Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი: “საწარმოში არსებულ რთულ მდგომარეობას დიალოგი სჭირდება და არა ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება”

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინტერვიუ commersant.ge–სთან

– დაბა კაზრეთის საბადოს მუშები 14 თებერვალს გაიფიცნენ. მათ შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით 7 მარტს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც გამართეს. რა არის ის მთავარი, რასაც ითხოვენ გაფიცულები? 

– ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავიანთი კოლეგების  სამსახურში აღდგენა, რომლებიც გათავისუფლდნენ.

– მათი გათავისუფლება რატომ მოხდა – საწარმოს პოზიცია როგორია? საწარმოს ყოფილმა მფლობელმა კობა ნაყოფიამ ჩვენთან საუბარში ასეთი განცხადება გააკეთა, რომ რეალურად საწარმოს დახურვის საფრთხე 2008 წელს იყო, თუმცა მენეჯმენტმა მისი შენარჩუნება მოახერხა. დღეს კი მას ამდენი დასაქმებული არ სჭირდება. თუ იყო საწარმოს ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე გამოხმაურება გათავისუფლებულებთან დაკავშირებით? 

– არ ვიცი რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარები კობა ნაყოფიას საუბრებზე. უდანაშაულობის პრეზუმციიდან ვიტყვი, რომ  ეს  გარკვეულ წილად არის კობა ნაყოფიას „დამსახურებაც“. ნაკლები ფილმები ეღო 15 მილიონ დოლარად ღირებული და ნაკლები ხელფასები ეხადა შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ასევე ნაკლები მანქანები ეყიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის და საწარმო მაგ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ზოგადად, საწარმოში შეიძლება იყოს რთული მდგომარეობა, მაგრამ მას დიალოგი სჭირდება და არა ერთი ხელის მოსმით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება. ძალიან კარგია, რომ დღეიდან პრემიერის წარმომადგენელი მედიაციის საკითხებში ჩაერთვება. როდესაც კობა ნაყოფიასნაირ ბიზნესმენებს მოუსმინეს, შრომის კოდექსში რა ცვლილებები მიეღოთ  და ოქრიაშვილებს და მსგავს ოდიოზურ პიროვნებებს, იმიტომ არის ახლა საქმე კარგად. მაშინ საუბრობდნენ, რომ მასობრივი გათავისუფლება, 100 კაცზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. სწორედ 99 ერთ საწარმოში გაათავისუფლეს, დანარჩენი – მეორე საწარმოში. იმ უმეცრებით, რომელიც პარლამენტმა დაუშვა შრომის კოდექსთან მიმართებაში, მშვენივრად ისარგებლა საწარმოს ადმინისტრაციამ. საბოლოო ჯამში სახელმწიფო რჩება დაზარალებული, რადგან ამდენი ადამიანი ჰყავს გათავისუფლებული. არადა შეიძლებოდა მომხდარიყო ხალხის გადამზადება ან მსგავსი რამ. ეს პროცესიც უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. მაგ საწარმოში სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე და იმედი მაქვს, რომ პრემიერის პირად წარმომადგენელთან ერთად საწარმოს ადმინისტრაცია უფრო ნორმალურ განცხადებებს გააკეთებს, რადგან ეცოდინება, რომ მათ გარდა მთავრობამაც იცის თუ რა ხდება საწარმოში.

– რაზე გაქვთ ეჭვი, საწარმოში რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს? 

– მე ჩამოგითვალეთ ის მიზეზები, რის გამოც ქარხანა შეიძლებოდა მისულიყო ამ მდგომარეობამდე.

– ანუ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა? 

– დიახ. საწარმო არ არის მეწველი ძროხა. საწარმოს თავისი მენეჯმენტი ყავს, თავისი გათვლები აქვს და ასე შემდეგ.

–აქციის მონაწილეები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ეს პირობები დღეს და გუშინ არ შექმნილა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საწარმოში დასაქმებულები ასეთ რთულ პირობებში იყვნენ (იგულისხმება ზეგანაკვეთური შრომა, დაბალი ხელფასი და ასე შემდეგ). მანამდე თუ გქონდათ პროტესტის შეგრძნება ან გამოხატვა, იყო ასეთი რამ წინა ხელისუფლების პერიოდში? 

– ეს დაახლოებით მეხუთე კონფლიქტია ბოლო  სამი  წლის  მანძილზე. ამის წინა კონფლიქტი იყო ნოემბრის თვეში. ხალხი უკანონოდ გამოვიდა და გაიფიცა. მაშინ კანონი დაარღვია და მადლობა მაშინდელ ადმინსიტრაციას, რომ ეს ხალხი მაშინ არ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული. ასე რომ, საწარმოში კონფლიქტები არსებობდა და არსებობს. კონფლიქტებს სჭირდება გონივრული მიდგომა და დიალოგის მაგიდასთან გადაწყვეტა. ეხლა ორი ძირითადი მოთხოვნაა დარჩენილი. ეს ხალხი ხელფასების 100 %–იან ზრდას არ ითხოვს, ეს არის თავიანთი კოლეგების სამსახურში აღდგენა და უგვანო სახეების სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ხალხი ამ დონებმდე მიიყვანა.

– როგორ ფიქრობთ, პრემიერის ჩართვა და დაინტერესება იქნება თუ არა ერთ–ერთი გამოსავალი? შეიძლება წამოვიდეს საწარმოს ხელმძღვანელობა ამ წინადადებაზე? 

– თქვენ ისე ნუ გაიგებთ, რომ პრემიერის წარმოამდგენელი ჩავიდეს იქ და საწარმოს ხელმძღვანელობა დატუქსოს. ეს არის მედიაცია და ეს ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე გარკვეულ კონსესუსამდე მივიდეს.

– ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშებიც გაიფიცნენ. მათ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქაც საუბარი იყო რთულ სამუშაო პირობებზე. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ხომ არ გველოდება გაფიცვების ახალი ტალღა ასეთ მსხვილ საწარმოებში? 

– თუ არ იქნება რეალური მექნიზმები იმისა, რომ შრომის კოდექსის იმპლემენტაცია მოხდეს, შრომის კოდექსი მკვდარი იქნება. ერთ–ერთი ასეთი არის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. irakli

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.