ცხელი ზაფხული საგზაო ინფრასტრუქუტრის მშენებლობისთვის მართლაც რომ ცხელი აღმოჩნდა. 10 ივლისს, თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. სიტუაცია მალევე განიმუხტა, მაგრამ დროებით.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცვას დილიდანვე შეუდგნენ. აქციის მონაწილეები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის“ ადმინისტრაცია მათ მონურ პირობებში, მიზერულ ხელფასებზე ამუშავებს.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასი 450 ლარია, მაგრამ ხელზე 300 ლარზე ნაკლებს იღებენ. ადგილზე ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არ არსებობს, არ აქვთ სასადილო, ზეგანაკვეთურ ნამუშევარს კი არ უნაზღაურებენ.
მუშებს სოლიდარობა საქართველოს ტრანსპორტისა და გზის მუშაკთა პროფკავშირმა გამოუცხადა. პროფკავშირის პრეზიდენტი, ლავრენტი ალანია აცხადებს, რომ მუშების მოთხოვნა სამართლიანია და პროფკავშირი დასაქმებულებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.
გაფიცული მუშების მოთხოვნებს ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ჯიქია გაეცნენ. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გამართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და კომპანიის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაფიცული მუშების მოთხოვნებს კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის“ ადმინისტრაცია ერთ კვირაში დააკმაყოფილებს. გაფიცვა კი შეწყდა, მაგრამ მუშებმა პირობა დადეს, რომ თუ ერთ კვირაში არ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და არ გაიზრდება ანაზღაურება, ისევ გაიფიცებიან.
ჯერჯერობით მაგისტრალის მშენებლობა განახლდა, მაგრამ რამდენი ხნით მოხერხდა ვითარების განმუხტვა, ძნელი სათქმელია.