სპორტსმენებთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტები მთელს მსოფლიოში ერთმნიშვნელოვნად პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, კონტრაქტი ერთობ ინდუვიდუალური თემაა და ერთი შეხედვით მხოლოდ ორი მხარის -ფეხბურთელისა და კლუბის გადასაწყვეტია შიგნით რა ჩაიწერება. თუმცა, მოდით ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და კარგი იქნება თუ თვალნათლივ დავინახავთ მთელს რიგ ნაკლოვანებებს, რაც ამ კონტრაქტებს ხშირად ახლავთ თან.
მნიშვნელოვანი საკითხია ხელფასებს შორის დიდი სხვაობა ერთ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის. არავინ დავობს იმაზე, რომ ”ბარსელონაში” მოთამაშე მესის ზოგიერთ თანაგუნდელზე მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს თუ არა. რა თქმა უნდა კლუბისათვის საკეთილდღეოდ მესის მიერ შესრულებული სამუშაო აშკარად და ცხადად უფრო მეტია და ეს ხელფასზეც სათანადოდ უნდა ისახებოდეს, მაგრამ ის კატასტროფული სხვაობა, რაც ხელფასებში არის, უდავოდ ატარებს დისკრიმინაციისა და ფეხბურთელის შრომითი უფლებების დარღვევის ნიშნებს.
როდესაც კლუბში მოთამაშე ერთ ფეხბურთელს მეორეზე 10-ჯერ(!) და ხშირად მეტჯერ მეტი ხელფასი აქვს, იქ აუცილებლად გაჩნდება კითხვები, რამდენად სამართლიანია ეს და რამდენად შეიძლება ემსახურებოდეს თუნდაც დემოკრატიულობის ღირებულებებსა და პრინციპებს. ვარჯიშზე ყველა კეთილგონიერი და პატიოსანი ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და ოფლსაც თავდაუზოგავად ღვრის. უშუალოდ თამაშის დროსაც, თუკი მობურთალი პროფესიონალია, თავს არ ზოგავს და ვისაც როგორ შეუძლია ისე ადგება თავის გუნდს. მაგრამ, მოდის ხელფასის დარიცხვის ჟამი და აშკარა ხდება, რომ ცნობილი და კაშკაშა ვარსკვლავების მიერ დაღვრილი ოფლი ძირეულად სხვანაირად ფასობს და მათი ანაზღაურების ფონზე სხვები ცალსახად იჩაგრებიან.
ფეხბურთელებს შორის ხელფასებში დიდი სხვაობების არსებობის თემაზე ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა, ჩირო ფერარამ, ამ სამი წლის წინ იტალიურ ”კორრიერე დელლო სპორტს” ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა. ჩიროს თქმით, ”ნაპოლიში” თამაშის დროს, მარადონას სხვა ფეხბურთელებზე გამორჩეულად დიდი ხელფასი ჰქონდა და ეს ფეხბურთელებს შორის გაურკვევლობისა და წყენის მიზეზი იყო.
”მარადონა დღემდე ჩემი მეგობარია და შესანიშნავად ვიცი თუ რა დონის ფეხბურთელი იყო. ამიტომ ვიცი დიეგოს არ ეწყინება ჩემი მხრიდან იმის აღიარება, რომ ”ნაპოლის” ფეხბურთელთა უმეტესობა მის ძალიან დიდ ხელფასს (სხვების ფონზე) აპროტესტებდა და ხელფასების დაბალანსებას მოითხოვდნენ. მაგალითად დიეგოს ჩემზე რვაჯერ მეტი ხელფასი ჰქონდა. ჩვენს გუნდში იყვნენ ფეხბურთელები, რომელთა თვიურ შემოსავალს დიეგოს ხელფასი 12-ჯერ და მეტჯერაც კი აღემატებოდა. მარადონა მემარცხენე მსოფმხედველობის კაცია და პირად საუბარში თავადაც უთქვამს ჩემთვის, ხელფასებში ასეთი სხვაობა უსამართლობა რომაა, მაგრამ თქვენ იცნობთ ჭკუადმყოფელ ადამიანს, რომელიც საკუთარი ხელფასის დაკლებას მოითხოვს?” – ამბობს ჩირო ფერარა.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის დადებული კონტრაქტები ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციიულია კონტრაქტის შეწყვეტის პუნქტშიც. როგორც წესი, თუკი კლუბს კონკრეტული ფეხბურთელი აღარ სჭირდება, გუნდიდან უპრობლემოდ უშვებენ უსახელო კლუბებში, სადაც მობურთალს ხელფასსაც შეუკვეცავენ და საცხოვრებელ პირობებსაც. ამ დროს კი ფეხბურთელის მხრიდან კლუბთან (განსაკუთრებით კი დიდ და ფინანსურად ძლიერ კლუბთან) დადებული კონტრაქტის დარღვევა ლამის სამშობლოს ღალატად ითვლება და ფეხბურთელს იმხელა ჯარიმების გადახდა ეკისრება, შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ დაფაროს.
ფეხბურთელებთან დადებული კონტრაქტების კუთხით ბევრი პრობლემა რომ არსებობს – ამას ფიფასა და უეფას მაღალჩინოსნებიც აღიარებენ. მაგრამ, მხოლოდ აღიარებენ და მეტი არაფერი… პრობლემა კი პრობლემად რჩება…
სტატია გამოქვეყნდა ციფრული ფორმატით გამომავალ გაზეთ “სოლიდარობაში”