ავეჯის სალონ “ემბავუდიდან“ დათხოვილი თანამშრომლები კომპანიაში არსებულ კანონდარღვევებზე საურობენ და აცხადებენ, რომ სამსახურიდან კონტრაქტის დარღვევითა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
დაზარალებულების ადვოკატის ნონა საღარეიშვილის განცხადებით, “ემბავუდში“ არაადამიანური სიტუაციაა და იქ თანამშრომლებს კანონდარღვევით ეპყრობიან. ყველაფერთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთება. ახალი წლის წინა პერიოდში თანამშრომლების უპრეცედენტო რაოდენობას იღებენ, რადგან ამ პერიოდში გაყიდვები პიკს აღწევს, მოგვიანებით კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურებიდან ათავისუფლებენ.
კომპანიის გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომელის დავით ჯაბიევის განცხადებით, ის 31 დეკემბერს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ 14 იანვრამდე ამუშავეს, შემდეგ კი განუცხადეს, რომ შემცირებაში მოჰყვა და “ემბავუდის“ თანამშრომელი აღარ იყო.
“მოვითხოვეთ ძველი კონტრაქტი და მოგვიტანეს კონტრაქტი, რომელიც სრულებით განსხვავებული იყო, ამოღებული იყო გარკვეული მუხლები და არ შეესაბამებოდა იმ პირობებს, რაზეც ჩვენ თავდაპირველად ხელი მოვაწერეთ. რაც შეეხება სამუშაო გარემოს, არაადამიანური გარემოა, გაუსაძლისი პირობებით“, – აღნიშნავს დავით ჯაბიევი.
“ემბავუდის“ თანამშრომელებს მხარდაჭერა საქართველოს პროფკავშირმა გამოუცხადა. თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდუვიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მირანდა მანდარია დამსაქმებლის მიერ შრომის კოდექსის დარღვევაზე საუბრობს და იმ მძიმე სამუშაო პირობებზე აკეთებს აქცენტს, რაშიც “ემბავუდის“ თანამშრომლებს უწევდათ მუშაობა. მირანდა მანდარია იმედოვნებს, რომ დასაქმებულთა სამსახურში აღდგენა დამსაქმებელთან მოლაპარაკებებისა თუ სასამართლოს გზით მაინც მოხდება და დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულებზე ზეწოლაც აღარ განხორციელდება.