გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გამართულმა საერთაშორისო პროფკავშირების მსოფლიო კონგრესმა, რომელიც დღეს, 23 მაისს დასრულდა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი გენერალური საბჭოს წევრად აირჩია.
გენერალური საბჭო საერთაშორისო პროფკავშირების უმაღლესი ორგანოა და ამ ორგანიზაციის მართვას დემოკრატიული სისტემით სწორედ ეს არჩევითი ორგანო ახორციელებს. გენერალურ საბჭოში შედიან მსოფლიოს სხვადასხვა პროფკავშირების ცნობილი ლიდერები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზაციის გენერალურ მდივანსა და პრეზიდენტს ირჩევენ. სასიხარულოა, რომ ირაკლი პეტრიაშვილის სახით ამ მნიშვნელოვან ორგანოში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაც არის წარმოდგენილი.
კონგრესზე სიტყვით გამოვიდა შსო-ს გენერალური დირექტორი გაი რაიდერი, ასევე – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. ორივემ ხაზი გაუსვა პროფკავშირული მოძრაობის დიდ მნიშვნელობას მსოფლიოში სტაბილურობის, საშუალო ფენის გაფართოების, სამართლიანობის დამკვიდრების, სიღარიბესთან ბრძოლის, განვითარებად და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში საყოველთაო განათლების ხელშეწყობის, ბავშვთა შრომის აღმოფხვრის და ტრეფიკინგის და იძლებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
განათლებისა და ბავშვთა შრომის, ასევე ქალების დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებში პროფკავშირების როლზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გორდონ ბრაუნმა. სტაბილურობასა და საშუალო ფენის შექმნაზე – შტაინმაიერმა. ბატონი ირაკლი სიტყვით გამოვიდა ახალი გენერალური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც დღეს არჩევისთანავე შეიკრიბა. ყურადღება გაამახვილა შრომითი და პროფკავშირული უფლებების რეალიზაციის საკითხებზე, ეროვნულ დონეზე სოციალური დიალოგის განვითარების აუცილებლობასა და საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობაზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, კონგრესმა გენერალურ მდივნად ხელახლა აირჩია ქალბატონი შარონ ბაროუ, რომელიც საქართველოს პროფკავშირებისადმი განსაკუთრებულად თბილი და სოლიდარული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ქალბატონმა ბაროუმ არაერთხელ დაუჭირა მხარი გაფიცულ ქართველ პროფკავშირელებს და მისმა და საერთოდ მსოფლიო პროფკავშირების თანამეგობრობის მხარდაჭერამ ხშირ შემთხვევაში დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოში გამართული გაფიცვებისა თუ აქციების დასაქმებულთათვის მისაღები შედეგით დასრულებისათვის.
კონგრესმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად მთელს მსოფლიოში გამოჩენილი ბრაზილიელი პროფკავშირული ლიდერი ჟოაო ანტონიო ფელიციო აირჩია.