რამდენიმე დღეა უკვე რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას განცხადებით, “პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძეგაფიცულ რკინიგზელებს ემუქრებიან”. ამის შესახებ ალექსანდრიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გამოცემა “კვირის პალიტრა” დაუკავშირდა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს, რომელმაც რკინიგზაში არსებული ვითარებაზე და პროფკავშირთან დაპირისპირებულ ადამიანებზე ისაუბრა
ირაკლი პეტრიაშვილი: “გაფიცულ რკინიგზელებთან მივიდა დირექტორატი: ნიკოლაიშვილი, გურამიშვილი და სხვ. სწორედ მათ მიიყოლეს მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. მათთან იყო დაჩი ცაგურიაც, მაგრამ ის მათი თანამშრომელია და არაა გასაკვირი, რომ მათთან ერთად ყოფილიყო.
– მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ზეწოლას ახდენდენ გაფიცულ რკინიგზელებზე?
– კი მელორ ვაჩნაძე ეუბნებოდა შემდეგ ფრაზებს: “ბიჭებო თქვენ თემაში ხართ?!”, “აზრზე მოდით, რა, თემაა”, მერე რაღაც ასეთიც სუთხრა: ” ეს აქცია კონტროლდება და აზრზე მოდითო”. ლევან გოგიჩაიშვილს უთქვამს, რომ მე – ირაკლი პეტრიაშვილს 2-3 დღეში ფეხებით დამკიდებს. ჩემი მოადგილე და ჩვენი სხვა წარმომადგენლები ყველანაირად შეეცადნენ განემუხტათ სიტუაცია. ეს ადამიანები გაფიცულ მუშაკებთან ძველ ბიჭობდნენ. ყვიროდნენ, იმუშავეთ და წადით სახლებშიო და ასეთი რაღაცეები. დაჩი ცაგურიას ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს. აქეთ-იქით სირბილებით რაღაც თანამდებობა “დაირტყა”, მაგრამ ხომ იცით, სახედარს რომ უნაგირი დაადგა რაში ვერ გახდება.
– თავად გაფიცულები როგორ შეხვდნენ მელორ ვაჩნაძეს და ლევან გოგიჩაიშვილს?
– იქ პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ და ჩვენმა წარმომადგენლებმა მათ მიმართეს, რომ ეს ხალხი გაეთრიათ. მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციამ გაათრია, თორემ შეიძლება აქციის მონაწილეებს ჩაექოლათ კიდეც.
– ამ ყველაფრის შემდეგ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თუ ელაპარაკეთ ?
– დიახ, ჩემმა მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ უთხრა, რომ ეს თქვენი მოყვანილი ხალხია, ისინი აწყობენ დებოშს და ამის შესახებ, გაიგებს საქართველოში არსებული ყველა დიპლომატიური მისია, აგრეთვე საქმის კურსში იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიო. ასევე იმასაც ვეტყვი, რომ მანქანა დამყვება და მუდმივად მითვალთავლებენო. მერე დაჩი ცაგურია ეხვეწებოდა, არ გინდა სიტუაციას ნუ გავართულებთო, დავივიწყოთ რაც მოხდაო. ეს ადამიანები, ვინც რკინიგზის დეპარტამენტის მენეჯმენტშია, ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ატერორებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ახლა გაფიცულები არიან.ნიკოლაიშვილი, გურამიშვილი და სხვ. აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ჩვენს ხალხს არაფრის უფლება ჰქონოდა. ახლა უკვე ჩვენი წევრები ყოველდღიურ რეჟიმში უყურებენ ამ ხალხს, სწორედ დირექტორატის მიზეზითაა ეს გაფიცვა. მოტყუებით, დამცირებით, იგნორირებით და სხვა საშუალებებით გაფიცვა სპეციალურადაა ინსპირირებული. მოიგონეს სახელფასო სისტემა რის საფუძველზეც ამ ხალხს ხელფასები აკლდება. წარმოიდგინეთ შარშან გაფიცული იყვნენ ხელფასის მომატების მოთხოვნით და წელს იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასი კიდევ უფრო მოიკლებს. ეს სპეციალურადაა გაკეთებული, რომ ამ ხალხის აღშფოთება გამოეწვიათ.
– ამბობენ, თითქოს გაფიცვის მეთაურები “ნაციონალური მოძრაობის” ჩანერგილები არიან…
– “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააგდო სამსახურიდან და დასკვნები თქვენთვის მომინდია.
წყარო: http://www.kvirispalitra.ge/politic/23445-qes-aqcia-kontroldeba-da-azrze-modithq-qpetriashvils-fekhebith-davkidebq–emuqrebodnen-melor-vachnadze-da-levan-gogichashvili-gaficul-rkinigzelebs.html