გთავაზობთ ვრცელ ამონარიდს გაზეთ “ვერსიის” 2013 წლის 27 ნოემბრის ნომრიდან, სადაც საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი რკინიგზაში შექმნილ ვითარებაზე და ძველი პროფკავშირის გამოხდომებზე საუბრობს.
_ ბატონო ირაკლი, ჰამლეტ ლომიძე პროფკავშირების გაერთიანებიდან იმიტომ გარიცხეთ, რომ საწევროს ვეღარ იხდიდა?
_ ეს ორგანიზაცია მძიმე მდგომარეობაში იყო და ისედაც არ ვართმევდით საწევროს. სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი, რომლითაც გაერთიანებულ პროფკავშირებში დაბრუნებას ითხოვს და თუ გარიცხვა არ აღელვებს, სარჩელი რატომ შეიტანა? მან ძალიან კარგად იცის, რატომ გავრიცხე და სამწუხაროა, რომ მთავარ მიზეზს არ გეუბნებათ. პროფკავშირები დასაქმებულთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაა, მაგრამ ორგანიზაცია, რომელსაც და დასაქმებულების ინტერესებს არ იცავს. იგი მთლიანად ადმინისტრაციისგან კონტროლდება და არა მუშაკთა მიერ. ჰამლეტ ლომიძის ორგანიზაციის გამგეობის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მემანქანეები ან რიგითი რკინიგზელები კი არა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან და იგი მუშათა დამოუკიდებელი სტრუქტურა კი არა, რკინიგზის ადმინისტრაციის დანამატია. ესაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც გავრიცხეთ ჰამლეტ ლომიძე და მისი ორგანიზაცია გაერთიანებული პროფკავშირებიდან.
_ რატომ აცვიათ მემანქანეებს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი სპორტული ტანსაცმელი და ბოტასები?
_ იცით, რატომაა რკინიგზაზე ასეთი პრობლემები? იმიტომ, რომ იქ რეალური პროფკავშირი არ ყოფილა და, შესაბამისად, დასაქმებულების პრობლემებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. მუშათა ორგანიზაცია ანექსირებული აქვს რკინიგზის ადმინისტრაციას, რომელიც მუშების გაფიცვამდე რეალურ სარკეში ვერ იხედება. არადა, რკინიგზის ადმინისტრაცია ამ ორგანიზაციის ტვირთბრუნვის გაზრდაზე, განვითარებაზე, თანამშრომელთა შრომის დაფასებაზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, როგორ მოპაროს მუშებს საკუთარი კონსტიტუციური უფლება. ამიტომ დაგვჭირდა რკინიგზაზე ახალი პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომლის წევრები მუშები და მემანქანეები არიან, ამიტომ გაკეთდა ის, რაც გაკეთდა და საბოლოოდ, 14 ნოემბრის გაფიცვამ შედეგი მოიტანა, რადგან რკინიგზელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჰამლეტ ლომიძეს თითოეულ მუშასთან რომ მიესვლებოდეს და მუშების პრობლემები იცოდეს, იმის ვაჟკაცობა რომ ჰქონდეს, ადმინისტრაციას პრობლემების გადაჭრა მოსთხოვოს, მეორე ორგანიზაციას არ დავაფუძნებდით. ეზუგბაიას დროს პროფკავშირები საერთოდ დაშლილი იყო, საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებობს სარჩელები ამასთან დაკავშირებით. ახლა კი ადმინისტრაციამ თვითონ შექმნა პროფკავშირი, რათა მუშას ორგანიზებულად არ ამოეღო ხმა საკუთარ პრობლემებზე.
_ ჰამლეტ ლომიძე აცხადებს, რომ გაფიცვის გარეშეც მოგვარდებოდა რკინიგზელების პრობლემებიო, მაგრამ 14 ნოემბრის შემდეგ, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას შეხვდით?
_ ქართული ენა ტოლერანტულია და იძულებული ვარ, ჰამლეტ ლომიძეს ბატონი ვუწოდო, რომელსაც იმის ნამუსიც არ აქვს, სხვის გაშლილ სუფრას არ მიჯდომოდა. 14 ნოემბრის გაფიცვის შედეგად, ახალმა პროფკავშირმა რკინიგზის ადმინისტრაციასთან გარკვეულ შედეგს მიაღწია, მაგრამ ჰამლეტ ლომიძეს არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გამოდიოდა და ამ გაფიცვის დისკრედიტაციას ცდილობდა, ახლა კი ურცხვად გეუბნებათ, რომ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მოლაპარაკება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ჰამლეტ ლომიძის ორგანიზაცია ადმინისტრაციის ქვესტრუქტურაა და რასაც რკინიგზის ხელმძღვანელობა უკარნახებს, იმას აკეთებს. რაც შეეხება ჩვენს წევრ ახალ პროფკავშირს, ისინი მართლაც, ამ საქმით არიან დაკავებულები. გაფიცვის შედეგად, რკინიგზელებმა ბევრი რამ მიიღეს. ახალ, კოლექტიურ ხელშეკრულებაში ასახულია ყველა ის პუნქტი, რომლებზეც 14 ნოემბრის გაფიცვაზე შეთანხმდნენ და როდესაც ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, რკინიგზელები შეღავათს იგრძნობენ.
_ ვილნიუსის სამიტზე თქვენც მიწვეული ხართ, კონკრეტულად, რა საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას სამიტის ფარგლებში?
_ უამრავი ორგანიზაცია ელოდება ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირებისგან, რადგან ევროპამ და ზოგადად, ევროპარლამენტმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ფიზიკური განადგურებისგან იხსნა. ბუნებრივია, ამ ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება, როგორ ვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. 2008-2009-2010 წლების მოხსენებები რომ ნახოთ, პროფკავშირების წევრების ზეწოლაზე, პროფორგანიზაციების განადგურებაზეა საუბარი, ბოლო ერთი წლის მანძილზე, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, უამრავი ახალი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, ამდენად, ბუნებრივია, საქართველო უფრო მეტ ნდობას იმსახურებს ევროპული სტრუქტურებისგან. ნეგატიურ კონტექსტში კი იმაზე ვისაუბრებთ, რომ სამმხრივი დიალოგი, სადაც დამსაქმებლები, მთავრობა და პროფკავშირი ერთობლივად იხილავს ისეთ საკითხებს, რაც მაგალითად, რკინიგზაზე ხდება, საქართველოში ჯერ ვერ შედგა.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://versia.ge/index.php/2013-07-31-11-23-15/item/625-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E2%80%99%E2%80%98-%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94