Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ევროპული სოციალური და შრომითი სტანდარტებიდა საქართველოს რეალობა

    შრომის უფლებას ადამიანის უფლებების სფეროში ანსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ადამიანი მხოლოდ შრომით ახდენს თავისი შემოქმედებითი ნიჭისა, ცოდნისა და უნარების ნაყოფიერ გამოხატვას.

გლობალიზაციამ საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად მეტწილად უცხოური კაპიტალის იმპორტზე დამოკიდებული გახადა. უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულების ამ რეალობამ ადგილობრივი შრომითი რესურსების დაცვის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.  სოციალური,  შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვა საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების საკვანძო საკითხი გახდა, რადგან მასში გადაიჯაჭვა ადამიანური ფაქტორის რეგულირების ყველა საკითხი – ადამიანების მართვის, დაცვის ან დათრგუნვის, უზრუნველყოფის ან გაძარცვის, მობილიზაციის ან დეზორგანიზაციის, უკეთესი მომავლისკენ ან პირიქით, დაცემისკენ წაყვანის მექანიზმები.

საქართველომ უკვე აქვს ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირებაც კი მოახდინა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა სხვა სახელმწიფომ, მაგრამ სოციალური სტანდარტები და შრომა საქართველოში ნამდვილად არ არის ევროპული.

თითქმის ექვს წლის განმავლობაში გაჭიანურების შემდეგ, 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა ევროპის სოციალური ქარტიის ზოგიერთი მუხლისა და პუნქტის რატიფიცირება განახორციელა, მაგრამ ამის შემდეგ ეს პროცესი დამუხრუჭდა იმდენად რომ საქართველოში  შემდგომი ათწლეულის განმავლობაში არც კი  იგრძნობოდა სვლა ევროპული  სოციალური და შრომითი სტანდარტებისკენ.

საქართველოს პარლამენტმა ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად უნდა მოახდინოს ევროპის სოციალური ქარტიის ისეთი დებულებების რატიფიცირება, როგორიც არიან უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები, პროფესიული ორიენტაცია, ოჯახის სოციალური, იურიდიული და  ეკონომიკური დაცვა, ხანდაზმულთა სოციალური დაცვა, დაცვა დასაქმების შეწყვეტისას, დამსაქმებლის გაკოტრებისას მუშაკთა მოთხოვნების შესრულება, შრომით დაწესებულებებში მუშაკთა წარმომადგენლების მიერ დაცვის განხორციელება და მათთვის მინიჭებული შეღავათები, უფლება საცხოვრებელ ადგილზე. განგაშს იწვევს ის ფაქტი რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ არაა რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტიის ისეთი მუხლები, როგორიც არის: მუხლი 8 – ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა დაცვის უფლება, მისი პირველი პუნქტი, რის გამოც დღეს ბავშვის დაბადების დროს დროს დასაქმებულ ქალბატონების ანაზღაურებადი შვებულება 183 დღე გრძელდება არა 196 დღე.

საქართველოს პარლამენტის მიერ ასევე არაა რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტიის მე-17-ე მუხლის ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და  ეკონომიკური დაცვის უფლება. პუნქტი 2. ბავშვებისა და ახალგაზრდების უზრუნველყოფა უფასო დაწყებითი და საშუალო განათლებით, ასევე მათ მიერ სასკოლო მეცადინეობების რეგულარული დასწრება.

ქვეყანაში დემპინგური სოციალური და შრომითი სტანდარტების პირობებში საქართველოს გზა ხსნილი აქვს არაფორმალურ შრომისკენ,ბიუროკრატიული ვოლუნტარიზმისკენ და დამსაქმებლის სუბიექტივიზმისკენ, დასაქმებულთა მოგებისაგან იზოლაციისკენ და უმუშევართა საკუთრების გარეშე დარჩენისკენ – ეს ყველაფერი კი ნამდვილად არ არის ის ევროპისთვის მისაღები ღირებულებები და რეალობები.

გლობალიზაციის პირობებში უცხოურ კაპიტალს ნამდვილად ესაჭიროება სტიმული რომ ინვესტიციები პირველ რიგში განახორციელოს ჩვენი ქვეყნის ადამიანურ ფაქტორში, ამისთვის კი ჰაერივით  აუცილებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპის სოციალური ქარტიის სრულად რატიფიცირება. თუ ეს პროცესი კვლავ ასე ხელოვნურად იქნება დამუხრუჭებული, საქართველოს შრომის ბაზარის პოლარიზაცია რადიკალურად გაიზრდება. დემპინგური სოციალური და შრომითი სტანდარტები ადგილობრივ შრომის ბაზარზე  მუშაკებს აიძულებს რა მიზერული შრომის ანაზღაურების იმედად ყოფნას, ეს გამოიწვევს ადგილობრივ მუშაკთა მასობრივ დეკვალიფიკაციას, მათი პროფესიული ცოდნისა და  უნარების შეუქცევად დაქვეითებას. ეს ორგანიზებული და  კონცენტრირებული სოციალური ძალადობა ნამდვილად გახდება ის დამაბრკოლებელი ბარიერი, რომელიც საქართველოს შეაფერხებს ეროპისკენ მიმავალ გზაზე.  დეკლარაციული განცხადებებიდან დროა ქვეყანა რალურად  გადავიდეს ევროპულ სოციალური და შრომითი სტანდარტებზე, რადგან მხოლოდ ეს ცვლილება არის  ევროპული მიმართულებით საქართველოს სვლის მყარი გარანტია. ამ ცვლილებებით – ევროპული სტანდარტების ამოქმედებით  სოციალური პასუხისმგებლობა, დიალოგი და პარტნიორობის ჩვენს ქვეყანაში ნორმად დამკვიდრება.

დავით  არაბიძე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.