Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ვინ უშლის ხელს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას?

საქართველოში უცხოელების დასაქმება, შესაძლოა, აღარ შეიზღუდოს. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტიდან ის მუხლი, რომელიც არარეზიდენტი მოქალაქის დასაქმების დამაბრკოლებელ ფაქტორად ითვლება, საერთოდ გაქრება. სპეციალისტების შეფასებით, თუ შრომითი მიგრაციის კანონპროექტიდან ამ მუხლის ამოღება მოხდა, მიზანი რისთვისაც ეს პროექტი შეიქმნა, მიუღწეველი დარჩება.

არასამთავრობო და კერძო სექტორმა თავისი გაიტანა. მთავრობამ, შესაძლოა, უცხოელების თავისუფლად დასაქმების შეზღუდვაზე საერთოდ უარი თქვას. საქმე ეხება `შრომითი მიგრაციის შესახებ~ კანონპროექტის მეოთხე თავს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე მყოფ დამსაქმებლებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელის ნებართვის 90-ზე მეტი დღით შემოყვანისა და დასაქმების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ თუ დამსაქმებელი შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალს ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოიძიებს.

კანონპროექტზე დისკუსია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განხილვა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კომიტეტს არ მიუღია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის განხილვა გაგრძელდება და შესაბამისად, პარლამენტართა გადაწყვეტილებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საერთოდ, საქართველოში დასაქმებული უცხოელების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. კანონის არარსებობის გამო, არარეზიდენტი მუშახელის აღრიცხვას ამ დრომდე არც ერთი სახელმწიფო უწყება არ აწარმოებს. ცნობილია მხოლოდ ბოლო 5 თვის მონაცემი და ისიც ქვეყანაში არსებულ სრულ სურათს არ ასახავს. სამოქალაქო რეესტრის დეპატრამენტის მონაცემებით, სექტემბრიდან დღემდე შრომითი ბინადრობის ნებართვა 4342 უცხოელს მიენიჭა.

საქართველოში დასაქმებული უცხოელების რაოდენობა რომ ცოტა არ არის, ამაზე არაპირდაპირ არარეზიდენტი მოქალაქეების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობაც მეტყველებს.  შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-დეკემბერში არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადმა 4 986 696.8 ლარი შეადგინა, 2015 წლის იანვარში კი – 282 429.3 ლარი.

ბოლო ათწლეულში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, პრაქტიკულად, იგივე დონეზე რჩება. თუ 2003 წელს

დაქირავებული იყო 618,5 ათასი ადამიანი, 2013 წელს ეს ციფრი უმნიშნვნელოდ გაიზარდა და 658,2 ათასს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი დაქირავებით დასაქმებული 1998 წელს დაფიქსირდა, მაშინ ქვეყანაში სულ 724, ათასი ადამიანი მუშაობდა. მას შემდეგ დასაქმებულთა მაჩვენებელი 700 ათასს არ ასცდენია.

რაც შეეხება ისევ უცხოელებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო 5 თვეში შრომითი ბინადრობის ნებართვა 4342 უცხოელს მიენიჭა.  ექსპერტების აზრით, საქართველოში ამ ტემპით უცხოელი მუშახელის შემოდინება დამაფიქრებელია და ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არცთუ სახარბიელო შედეგის წინაშე დავდგებით.

პროფკავშირების იურისტი რაისა ლიპარტელიანი კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტიდან ამ მეოთხე მუხლის ამოღება მოხდა, მაშინ მიზანი რისთვისაც ეს კანონპროექტი შეიქმნა, საბოლოოდ მიუღწეველი დარჩება.

”რეალურად, ამ კანონპროექტის მიზანი ისაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადგიდობრივი მუშახელის დასაქმებას. თუ მეოთხე მუხლის კანონპროექტიდან ამოღება მოხდება, მიზანი მიუღწეველი დარჩება. გვექნება ისეთივე სიტუაცია, როგორიც დღესაა – ქვეყანაში შემოდის გარკვეული ინვესტიციები, მაგრამ ეს ხელს არ უწყობს ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას, რადგან ინვესტორებს საკუთარი მოქალაქეები ჩამოჰყავთ სამუშაოდ.

მეოთხე მუხლი არის იმის გარანტია, რომ რაღაცნაირად საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან. თუ ეს შეზღუდვა არ იარსებებს, მაშინ კანონპროექტის მიზანი გაუგებარია” – განუცხადა “რეზონანსს” ლიპარტელიანმა.

საქართველო არ არის გამონაკლისი და უცხოელის დასაქმებასთან დაკავშირებით გარკვეული შემზღუდავი ბარიერები ყველა ქვეყანაში არსებობს.

”ჩვენთან აბსოლუტურად დერეგულირებულია ეს სიტაცია. უამრავია კომპანია, სადაც მთლიანად უცხოელები მუშაობენ. იმას, რასაც ისინი აკეთებენ, საქართველოს მოქალაქეეც გააკეთებს, საუბარია რიგით მუშახელზე.

ინვესტიციების შემოსვლის მიზანი ხომ ისაა, რომ ადამიანები დასაქმდნენ, უმუშევრობა შემცირდეს და შესაბამისად, დაიკლოს სიღარიბის დონემაც, რათა ქვეყანაში წინსვლა იყოს. თუ ეს არ მოხდება, გვექნება ისეთი ინვესტიციები, საიდანაც მოგებას მხოლოდ უცხოელი ნახავს. რა თქმა უნდა, ეს არც ქვეყნია და არც საქართველოს მოქალაქეებისთვის კარგი არ იქნება” – დასძინა ლიპარტელიანმა.mshenebloba

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.