Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დამსაქმებელთა გაერთიანებები და მათი სოციალური პასუხისმგებლობა

საქართველომ 1992-1995 წლებში სწრაფი დეინდუსტრიალიზაცია განიცადა. ათწლეულების განმავლობაში დიდი შრომით შექმნილი სახელმწიფო, საკოლმეურნეო და კოოპერატიული საწარმოო ფონდები ”უგზო-უკვლოდ აორთქლდა“.

1995 წელს ქვეყანამ შეძლო ეროვნული ფულის – ლარის შემოღება და ამ სიახლემ ქართული ეკონომიკა ნელ-ნელა გამოაცოცხლა. დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ზიგზაგისებურად განვითარება. საკუთრების გადანაწილების პროცესი  პერიოდულად კი კვლავ ხდებოდა, მაგრამ თავად ეკონომიკამ, მართალია ბიუროკრატიული დანაშრევებით, მაგრამ მაინც შეიძინა საბაზრო ხასიათი.  ეკონომიკური პოლიტიკის ღერძად განისაზღვრა საქართველოს ქცევა ლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგიის ფლაგმანად.  2011 წელს მიიღებულ იქნა ორგანული კანონი “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”, თუმც ევროკავშირის განაწყენებისგან თავის დასაცავად შენარჩუნდა 2009 წელს დააფუძნებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. აუცილებლად აღსანიშნავია რომ ამ სამმხრივი კომისიის შექმნა განპირობებული იყო არა იმჟამინდელი მთავრობის სოციალური პარტნიორობისადმი სიმპატიებით, არამედ იმ ფაქტით რომ საქართველოს უკვე ჰქონდა რატიფიცირებული  გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 და # 98 კონვენციები, ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებულის) მთელი რიგი მუხლები და პუნქტები და საქართველო უკვე სარგებლობდა ევროკავშირის პრეფერენციების ზოგადი სისტემის (GSP) ფარგლებში მდგრადი განვითარების და კარგი განვითარების სპეციალური სისტემით (GSP+).

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დღეს არსებობს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” მე-13 თავის საფუძველზე, იგი სათათბირო ორგანოა და ანგარიშვალდებულია მისი თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ- მინისტრის წინაშე. ამ ორგანოში დამსაქმებლებს წარმოადგენს რამდენიმე გაერთიანება. მათგან განსაკუთრებით აქტიურნი არიან დამსაქმებელთა ასოციაცია, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია და ბიზნეს ასოციაცია

2000 წელს დაფუძნებული დამსაქმებელთა ასოციაცია 2004 წელს მსოფლიოს დამსაქმებელთა ორგანიზაციის წევრი გახდა. იგი აერთიანებს ქვეყნის საშუალო ზომის კომპანიების დაახლოებით ორი მესამედს, ცალკეულ მსხვილი და სახელმწიფო კომპანიასაც კი, მაგრამ მასში მცირედ არის წარმოდგენილი მცირე ბიზნესი. დამსაქმებელთა ასოციაციის მონაწილეობას სამმხრივ კომისიაში განპირობებს მისი წევრობა მსოფლიოს დამსაქმებელ ორგანიზაციაში.

საშუალო ზომის ბიზნესი საქართველოში, ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ნაკლებად არის დაინტერესებული სოციალური დიალოგით, რადგან მეტად არის მიდრეკილი არაფორმალური შრომისაკენ და გაურბის კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებებს დასაქმებულებთან, მათი ინტერესების წარმომადგენელ პროფგაერთიანებებთან. საშუალო  ზომის ბიზნესს საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაციისგან ძირითადად აინტერესებს სამართლებრივი კონსულტაციების მიღება, რათა უნებლიედ კანონი არ დაარღვიოს და არ დაეკისროს სანქციები. შრომითი დავების მოწესრიგების გზად კი იგი არაფორმალურ გზას ირჩევს.

გაეროს შესაბამის ორგანიზაციაში წევრობიდან გამომდინარე დამსაქმებელთა ასოციაცია მზადაა განიხილოს სოციალურ პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში ქვეყანაში საპენსიო სისტემის და დასაქმების პოლიტიკის, პროფესიული გადამზადებისა და უმუშევართა დაზღვევის საკითხები.

სოციალურ-ლიბერალურ ღირებულებეზეა ორიენტირებული მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია. იგი გამოხატავს მცირე ბიზნესის იმ წარმომადგენელთა ინტერესებს, ვინც ევროპულ ბაზარზე არიან  ორიენტირებულნი.

