Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ვიტალი გიორგაძე – ჩვენი პროფკავშირი რკინიგზის ადმინისტრაციას კანონის ენით ესაუბრება

2013 წლის ნოემბერში საქართველოს რკინიგზის მუშაკთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა, წლების განმავლობაში ორგანიზაციაში დამკვიდრებული სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების გამო, ფართომაშტაბიანი გაფიცვა მოაწყო. ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურება, შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატი და პრემიალური სისტემა,  ეს იმ მოთხოვნათა ჩამონათვალია, რომელთა შესრულებასაც  გაფიცული რკინიგზის თანამშრომლები მოითხოვდნენ.  2013 წლის 14 ნოემბერს  რკინიგზის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის შეხვედრა შედგა.  6 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მთავარი სამი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამის დასტურად მხარეებს შორის ოქმიც გაფორმდა, თუმცა დღემდე შეუსრულებლად რჩება ოქმის მნიშვნელოვანი ნაწილები. ამ და სხვა საკითხებზე უფრო ვრცლად საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს ვიტალი გიორგაძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ვიტალი, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რკინიგზის ადმინისტრაციასთან? თანამშრომლობის რა ეტაპზე იმყოფებით?

ამ ეტაპზე ვთვლი, რომ საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურებაზე უარს აცხადებენ თუმცა ჩვენი პროფკავშირი ადმინისტრაციას კანონის ენით ესაუბრება  და მოუწევთ ოქმში ჩაწერილი მოთხოვნების შესრულება. ჩვენ მოვითხოვეთ ახალი სახელფასო ბადის შექმნას, რომელზედაც ორივე მხარეს უნდა გვემუშავა. სამწუხაროდ ადმინისტრაციამ კვლავ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე, ცალმხრივად შეიმუშავა პროექტი, რაზეც ჩვენ მხოლოდ ხელის მოწერა გვევალებოდა. ახალი პროფკავშირის მთავარი მოთხოვნა, რასაც ახალი სახელფასო ბადის შექმნა ემსახურებოდა, სოციალური პირობების გაუმჯობესება იყო. მათ მიერ შემოთავაზებული ბადის მიხედვით რკინიგზის თანამშრომლების 50 %-ს ხელფასი აკლდებოდა, 30 %-ს იგივე რჩებოდა და 20 %-ს კი ემატებოდა. ეს ხდებოდა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლები აკმაყოფილებდნენ. რათქმაუნდა ამ პროექტზე უარი განვაცხადეთ, რის შემდეგაც  ჩვენ შორის შედგა შეხვედრა და კიდევ ერთი ოქმი შევადგინეთ. ეხლა ამ ოქმზე ხელის მოწერას ველით. ვფიქრობთ, ნელ-ნელა ხვდებიან, მართალია ახალი ორგანიზაცია ვართ, მაგრამ სერიაზულ ძალას წარმოვადგენთ.

რამდენად მოახდინა გავლენა თქვენ საქმიანობაზე ქვეყნის ხელისუფლების ცვლამ ?

წინა ხელისუფლების პერიოდიდან მოყოლებული ვიბრძვით. მართალია მაშინ ძველი პროფკავშირის შემადგენლობაში ვიყავით, მაგრამ ვიბრძოდით ჩვენი უფლებებისთვის. 2012 წლის აგვისტოში გვქონდა პირველი გაფიცვა, რის შემდეგაც რკინიგზელებს 100 ლარით მოემატათ ხელფასი და 50 ლარიც კვებიც ფული დაემატათ. როდესაც სხვა რკინიგზელებმა დაინახეს ამ ქმედებას რეალური შედეგი მოჰყვა, 2012 წლის ოქტომბერში სრულმაშტაბიანი გაფიცვა მოეწყო. დღეს ვინც ახალ პროფკავშირში მთავარ ბირთვს წარმოადგენს, სწორედ მათი გაკეთებულია ეს ყველაფერი. რკინიგზელების პრობლემის მოსაგვარებლად ახალმა ხელისუფლებამ 28 მილიონი ლარი გამოყო. სამწუხაროდ ამ თანხის დიდი ნაწილი სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ახალი დეპარტამენტები შექმნეს, ახალი უფროსები დაამატეს და შესაბამისად პრობლემა პრობლემად დარჩა. 2013 წლის 16 ივნისს კი ჩვენი ორგანიზაციაა ჩამოყალიბდა და უკვე ჩვენ თავზე ავიღეთ ვალდებულება დავიცვათ რკინიგზელების უფლებები.

როგორც ცნობილია საქართველოს რკინიგზაში ორი პროფკავშირი არსებობს. რას ეტყოდით რკინიგზელებს, რატომ უნდა გაწევრიანდნენ თქვენს და არა ე.წ. ძველ პროფკავშირში?

