საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა თურქეთში, ადგილობრივი პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ გრანდიოზულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის მთავარი მოთხოვნები მშრომელების უფლებებისა და განათლების უფლების დაცვა იყო.
პროფკავშირების ინფორმაციით, ამ ღონისძიებაში დაახლოებით, 10 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
აქციაში ასევე მონაწილეობდა, თურქეთის პარლამენტის – მილი მეჯლისის ყოფილი დეპუტატი, სულეიმან ჩელები (ეთნიკურად ქართველი – სულეიმან ჩელებაძე) რომელიც საქართველოს და ქართული პროფკავშირის დიდი გულშემატკივარია. აღნიშნული აქცია დაემთხვა ქალაქ იზმირში გამართულ თურქეთის პროფკავშირების გაერთიანების (DISK) დაარსების 48-ე იუბილეს, სადაც ირაკლი პეტრიაშვილი საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. ღონისძიებაზე ირაკლი პეტრიაშვილი “დისკის” გენერალურმა მდივანმა მიიწვია და აღსანიშნავია, რომ ამ იუბილეზე სტუმრის სტატუსით სულ რამდენიმე ადამიანი იქნა მიწვეული და ამ ჟესტით, საქართველოს პროფკავშირებთან თურქი კოლეგების განსაკუთრებულ ურთიერთობას გაესვა ხაზი.
ირაკლი პეტრიაშვილმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი პეტრიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, რომ მუდამ ახსოვდეთ მათი ძმები და დები, ქართველი მიგრანტები და რწმენა გამოთქვა, რომ თურქეთის მოქალაქეები ქართველ შრომით მიგრანტებს შეხედავენ როგორც ძმებს და გვერდში დაუდგებიან მათ თურქეთის ყველა ქალაქში და ყველა ტიპის სამუშაო ადგილზე. სხვათაშორის, ირაკლი პეტრიაშვილმა იგივე მოუწოდა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით შეკრებილ 10 ათას კაცსაც, რადგან თურქეთში დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეები ნამდვილად საჭიროებენ თანადგომას და მათი შრომითი (და არამარტო შრომითი) უფლებების დაცვას.
ჩვენი ინფორმაციით, თურქეთში 8 მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. ამის გარდა, ყოველწლიურად სეზონურ და სხვადასხვა სამუშაოებზე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქებში 20-დან 25 ათასამდე საქართველოს მოქალაქე სამუშაო მიგრანტი ფიქსირდება. საქართველოსა და თურქეთის პროფკავშირებს შორის ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და კოლეგიალური ურთიერთობები არსებობდა, რომელმაც უკანასკნელ წლებში გამორჩეულად მეგობრული სახე მიიღო.