Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების როლი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში

საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია სამ ათასწლეულს აღემატება. მისი სუვერენიტეტის შესახებ უკვე მრავალი ნაშრომია გამოქვეყნებული და მათში ერთერთი საუკეთესოა ფრანგი აკადემიკოსის, იურისტ ლუი ლე ფურის ნაშრომი „საქართველო და საერთაშორისო სამართალი“. ოთხ ნახევარი საუკუნე იყო დაშლილი ჩვენი ქვეყანა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით აღადგინა ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობა. 1921 წლის თებერვალ-მარტში წითლი არმიის სამხედრო ინტერვენციით მოტანილმა რევოლუციის ექსპორტმა საქართველო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა.

1988 წლიდან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმართული საერთო ეროვნული მოძრაობის გაშლასთან ერთად დადგა ამ დმოუკიდებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხიც. ამ ამოცანის ყველაზე მართებულ გადაწყვეტილებად 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის გამართვა მიიჩნია.

ისტორიული პასუხისმგებლობით გაჯერებულ ამ დროში თავისი სიტყვა უნდა ეთქვა საქართველოს თითქმის 3 მილიონ პროფკავშირელს. პროფკავშირელთა პოზიცია კი  იყო მტკიცე მხარდაჭერა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეისადმი. ამის მრავალი დასტური არსებობს და  მათ შორის არის მიმართვების მთელი სერია, რომელიც ამ საპასუხისმგებლო დროს მიიღეს პროფკავშირლებმა. მათგან ერთ-ერთი სამაგალითოა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური საბჭოს მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია „თავისი საპროგრამო დებულებების შესაბამისად მტკიცედ დგას რა ეროვნულ პოზიციებზე და ემსახურება საქართველოს უზენაეს ინტერესებს, ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ადასტურებს თავის ნებას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჯანსაღი ეროვნული ძალების კონსოლიდაციის, სოციალური თანასწორობის დამკვიდრების, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების გარდაქმნის საქმეში.

დღეს მთელი ქართველი ერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ის რომ მსოფლიომ მტკიცედ და სამუდამოდ გვცნოს საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტად, რაც არც ისე ადვილი მისაღწევია, თანამედროვე რთული საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით.

ასეთი რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ქართველი ხალხის ერთიანობაა.

საერთაშორისო სამართალი თავის სუბექტად ჩვენს სამშობლოს სცნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მხარი დაუჭიროს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას.

ყოველივე აქედან გამომდინარე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი, რომელიც 1991 წლის 31 მარტს არის დანიშნული.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭო მიმართავს დარგის პროფკავშირში გაერთიანებულ ერთ მილიონამდე წევრს მონაწილეობა მიიღონ 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს რეფერენდუმში და ხმა მისცენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. განსაკუთრებით საჭიროა დარგის პროფკავშირული ორგანიზაციების ახსნა-განმარტებითი მუშაობა არაქართველ მოსახლეობასთან, მათი დარწმუნება იმაში, რომ მხოლოდ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის დროს იქნება ჩვენი რესპუბლიკის ყველა მცხოვრები ჭეშმარიტად  ბედნიერი და თავისუფალი.

საქართველოში ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი დარგობრივი პროფკავშირის წევრები მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ დიდ ეროვნულ საქმეს და ხმას მისცემენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.“

ხალხთან ერთად პროფკავშირელთა დიდ ძალისხმევას  დიდი წარმატება მოყვა. გერმანულმა გაზეთმა „Die Velt“ 1991 წლის 3 აპრილის ნომერში აღნიშნა: „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობამ, უფრო აშკარად, ვიდრე ბალტიისპირეთმა, მხარი დაუჭირა თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ამდენად, საბჭოთა კავშირიდან გასვლას. როგორც ბალტიისპირეთში, აქაც არაქართველი მოსახლეობის (რომელიც 30%-ს შეადგენს) უმრავლესობამ ამ რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ფაქტი, იმასთან ერთად, რომ რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობის 90,5%-დან დადებითად გამოეხმაურა 98,9%, იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ვინაიდან პოლიტიკური ბრძოლის პროცესში საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას გამუდმებით მიაწერენ ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას.“ გერმანულმა გამოცემამ დაადასტურა საქართველოს ლიდერის ზვად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 5 მარტს ტელევიზიით გამოთქმული იმედის – „ყველანი მისცემენ ხმას დამოუკიდებლობას, პატივს სცემენ ქართულ ენას, პატივს სცემენ საქართველოს და სამართალს“ სრული მართებულობა.