2014 წელს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ და დამსაქმებელთა ასოციაციამ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან გააფორმეს სოციალური კონტრაქტი,  რომლის საფუძველზე ივალდებულეს საქართველოში სოციალური დიალოგის გააქტიურება, კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციების ტექნიკური შესაძლებლობლების ზრდა და ურთიერთ შორის რეკომენდაციების გაცვლა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეფორმებში ჩართვა, საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციების ღონისძიებებში თანამონაწილეობა, ქვეყანაში სოციალური პარტნიორული სისტემის განვითარება.

სოციალური პარტნიორობის პრინციპისადმი განსაკუთრებით ინდეფერენტული დამოკიდებულებით გამირჩევა ბიზნეს ასოციაცია.ეს გაერთიანება არის 2009 წელს რეორგანიზებული ბიზნეს ფედერაციის სამართალმემკვიდრე. სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში მისი ყურადღების საგანია ბურჟუაზიის ფისკალურ ინტერესებზე ზრუნვა.ამ ასოციაციაში ძირითადად გაერთიანებული არიან მსხვილი ბიზნეს კომპანიები. 2010 წელს ბიზნეს ასოციაციის ლობირების შედეგად მიიღებულ იქნა მათვის ხელსაყრელი საგადასახადო კოდექსი.  მსხვილ ბიზნესში პროფკავშირული პირველად ორგანიზაციების ჩამოყალიბება და  კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გავრცელება ბიზნეს ასოციაციაში არანაირ ენთუზიაზმს არ იწვევს. ბიზნეს ასოციაცია დასაქმებულებს არ განიხილავს სოციალურ და ეკონომიკურ პარტნიორებად. მისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში შინაარსობრივად შეიზღუდოს სოციალური დიალოგი, პროფკავშირებს შეუმცირდეს მანევრირების სოციალური ველი, თავად დასაქმებას საერთოდაც არ განიხილავენ ეკონომიკური პოლიტიკის ყოვლისმომცველ კონტექსტში და ზედმეტად მიიჩნევენ სახელმწიფოში შრომის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას. ბიზნეს ასოციაცია სტრუქტურულ უმუშევრობას და მთელ რიგ სფეროებში კვალიფიციური კადრების პრობლემას მხოლოდ ბაზრის პრეროგატივად განიხილავს. მისთვის სოციუმის განვითარება განიხილება მხოლოდ ბაზრის სრული დომინირების ფორმით.

საქართველოს შრომით კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი ქვეყანაში არაფორმალური შრომის არეალის შესაზღუდად, მან ვერ შექმნა  ქვეყანაში ისეთი შრომით სტანდარტები და პროფესიული ეთიკა, რომელიც ეფექტური ეკონომიკის სტიმული გახდებოდა.

საქართველოში დამსაქმებელთა გაერთიანებებს შრომისა და სოციალური საკითხებისადმი გარეგნულად ერთიანი, მაგრამ შინაარსობრივად წინააღმდეგობრივი პოზიცია გააჩნიათ. ეს ფაქტი კი ნათლად მეტყველებს რომ ეფექტური ეკონომიკის ფორმირება ვერ მოხდება თუ სოციალური პარტნიორობის პრინციპის განვითარებაში ეს გაერთიანებები არ ჩაერთვებიან. მათ თუ სურთ ეფექტური ეკონომიკა, ხელი უნდა შეუწყონ ქვეყანაში გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების პროცესის აღდგენას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის ქმედითი უფლებამოსილებებით აღჭურვას, სოციალურად პროგრესული შრომის განვითარების კონცეფციის მიღებას. ეს პროცესები საქართველოს სოციალური საბაზრო მეურნეობის ქვეყანად გარდაქმნის. ეს ცვლილება დაამკვიდრებს ქვეყანაში თავისუფალ შრომას და სოციალური უფლებების გარანტიებს, საკუთრებისადმი პატივისცემას და საზოგადოებრივ სარგებლობას, თავისუფალ მეწარმეობას და კეთილსინდისიერ კონკურენციას. დღეს როდესაც საქართველოს პროფკავშირული მოძრაობა სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს სოციალური პარტნიორობის პრინციპით საქართველოს დამსაქმებელთა გაერთიანებებს ესაჭიროებათ ასეთივე სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და სოციალური დიალოგის გაშლა დასაქმებულებთან და მათი სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დამცველ გაერთიანებებთან, ეს გადაუდებელი ამოცანა უნდა გადაწყდეს და ქვეყანა დაცული უნდა იქნეს სრულად არა საჭირო რყევებისაგან. სოციალური პარტნიორობის დამკვიდრება დამსაქმებელთა გაერთიანებების პასუხისმგებლობაც არის.

 

 

დავით არაბიძე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.