობებს არა მხოლოდ ის რომ აქ კადრების დენადობა არ არის მაღალი, არამედ დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის გურამ ხურციძის აქტიური მუშაობა, მისი უნარი დარაზმოს სატყეო სფეროს მუშაკები პროფკავშირის რიგებში.
საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძე აღნიშნავს: ”ჩვენს კავშირში ბევრი აქტიური პროფლიდერია. ასეთებია – ჩვენი კავშირის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა ჯავახაძე, ქალაქ რუსთავში მოქმედი მეტალოკონსტრუქციების ქარხანის ( შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სარინი“) პირველადი პროფორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ცაგარელი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კანო“–ს შემდუღებელთა პირველადი პროფორგანიზაციის თავმჯდომარე ბექა ლომკაცი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰაიდელბერგ ცემენტი ჯორჯია“–ს მშრომელთა პირველადი პროფორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ გიგილაშვილი, საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს პირველადი პროფკომიტეტის თავმჯდომარე ეთერი რეხვიაშვილი, არიან სხვა აქტივისტებიც ვის შრომაზეც დგას ჩვენი პროფორგანიზაცია.“
საქართველოს მშენებელთა და მეტყევეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი 2014 წლიდან არის მშენებელთა და ხის დამამუშავებელთა ინტერნაციონალის BWI–ს წევრი, კავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძე BWI–ის ქალთა კომიტეტის წევრად არის არჩეული. BWI–ის პრეზიდენტის ამბეტ იუსონისა და გენერალური მდივნის მარიონ ჰელმანის დავალებით ინტერნაციონალის წარმომდგენლები კოენ ვან დერ ვეერი, სიმონ სტრანნარდი, უნგვე დაოსსონი, მიხელი კარტაშევი და მაგომედამირ სადრუდინოვი საქართველოშიც ჩამოვიდნენ და ქართველი მშენებლებისა და მეტყევეების პროფკავშრთან შემდგომი თანამშრომლობის გზები დასახეს.
საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი თავმჯდომარედ მარინა კურტანიძე 2014 წელს მეორე ვადით აირჩიეს და ეს მისდამი პროფკავშირელთა მარალ ნდობას ადასტურებს.
მშენებელთა და მეტყევეთა პროფკავშირი სოციალურ პროგრამებსაც დიდ ყურად– ღებას აქცევს. პროფკავშირი ეწევა უფასო იურიდიული კონსულტაციებს, პროფესიული დახელოვნების ტრენინგების, გამაჯანსაღებელი და კულტმასობრივი ღონისძიებებს. კავშირის მთავარი ღირებულებებია: პროფესიონალიზმი, სოლიდარობა და მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარება, კავშირი დამოუკიდებელია, მაგრამ იგი მზად არის სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობისათვის, რათა წარმატებით დაიცვას მშენებელთა და ტყის მუშაკთა შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებები და ინტერესები.