Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მოხუცების დასაქმება საქართველოში

საქართველოში დაახლოებით 700 ათასი პენსიონერია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, ქვეყნიდან გასული მილიონზე მეტ კაცისგან უმრავლესობა ახალგაზრდობაა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ხანდაზმულების რაოდენობა პროცენტულად ძალზე დიდია. შესაბამისად, ისინი დიდ თავსატეხად ევლინებიან ჩვენს მუდამ გაუმართავი ეკონომიკის სახელმწიფოს. სახელმწიფოც ამ პრობლემას მარად აპრობირებული მეთოდით აგვარებს, დღეს მოხუცების პენსია დაახლოებით 150 ლარია.

უმუშევარ ადამიანს, რომელიც თავად შიმშილობს, არ შეუძლია მშობელს დაეხმაროს. ოფიციალური სტატისტიკით ჩვენში დაახლოებით 300 ათასი უმუშევარია. ამის გამო ხანდაზმულთა უმეტესობა იძულებულია, თავი თავად დაისაქმოს და ხშირად ოჯახიც არჩინოს. თვითდასაქმების არეალი კი უმთავრესად ქუჩაა, სადაც ასეულობით მოხუცი დილიდან დაღამებამდე მუშაობს.

მოხუცთა დასაქმების ყველაზე გავრცელებულ ფორმად მათხოვრობა ითვლება. დღეს ზოგიერთ მოხუცს (და არა მარტო!) ამ საქმეში შვილიშვილებიც კი ჰყავს ჩაბმული. ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო თბილისში ლტოლვილთა უდიდესი ნაკადის ჩამოსვლამ, რომელიც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო. მათხოვრობის გარდა, მოხუცებისთვის ყველაზე ხელსაყრელი წვრილმანებით ვაჭრობაა (მზესუმზირა, სიგარეტი, კალმები, წინდები, კოლგოტები და ა.შ.). მათ საქონელი ხის ან მუყაოს პატარა ყუთებზე აქვთ დაწყობილი და თავადაც იქვე სხედან. ამ საქმისგან ერთადერთი შეღავათი ის არის, რომ მასზე არ არის დაწესებული გადასახადები, რაც გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს სხვა მოვაჭრეებს.

მოვაჭრე მოხუცები გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო საკმაოდ აგრესიულები არიან, თუმცა, თუ მათთან იმის გაგება მაინც შეიძლება, რას შოულობენ დღეში წვრილმანი ვაჭრობით. გააჩნია დასაქმების ადგილს, – მაგალითად, მზესუმზირით მოვაჭრემ თუკი მოახერხა და სასწავლო წლის განმავლობაში სკოლასთან ახლოს იმუშავა, შეიძლება დღეში დაახლოებით 5 ლარი იშოვოს, მათხოვარმა კი (თუ გავითვალისწინებთ, რომ მათხოვრობა შეუძლებელია, თუ მათხოვარს რომელიმე მათხოვრული “კლანი” არ მფარველობს, რომელიც წილს ითხოვს) დღეში საშუალოდ 30 ლარი (ადგილს გააჩნია). ასეთი მაგალითის მოყვანა მრავლად შეიძლება.

ხანდაზმულთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა შორის ოდესღაც ბევრი წარჩინებული ადამიანი იყო, ხელის გაწვდენას სიკვდილს არჩევს ან ნებისმიერ სამუშაოს, რომელსაც ცხოვრება მოუტანს. ძალზე ბევრი მოხუცი ვაჭრობს ბაზარში შეძენილი ხილ-ბოსტნეულით, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიაქვთ დანიშნულების ადგილას და დარში თუ ავდარში რამდენიმე თეთრით მეტად ყიდიან. ასეთმა მოხუცებმა წლების განმავლობაში საკუთარი კლიენტები შეიძინეს, რომლებსაც როგორც მატერიალურად, ისე სულიერი თანადგომისთვის, ურჩევნიათ ხილ-ბოსტნეული ქუჩაში მოვაჭრე მოხუცებისგან იყიდონ. ზოგიერთი მოხუცი თავად ბაზარში ვაჭრობს, – რამდენიმე ცალ ლიმონს, წიწაკას, ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდს, პარკებს დილიდან საღამომდე დაატარებენ და გამვლელებს ეხვეწებიან, შეიძინონ.

საზოგადოება ხშირად მათში თავის მომავალ სიბერეს ხედავს, ქუჩაში სამუშაოდ გამოსული უკვე დაუძლურებული ადამიანები ბევრს ეცოდება და სჭირდებათ თუ არა, მათგან მაინც რამეს ყიდულობენ.moxucebis dasaqmeba

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.