შექმნას ან შევიდეს პროფკავშირში – ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გამტკიცებულია ეროვნული კანონით, მრავალი ქვეყნის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმით. თუ მათ  სურთ დემოკრატიული ორგანიზაციის წევრები იყვნენ უნდა გაწევრიანდნენ ახალ პროფკავშირში. ჩვენი ორგანიზაციის გამგეობაში 24 ადამიანია , 24-ვე უშვალოდ რკინიგზელია და ძალიან კარგად იციან რა პრობლემები აქვთ. ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების პირველი და ძირეული მიზეზი ისაა, რომ პროფკავშირი უნდა გამოხატავდეს დასაქმებულების ინტერესებს და არა ხელმძღვანელობის ან  რკინიგზის მაღალი თანამდებობის პირების ნება-სურვილს.
პირადად მე  რკინიგზელთა ძველ პროფკავშირში ორი წელი ვიმუშავე. ძალიან დიდი ენერგია და შრომა ჩავდე, რომ ეს ორგანიზაცია ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული გამეხადა. მიწევდა თითოეულ რკინიგზელთან  მისვლა და მათთვის პროფკავშირის როლის, ფუნქციის სწორი კუთხით ჩვენება და პროფკავშირული რწმენის ჩანერგვა. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენს გუნდს წარმატებით გამოუვიდა და ყველაზე ნიჰილისტურდ განწყობილ რკინიგზელსაც კი გაუჩნდა იმედი, რომ ექნებოდა ღირსეული პროფკავშირი. ჩვენ კანონის ენით ვესაუბრებით ყველას და ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ უნდა გაწევრიანდნენ ჩვენ ორგანიზაციაში. რკინიგზელებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ისეთი პროფკავშირი, რომელიც იქნება მათი უფლებების დამცველი და რომელიც მათგანვე იქნება მართული. რკინგზელთა ახალი პროფკავშირი სწორედ ასეთი გუნდისგან შედგება.

რკინიგზელების ყოფა საკმაოდ მძიმეა. რას აკეთებთ და შემდგომში რას გააკეთებს თქვენი ორგანიზაცია სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად?

თითქმის ერთი წელია, რაც ახალი პროფკავშირი არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ბევრი ცვლილება გავატარეთ. თუნდაც მავნე პირობებში მომუშავე ადამიანებისათვის 10 დღიანი დანამატი ავიღოთ. მოლაპარაკებები გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, საპარტნიორო ფონდთან და რკინიგზის ხელმძღვანელობასთან. ამ მოლაპარაკებების შედეგად, რკინიგზის სახელფასო ფონდი 25%–ით გაიზარდა. აგრეთვე მოგვარდა ორგანიზაციაში არსებული გარკვეული პრობლემებიც, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია და მოითხოვს კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას, რაც ჩვენს გუნდს ნამდვილად შეუძლია.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების წევრია. გაერთიანებასთან თანამშრომლობამ რა როლი ითამაშა  თქვენ  საქმიანობაზე?

2013  წლის ივნისში ჩატარდა სადამფუძნებლო ყრილობა, რომელსაც  მთელი ქვეყნის მაშტაბით წარმოდგენილი რკინიგზელი დელეგატები ესწრებოდნენ. ყრილობაზე განიხილეს ჩვენი საჩივარი, ძველი პროფკავშირის დარღვევების შესახებ. იგი მთლიანად რკინიგზის ადმინისტრაციის დანამატია, მათგან კონტროლდება და გამგეობის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეადგენენ. ესაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ძველი პროფკავშირი გარიცხეს  გაერთიანებული პროფკავშირებიდან და მიგვიღეს ჩვენ. უსამართლოდ არ ვეხებით არავის. მივდივართ ჩვენი გზით და ვაკეთებთ იმას, რაც რკინიგზელებს სწორად მიაჩნიათ და ასე მოვიქცევით მომავალშიც. ეს რკინიგზელების არჩევანია და ამ არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს. ბევრჯერ მიგვიმართავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთანებისათვის დახმარებისათვის, სოლიდარობისა და სწავლებებისთვის. მადლობა მათ თანადგომისათვის.

გამოსვლებში ხშირად ამბობთ, რომ თქვენი ორგანიზაცია ევროპული განვითარების გზას ადგას. იქნებ განმარტოთ რაში გამოიხატება ევროპულობა?

პოსტ საბჭოთა სივრცეში, როცა პროფკავშირები დაფუძნდებოდა და მოძლიერდებოდა ფინანსურად იქმნებოდა საფრთხე მათი „გაყვითლების“. ანუ პირადი კეთილდღეობის გამო თვალს ხუჭავდნენ არსებულ პრობლემებზე. ჩვენ წევრებზე, ე.წ. ძველი პროფკავშირის რიგებიდან,  გადაბირების მიზნით მუდმივად ხდება ზეწოლა. თუმცა ამ ყველაფერს გავუძელით. მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების და ამაზე საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC) გენერალური მდივნის შარონ ბაროუს განცხადებაც მოწმობს, რომელმაც გაფიცვის დროს სრული მხადრაჭერა გამოგვიცხადა და რკინიგზის მუშებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენ ასევე გვერდში გვიდგას ამერიკის, გერმანიის, პოლონეთისა და ჰოლანდიის პროფკავშირები, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველს ყველა დარგის პროფკავშირი. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ჩვენ, რკინიგზელები, მზად ვართ ამ გამოწვევისათვის.

და ბოლოს, რას ეტყვით იმ რკინიგზელებს, რომლებიც ეხლა თქვენ ინტერვიუს კითხულობენ?

საკუთარ თავს არ აკადრონ ის, რაც არ უნდათ,  რომ აკადრონ მათ სხვებმა. ვერავითარი ზეწოლა და დაშინება ვერ შეაცვლევინებს ადამიანს თავის არჩევანს. თუ ის აკადრებს  თავს, რომ ვინმემ რამე უბრძანოს მაშინ პრეტენზია არ უნდა ქონდეს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების და ნორმალურ პროფკავშირის წევრობის.1520794_747314725297174_1653674992_n

 სტატია გამოქვეყნდა გაზეთში “ჩქარი მატარებელი” (N1)

 

 

 

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.