მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ, მოდავე მხარეებისთვის გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომელიც ორთვიანი განხილვების შედეგად იქნა გამოტანილი.
როგორც ცნობილია, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, შპს “ჯორჯიან მანგანეზი’’-ს ადმინისტრაციას 2013 წლის 31 მაისს, ათდღიანი გაფიცვის შედეგად გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პუნქტის შეუსრულებლობას ედავებოდა.
მოსამართლემ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი 4 მოთხოვნიდან, შემდეგი სამი მოთხოვნა დააკმაყოფილა: სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურება მოხდება კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად, ანუ საათობრივი ტარიფის ერთნახევარი ოდენობით, კუთვნილი, ანაზღაურებადი შვებულების დღეთა რაოდენობა დარჩება კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად, ანუ 30 სამუშაო დღე, გაუქმდა არაანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შესახებ ბრძანება, რომელიც დამატებით შეზღუდვებს აწესებდა, უნდა შეიქმნას დავების განმხილველი კომისია.
რაც შეეხება კოლექტიური ხელშეკრულების დადებიდან დღემდე სადღესასწაულო დღეებში შესრულებული სამუშაოს არანაზღაურების გამო დაკლებული თანხებისა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო დანამატის გადახდასთან დაკავშირებული მოთხოვნა, მოსამართლის აზრით არადასაბუთებულია, შესაბამისად ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.