Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პეტრიაშვილი ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორს შეხვდა

ირაკლი პეტრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მას შეხვედრა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორ თომას მაიერ-ჰარტინგთან ჰქონდა. ირაკლი პეტრიაშვილმა ჰარტინგს მადლობა გადაუხადა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ევროკავშირის წარმომადგენელსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შორის საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებს როგორიცაა მინიმალური ხელფასის არაადეკვატურობა, შრომის უსაფრთხოება, შრომის ინსპექცია, შეუსაბამობები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე და 155-ე კონვენციებთან, შრომის კოდექსის იმპლემენტაციის პრობლემები და შრომის სასამართლოების არ არსებობა აგრეთვე არსებული ფორმატით  შრომითი დავების განხილვის არაეფექტურობა, პროფესიული განათლების ნაკლოვანებები და უმუშევრობის შემწეობის არ არსებობა ქვეყანაში. ფედერიკა მოგერინის ოფისის წარმომადგენელი დაინტერესდა პროფკავშირების პრობლემებითა და გამოწვევებით.

ირაკლი პეტრიაშვილს ბრიუსელში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის (PERC) რანგში გამოსვლა ჰქონდა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე. ფართო აუდიტორიის წინაშე მიმართვისას იგი შეეხო შრომის სფეროში არსებულ გამოწვევებს რეგიონში. პეტრიაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების მნიშვნელობა, ისეთი პრობლემების მიმართ, როგორიცაა გენდერული საკითხები, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურების პრობლემები, ტრანსნაციონალური კომპანიების როლი ქვეყნების ეკონომიკაში და მათი შრომის დემპინგისკენ მიმართული პოლიტიკა.  ერთ ერთ მთავარ გამოწვევად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა დაასახელა სახელმწიფოთა როლის შესუსტება – შრომის სფეროში. პეტრიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს რომელიც პროფკავშირული მოძრაობის 150-ე საიუბილეო წელია, პან ევროპული რეგიონული საბჭო, სხვა საერთაშორისო შრომითი ინსტიტუტები და ეროვნული პროფკავშირები არსებული გამოწვევებს კიდევ უფრო ღირსეულად შეხვდებიან.

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.