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1991 წლის 4 აპრილს შეაჯამა რა რეფერენდუმის შედეგები, განაცხადა რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მხარი 3 295 493 ადამიანმა დაუჭირა. ნათელია რომ მხარდამჭერთა  აბსოლიტური უმრავლესობა პროფკავშირელი იყო.

საქართველომ იმ დღეებში ბევრი მიმართვა მიიღო. ლიტვის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ განაცხადა რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა „ეს არის ღირსების გზა, ლიტვა ხარობს თქვენთან ერთად“. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა კი № 94 რეზოლუციით განაცხადა „…ვინაიდან საქართველომ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ცენტრალური საბჭოთა  მთავრობის 17 მარტის რეფერენდუმში და საპასუხოდ 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა საკუთარი რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩეველთა 98,9%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ვადგენთ, რომ სენატი:

  1. ადასტურებს და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მიერ მშვიდობიან მცდელობებსა და დემონსტრაციებზე გამოხატულ მოთხოვნებს ეროვნულ-ტერიტორიული დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ;
  2. ადასტურებს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თვითგამორკვევის მოთხოვნას, რომელიც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე ქვეყნების საბოლოო აქტიდან გამომდინარეობს, საბჭოთა კავშირი კი ამ ორგანიზაციის წევრია;
  3. ადასტურებს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს, ისარგებლოს ღმერთის მიერ ბოძებული ადამიანის უფლებებით;
  4. პატივს მივაგებთ ქართველთა დიდ მსხვერპლს, გაღებულს1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რამეთუ ისინი იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები, მებრძოლნი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის;
  5. და მოვითხოვთ საბჭოთა კავშირის მთავრობისაგან, აღიაროს ქართველი ხალხის ნება და სცნოს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ლეგიტიმურობა.“

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესმა საბჭომ აღასრულა მილიონების და მათ რიგში პროფკავშირელთა ნება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. საქართველოს მილიონობით პროფკავშირელმა პირადი სოციალური და პოლიტიკური ინტერესები სახელმწიფო ინტერესებს დაუქვემდებარა, თავისი ყოველდღიური საქმიანობით ააღორძინა დამოუკიდებელი საქართველოს იდეა. თავისუფლებისათვის მებრძოლი ერი მოიპოვებს თავისუფლებას –  ეს პროფკავშირელთა საყოველთაო პოზიცია ღიად განცხადდა 1991 წლის 31 მარტის საერთო-სახალხო რეფერენდუმზე. რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე, ნახა რა სამშობლოს თავისუფლებისათვის საქართველოს ხალხის საყოველთაო ერთობა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა მართლაც წინასწარმეტყველურად აღნიშნა: „შეიძლება დაიპყრონ თქვენი ტერიტორია, მაგრამ თქვენს სულებს ვერასოდეს დაიპყრობენ…“

საქართველოს სუვერენიტეტი მშრომელთა დარაზმულობამ მოიტანა, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაში პროფკავშირელთა დიდი, შემოქმედებით აღსავსე ძალისხმევა, ბრძოლა და შრომაა ჩადებული, ეს კი ადასტურებს რომ სუვერენული საქართველო მათი კუთვნილებაა და ამ  ქვეყანაში მშრომელმა ადამიანმა სოციალური სამართლიანობის გარემოში უნდა იშრომოს და იცხოვროს.

დავით არაბიძეdamoukidebloba

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.