მშრომელთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 1 მაისს აღინიშნება. პროფკავშირები ამ დღეს თითქმის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ. ამ ტრადიციას სათავე მე–19–ე საუკუნის 80–იან წლებში, ჩიკაგოში მშრომელების აქციის დარბევის შემდეგ ჩაეყარა.
მშრომელთა დღე აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში. ეს დღე დაარსდა 8 საათიანი სამუშაო დღისთვის ბრძოლის დროს. 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნის მოძრაობა სწრაფად იზრდებოდა, რადგან მუშებს აიძულებდნენ დღეში 10, 12 და 14 საათი ემუშავათ. 1986 წლის მაისის პირველი დღეებში აღინიშნა გაფიცვები და დემონსტრაციები აშშ-ს მასშტაბით. მაისის აღნიშვნა სწრაფად გახდა ყოველწლიური მოვლენა. მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ქვეყნები აღნიშნავდნენ 1 მაისს.
საქართველოში პირველი მაისი ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა და ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი ათწლეულების მანძილზე პროფესიული კავშირები გახლდათ. თუმცა, საბჭოთა კავშირის ეპოქაში (როდესაც სახელმწიფო თითქმის ყველა სფეროზე ტოტალურ კონტროლს ახორციელებდა) პირველი მაისი რიგითი საზეიმო თარიღი იყო და არავინ საუბრობდა შრომის პირობების გაუმჯობესებაზე და იმ მრავალ პრობლემაზე, რაც დასაქმებულებს აწუხებდათ და სამწუხაროდ დღესაც აწუხებთ.
ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს პროფკავშირები პირველი მაისის დღეს რა თქმა უნდა კვლავ მასშტაბურად აღნიშნავს, მაგრამ მსოფლიოს მრავალი პროფკავშირის მსგავსად, აქცენტი პრობლემებზე კეთდება. საქართველოს პროფესიული კავშირები წლების მანძილზე აპროტესტებდნენ 2006 წელს მიღებულ შრომის კოდექსს, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის – დამსაქმებულთა უფლებებს იცავდა და დასაქმებულები ამ კოდექსის მიხედვით ფაქტობრივად უუფლებონი რჩებოდნენ.
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პროფკავშირის დიდი დამსახურებაა ის, რომ ახალ ხელისუფლებასთან ერთად დაიწყო მუშობა ახალი შრომის კოდექსის პროექტზე და პროფკავშირის შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებულ იქნა. თუმცა, ახალ შრომის კოდექსშიც არსებობს მუხლები, რომელთა მიმართაც პროფკავშირების გაერთიანებას შენიშვნები კვლავინდებურად აქვს.
2013 წლის პირველი მაისის ღონისძიება, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის ძველ შენობასთან გაიმართა, ერთგვარად თეატრალური ხასიათისა იყო და ძველი შრომის კოდექსის სიმბოლურად დაწვას ითვალისწინებდა.
მშრომელთა დღესთან ერთად პარლამენტის შენობის წინ ძველი “შრომის კოდექსის” სამოქალაქო პანაშვიდიც შედგა, რომელიც მუსიკალურადაც სათანადოდ იყო გაფორმებული. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ძველი “შრომის კოდექსი” იყოს ის, რაც საქართველოს ევროპისგან აშორებდა.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განაცხადებით, წინა ხელისუფლების მიერ შემუშავებული, ჯერ კიდევ მოქმედი შრომის კოდექსი არის მონათმფლობელური. მისივე თქმით, ის მიესალმება ახალ შრომის კოდექსს.
ამასთან, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, პირველი მაისი არის დღე, როდესაც თითოეული დასაქმებული უნდა გამოვიდეს და დააყენოს ის პრობლემები, რომლებიც მას აწუხებს და ითხოვდეს მათ მოგვარებას.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში პროფკავშირული მოძრაობები არ ყოფილიყო და ეს დღეც არ აღნიშნულიყო. პირველი მაისის აქციას ამერიკის, ფინეთის და გერმანიის პროფკავშირების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საპირველმაისო დემონსტრაციას წელს სტუდენტური მოძრაობაც შეუერთდა. ახალგაზრდებმა სტუდენტების უფლებებზე და სოციალურ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღებას.
როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული აქცია თეატრალიზებული ელმენტებით იყო გაჯერებული და პროფკავშირელებმა სიმბოლურად შრომის კოდექსის დააწვა (კრემაცია) განასახიერეს. მსვლელობა საქართველოს ძველი პარლამენტის შენობიდან დაიწყო და მტკვრის სანაპიროზე დასრულდა, სადაც ძველი შრომის კოდექსის კრემაცია განხორციელდა.
პროფკავშირელებმა დაუფარავი სიხარულითა და დიდი ოვაციებით აღნიშნეს ძველი შრომის კოდექსის სიმბოლური განადგურება. შრომის კოდექსისა, რომელმაც მათ მრავალი პრობლემა და ცრემლი მოუტანა. შრომის კოდექსისა, რომლის გამოისობით დასაქმებულ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში მონურ შრომას აიძულებდნენ. ძველი შრომის კოდექსის დამწვარი ნაშთი მტკვარმა წაიღო და ყველას გაუჩნდა იმედი, რომ მათი პრობლემებიც ასე გაჰყვება მდინარეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მრავალი უბედურება უნახავს და ახსოვს.
გამართლდება თუ არა დასაქმებულების იმედები და მოლოდინები, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ერთი კია – 2013 წლის პირველი მაისი, ბოლო წლებს შორის უდავოდ გამორჩეული დღე იყო. ერთად შეკრებილ პროფკაშირელებს დარბევისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის ნაკლები შიში ჰქონდათ. ეს კი ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს…