მოვითხოვთ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ათ წელიწადზე მეტია აქტიურად ითხოვს უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას. აღნიშნული საკითხი დავაყენეთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიის წინაშე, რის შედეგადაც მთავრობამ 2017 წლის ივნისში მოახდინა პარლამენტის წინაშე კანონპროექტის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირება.
უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში ამ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს – კვლავ აწყდება დაბრკოლებებს (მათ შორის ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხრიდან, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე) და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის – ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით.
ამ ეტაპზე კვლავ არ არის გათვალისწინებული პროფკავშირების მიერ დაყენებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:
– კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით იგი ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მით უმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე;
– პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს;
– შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები;
აქედან გამომდინარე კანონპროექტი კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ გვთავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს.
მოვუწოდებთ, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ შრომას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მანიფესტი აღნიშნული შინაარსით უკვე განთავსებულია ვებ გვერდზე www.manifest.ge;
იმისთვის რომ შემოუერთდეთ პროფკავშირების ინიციატივას, გთხოვთ ელექტრონული ხელმოწერა დააფიქსიროთ მისამართზე: https://manifest.ge/main/item/1965