Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი: “დასაქმების მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა”

ახალი წლიდან მოყოლებული სამსახურის გარეშე ბევრი ადამიანი დარჩა. სტატისტიკაც ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ პრობლემა რეალურად არსებობს, რასაც სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანები ადასტურებენ. ყველაზე მეტად სამუშაო ადგილების შემცირება სადისტრიბუციო კომპანიებში შეიმჩნევა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა კერძო სექტორში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს უმუშევრობის დონე 15%-ს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს ეს მაჩვენებელი 14,6%-ით განისაზღვრა. ბიზნესსექტორში 2013 წელს დაახლოებით 16 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ 2014 წლის პირველ კვარტალში 55 000 დასაქმებულ ადამიანზე მეტმა დაკარგა სამსახური, მეორე კვარტალში კი დამატებით 12 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საბოლოოდ კი, დღევანდელი ვითარებით 2012 წელთან შედარებით დახალოებით 27 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეს სტატისტიკა დასტურია, რომ უმუშევრობის პრობლემის დაძლევა მთავრობამ ჯერ ვერ მოახერხა.

პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დასაქმების მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა და “სტაბილურად მძიმე” რჩება. პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი მიზეზად ეკონომიკურ პროცესებს მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება, თუ მომავალშიც გაგრძელდება, დასაქმების სექტორში გაცილებით მეტ პრობლემას გამოიწვევს.

“რეალურად სამუშაო ადგილები არ იქმნება, ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ არის, თუმცა ბოლო დროს სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანებს ჩვენთვის არ მოუმართავთ. ამიტომ უცნობია ბოლო პერიოდში რამდენად გაუარესდა მდგომარეობა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, კერძო კომპანიებში არსებული მდგომარეობა ვერ იქნება სახარბიელო, მით უფრო სადისტრიბუციო ქსელებში, სადაც იმპორტის შემცირება ნეგატიურ შედეგს აუცილებლად მოიტანს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წარმომადგენელი ამ სექტორში არ გვყავს, სადისტრიბუციო კომპანიებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. ზოგადად დასაქმების მხრივ ცუდი სიტუაციაა. სამედიცინო ტერმინს თუ გამოვიყენებთ, “სტაბილურად მძიმე” ვითარება გვაქვს. არანაირი სასიკეთო ცვლილება არ არის, მაგრამ ვერც გაუარესებას დავადასტურებ”, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრობლემები რეალურად არის სადისტრიბუციო კომპანიებში. სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანები აცხადებენ, რომ ბოლო დროს მათი საქმიანობის არეალი ისედაც შეზღუდული იყო, განსაკუთრებით იმ სეგმენტისთვის, რომელიც უკრაინული პროდუქციის დისტრიბუციით არის დაკავებული.

33 წლის გიორგი მესხი ფიქრობს, რომ მისი დათხოვნის შემდეგ, შესაძლოა, კომპანია საერთოდაც გაუქმდეს.

“სამსახურიდან ორიოდე კვირის წინ გამათავისუფლეს. ჩემთან ერთად კიდევ სამი თანამშრომელი გაუშვეს. წინა წლის დეკემბერში ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხი დისტრიბუტორი გაათავისუფლეს. ამ მოვალეობას კომპანიაში ახლა ორი ადამიანი ასრულებს. მაღაზიებს, ძირითადად, უკრაინული პროდუქციით ვამარაგებდით. იმპორტის შეცმირების კვალდაკვალ, სამუშაო ადგილებიც მცირდება. გასაგები მიზეზის გამო კომპანიას ვერ დავასახელებ. მას უკვე იმდენად უჭირს, რომ არ გამოვრიცხავ, დაიხუროს, სერიოზული პრობლემა აქვს. სადისტრიბუციო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება წვრილი მაღაზიების დაკეტვამაც გამოიწვია. ბოლო დროს ამ მიზეზით საქმიანობის არეალიც შეგვიმცირდა და ერთი კომპანიისთვის ხუთი დისტრიბუტორი ნამდვილად ზედმეტი აღმოჩნდა. არ ვიცი, სამომავლოდ რისი იმედი უნდა მქონდეს, ახლა სამსახურის შოვნა ანალოგიურ კომპანიებში შეუძლებელია, ხოლო პროფესიით მუშაობის შესაძლებლობა აღარ მაქვს. ისტორიკოსი ვარ, მაგრამ ამ სპეციალობით ვერც ადრე მოვახერხე მუშაობის დაწყება და ახლა კიდევ უფრო გამიჭირდება”, – ამბობს გიორგი მესხი.

სულ ახლახან სამსახური 28 წლის ავთანდილ როხვაძემაც დაკარგა. ის კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი იყო. “ფინანსური პრობლემების გამო, კომპანიამ რეორგანიზაცია ჩაატარა და კადრები შეამცირა. სამწუხაროდ, თანამშრომლების გაშვებისას პროფესიონალიზმი არ გაუთვალისწინებიათ, როგორც ყველგან ხდება, საკუთარი ახლობლები დატოვეს, აშკარად შერჩევითი პრინციპით იმოქმედეს. საპროგრამო მიმართულებაზე ვმუშაობდით. ისე გამიშვეს, რომ ბოდიშიც არავის უთქვამს, არც გავუფრთხილებივართ, კომპენსაციაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. შემოსავალი დავკარგე და ჯერჯერობით ვერ ვხედავ გამოსავალს, წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ იარსებებს ოჯახი, სადაც მე ვიყავი ერთადერთი დასაქმებული, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი და არც არაფერის იმედი მაქვს”,- ამბობს ახალგაზრდა უმუშევარი მამაკაცი.irakli

წყარო: გაზეთი “რეზონანსი”

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.