საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ყაზახეთში ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს ხვდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, პეტრიაშვილი ყახაზეთში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC/PERC) ხელმძღვანელის რანგში იმყოფება.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანია ქვეყანაში პროფკავშირებზე განხორციელებული უკანონო დევნის და დაწყებული აგრესიის შეჩერება.
დელეგაციაში შედიან პროფკავშირების სართაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური მდივნის მოადგილე იაპ ვიენენი, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) აღმასრულებელი მდივანი ანტონ ლეპიკი და რუსეთის შრომის კონფედერაციის თავმჯდომარე ბორის კრავჩენკო.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრებს და ლიდერებს. მოისმინეს მათი მოსაზრებები შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ. დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს ყაზახეთის შრომის და სოციალურ საკითხთა მინისტრთან, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და გენერალურ პროკურატურაში.
„იანვარში ყახაზეთში „ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის“ – KNPRK-ის პრეზიდენტის ლარისა ხარკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, მისი აქტიური პროფკავშირული საქმიანობის, კერძოდ ნავთობმოპოვების სექტროში სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების მწარმოებელი მსხვილ კომპანია Oil Сonstruction Company-ში დაწყებული გაფიცვის ხელმძღვანელობის გამო დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია მისი მოადგილის ნურლიბერკ კუშაკბაევი და Oil Сonstruction Company-ს ადგილობრივი პროფკავშირების ლიდერი ამინ იელეუსინოვი. ირაკლი პეტრიაშვილი ყაზახ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს და პროფკავშირების ლიდერების დაკავებას შემაშფოთებლად მიიჩნევს.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭო მიიჩნევენ, რომ შეთითხნილი ბრალდებებით აღძრული სისხლის სამართლებრივი დევნა და პროფკავშირების ლიდერების დაკავებები საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.
ყაზახეთში პროფკავშირული უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ხელისუფლების მიერ სასამართლოს გზით დამოუკიდებელი პროფცენტრის უკანონოდ გაუქმების შესახებ პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია ამზადებს საჩივარს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელზე (ILO). ანალოგიური საჩივარი გადაეგზავნება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.