საქართველოს, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი, ბერნადეტ სეგოლი სტუმრობს. ევროპის მთავარი პროფკავშირის ლიდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შრომითი კანონმდებლობა წინანდელთან შედარებით ბევრად უკეთესია, თუმცა კიდევ არსებობს პრობლემები, განსაკუთრებით შრომითი კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, ბერნადეტ სეგოლმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აქტიურ საქმიანობას აღმაფრთოვანებელი უწოდა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციას საქართველოში შრომითი უფლებების დაცვისა და ამ მიმართულებით განხორციელებული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ETUC-ი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს პროფკავშირებს, განსაკუთრებით წინა წლებში.
საქართველოში ბერნადეტ სეგოლის უშუალო მასპინძელი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაა, რომელიც ევროპის პროფკავშირების პარტნიორია. საქართველოს პროფკავშირებთან ბერნადეტ სეგოლი კანონმდებლობას და შრომის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობას, სოციალურ და ეკონომიკურ თემებს განიხილავს. ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელის ვიზიტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასა და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სწრაფად შესრულებაში.
”საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასა და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციას შორის მჭიდრო, საქმიანი ურთიეთრობა არსებობს. საქართველოში არის პროფკავშირები, რომელიც იბრძვის მშრომელთა უფლებების დასაცავად და მათი ძალისხმევა ძალიან დასაფასებელი და აღმაფრთოვანებელია. ჩვენ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ. მე აქ ვიმყოფები არამხოლოდ როგორც ევროპის კონფედერაციის გენერალური მდივანი, არამედ უფრო ფართო ჯგუფის, ევროპის ქვეყნების პანევროპული რეგიონული საბჭოს კონფედერაციის 85 ეროვნული პროფკავშირული ცენტრების წარმომადგენელი რომლის გენერალური საბჭოს წევრი ირაკლი პეტრიაშვილიცაა”, – განაცხადა სეგოლიმმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მშრომელთა უფლებების მაქსიმალური დაცვის ვალდებულებაც აიღო. შესაბამისად, ეს ვალდებულებები აუცილებლად უნდა შესრულდეს.
კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ შრომითი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველოში ამ მიმართულებით პრობლემები მაინც რჩება. აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო შრომითი ინსპექცია, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს კანონმდებლობის აღსრულების პროცესს. ”შეიძლება ქვეყანას ძალიან კარგი კანონმდებლობა აქვს, მაგრამ თუ არ შემოწმდა რამდენად სრულდება ეს წესები, მაშინ ცვლილებებს არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ქალთა უფლებების, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალების უფლებების თვალსაზრისით საქართველოში კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ ქალისთვის რთულია სამსახურის პოვნა-შენარჩუნება”, – ამბობს სეგოლი.
ევროპის პროფკავშირის კონფედერაციისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი პროფკავშირის არსებობა საქართველოში. ის რომ, გარკვეული საწარმოს ხელმძღვანელები პროფკავშირებს თვითონ ქმნიან, ეს დასაქმებულების შრომის უფლებებს ვერ გააუმჯობესებს. ”არ შეიძლება პროფკავშირი შეიქმნას ხელისუფლების, ადმინისტრაციის ან კომპანიების მენეჯემენტის მიერ. ასეთი ორგნაზაციები შრომის უფლებებს ვერ დაიცავენ. პრობლემები ამ კუთხითაც არის საქართველოში”, – მიიჩნევს სეგოლი და მაგალითად ”საქართველოს რკინიგზა” და ”საქართველოს ფოსტა” მოჰყავს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ბერნადეტ სეგოლის გამოცდილებისა და რანგის მქონე ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში უბრალოდ არ დადიან. მიდიან იქ, სადაც ხედავენ პერსპექტივას იმისა, რომ ქვეყანას, პროფკავშირებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს განვითარების საშუალება აქვთ. ”იგი დიდი ხანია გენერალური მდივანია, მაგრამ არასოდეს ჩამოსულა საქართველოში. დღეს არის შანსი იმისა, რომ აქ გამოსწორდეს სიტუაცია. ჩვენს პროფკავშირებს სჭირდება არა დეკლარირებული ევროკავშირი, არამედ ის სტანდარტები და ნორმები, რომელიც ევროკავშირშია”, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
ბერნადეტ სეგოლთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პროფკავშირებს მსოფლიოს, მათ შორის ევროპის პროფკავშირულ მოძრაობაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. აქტიურობისა და საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის ქართულმა პროფკავშირებმა საერთაშორისო არენაზე არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვა. ”იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ბევრი ორგანიზაცია ვერაფერს გააკეთებდა. ამ ქვეყანაში ძალიან მძიმე რეჟიმს გავუძელით. ბოლომდე სახარბიელო მდგმომარეობა არ არის, მაგრამ უკეთესობის შექმნის შანსი არის. შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება ერთია, მეორეა – მისი აღსრულება. ამ მეორე ეტაპს საქართველოს მოქალაქეები დიდი ხანია ველოდებით”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
დაბოლოს, ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ წრეებში ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია დიდი გავლენით სარგებლობს, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის საბჭოსთან და კომისიასთან, ისევე როგორც ევროპარლამენტთან და აქვს საკონსულტაციო სტატუსი ევროკავშირის მართვის ამ უმაღლეს ორგანოებში.
შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებისთვის, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ამ ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.