საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელში საერთაშორისო პროფკავშირების გენერალურ საბჭოზე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პროფკავშირულ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოში. ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქართველი დასაქმებულები ამჟამად დგანან. თუმცა ასევე აღნიშნა შრომის ინსპექციის შექმნის გაჭიანურება, ისევე როგორც პრობლემები შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში.
გამოსვლის დროს ხაზი გაესვა შრომის კოდექსის შემდგომი რიფორმირების საჭიროებას, ისეთ სფეროებში როგორიცაა ქალთა შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება.
შედგა განხილვა რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების სიისა, რომლებსაც მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობა მიიჩნევს შრომის კანონმდებლობის ყველაზე უხეშ დამრღვევებად. განხილვის შედეგად (იმ პროგრესის გათვალისწინებით რასაც საქართველომ მიაღწია გასულ წელს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით და პროფკავშირული აქტივისტების დევნისა და ზეწოლის ტენდენციის შემცირებით, რის შესახებაც ხაზგასმით ისაუბრა ირაკლი პეტრიაშვილმა მსოფლიო პროფკავშირული ლიდერების წინაშე) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოღებულ იქნას სიის იმ სეგმენტიდან, სადაც მოთავსებული არიან შრომითი უფლებებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე უარესი ქვეყნები.
ანუ, აქამდე საქართველო აღნიშნული მონაცემებით იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებს შორის როგორიცაა: ერაყი, ირანი, ფილიპინები, ჰონდურასი, ჰაიტი, კოლუმბია, კამბოჯა, ბელორუსი და სხვა… ახლა კი ჩვენი ქვეყანა შეიძლება ითქვას, რომ ერთი საფეხბურით დაწინაურდა და ისეთ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა: ბაჰრეინი, შვეიცარია, თურქეთი და სხვა…
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შრომის კანონდებლობა საჭიროებს დაუყოვნებელ რეფორმირებას და შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნას, ასევე ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში პროფკავშირული ლიდერების მიმართ მიმდინარე დევნის და დაშინების ჯერ კიდევ არსებული ფაქტების გამო, საქართველო დატოვებული იქნა რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების სიის იმ სეგმენტში, რომელზეც მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაცია გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას.
საერთაშორისო პროფკავშირების გენერალური საბჭოს წევრები (რომლის წევრადაც ირაკლი პეტრიაშვილი 2014 წელს აირჩიეს) სამი დღის განმავლობაში პროფკავშრების საერთაშორისო კონფედერაციის 2015 წლის გეგმებზე იმსჯელებენ.