საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საჯარო დაწესებულებებში სამუშაო დღის 9 საათზე დაწყებას ეხმიანება. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პროფკავშირი მიესალმება საჯარო სექტორში სამუშაო დღის ერთი საათით ადრე დაწყებას, თუმცა ეს პრობლემებს შეუქმნით იმ მშობლებს, რომლებსაც შვილები დილით სკოლაში და საბავშვო ბაღში ყავთ მისაყვანი.
“მივესალმებით პრემიერის ინიციატივას და ზოგადად ვთვლით, რომ ეს შრომის ნაყოფიერებას გაზრდის. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის ასაკობრივი ცენზი, რომელიც არსებობს საჯარო სექტორში. საჯარო მოხელეების ასაკობრივი ცენზი უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ მაქსიმუმ 50 წელია, რომლებსაც ყავთ სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები და ამ ბავშვების სკოლებში და საბავშვო ბაღებში მიყვანა და დატოვება ბუნებრივად გამოიწვევს მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას.
ვითვალისწინებთ სამწუხარო გამოცდილებას, რომ მთავრობა საკუთარ ინიციატივას როგორც წესი არ ცვლის. შესაბამისად არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ჩვენი შეთავაზება – საჯარო სექტორში მუშაობა ყველასთვის 9:30 საათზე დაიწყოს – შეიძლება გაითვალისწინონ. ამ ინიციატივის ალტერნატივად საქართველოს პროფაკავშირების გაერთიანება სთავაზობს საქართველოს მთავრობას მოახდინოს სკოლამდელი, და სასკოლო ასაკის შვილების მყოლი საჯარო სექტორში დასაქმებულების აღრიცხვა და ამ აღრიცხვის შესაბამისად, მათთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყოს“ – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.