Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა საწარმოებში შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები აღმოაჩინეს

ინტერვიუ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიასთან


-რა ვითარებაა რეგიონებში, რა ხდება იქ, რა ძირითადი დარღვევეი გამოიკვეთა, რა ძირითადი დარღვევები არსებობს საწარმოებში?

– ჩვენ გავაკეთეთ ანგარიში ორ რეგიონთან დაკავშირებით. ეს არის შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. კერძოდ, გორსა და რუსთავში ჩვენ ორი წელია ევროკავშირის დაფინანსებით გახსნილი გვაქვს ოფისები, რომლებსაც ჩვენ ვეძახით მშრომელთა კონსულტაციისა და დახმარების ცენტრებს და ამ ოფისებში მუშაობენ ჩვენი წარმომადგენლები, იურისტები და არა მხოლოდ იურისტები. ჩვენ ორი კვირის განავლობაში ვაგროვებდით ინფორმაციას, გარდა იმისა, რომ ვეხმარებოდით ადამიანებს, ვაგროვებდით ინფორმაციებს იმ პრობლემებისა, რომლებიც არსებობს სხვადასხვა სფეროებში ამ რეგიონებში და პრინციპში პრობლემატიკა იდენტურია. ძირითადი დარღვევები ეს არის შრომით ხელშეკრულებების ნაწილში, უპირველეს ყოვლისა.

იგულისხმება შრომითი ხელშეკრულება არის ვადიანი, მოკლევადიანი, გრძელვადიანი თუ უვადო. ძალიან ხშირად ფიქსირდება შრომით კოდექსში შესული ცვლილებების დარღვევის ფაქტები. ისევ და ისევ გამოიყენება მოკლევადიანი ხელშეკრულებები. ადამიანები ხშირად განიცდიან ზეწოლას დამსაქმებლების მხრიდან და მათი ძირითადი ზეწოლის მექანიზმი ეს არის მოკლევადიანი ხელშეკრულებები, ანუ ის მუქარა, რომ მათ შეიძლება არ გაუგრძელდეთ კონტრაქტები, თუ არ მოიქცევიან “ჭკვიანად”. ასევე ფიქსირდება პრობლემა ზეგანაკვეთური ანაზღაურების ტარიფთან დაკავშირებით. არის შემთხვევა, როდესაც ზეგანაკვეთური ანაზღაურება საერთოდ არ არსებობს, არაა დადგენილი, ხოლო იქ, სადაც დადგენილია – ტარიფთან დაკავშირებითაა პრობლემა.

-ამ დარღვევების უმეტესობა, უკვე ასახულია “შრომის კოდექსში”. მაშინ რატომ აძლევენ კომპანიები საკუთარ თავს უფლებას, რომ დაარღვიონ კანონაის ნორმები და იგივე გრძელვადიანი ხელშეკრულებები არ გაუფორმონ დასაქმებულებს, იგივე ზეგანაკვეთური ანაზღაურება არ გადაუხადონ, რაში ხედავთ პრობლემას ამ შემთხვევაში?

– სამწუხაროა, ახლა უკვე რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა რკინიგზაში, სადაც რამდენიმე დღის წინ 7 დღიანი გაფიცვა დასრულდა, სამაგიეროს გადახდისა, შურისძიებისა. ისინი დაუბრუნდნენ ახლა და აგრძელებენ მშვიდობიანად მუშაობას. მაგრამ მასზე დაიწყო უკვე დევნა. რაც არ გვინდოდა დაგვეჯერებინა, მაგრამ მოველოდით და ეს ჩვენი მოლოდინი მართლდება. დაიწყო ზეწოლა ადამიანებზე. პირდაპირ მათ ათავისუფლებენ, ზოგ შემთხვევაში მშობლებს ათავისუფლებენ, ზოგს ემუქრებიან და ეს ყველაფერი, მე ამას დავარქმევდი განუკითხაობას, არის იმის გამო, რომ სახელმწიფო მოწოდებული არ არის მის მიერვე მიღებული შრომის კანონმდებლობა დაიცვას და განახორციელოს ცხოვრებაში. წესით და რიგით ამას ყველაფერს, გარდა იმისა, რომ სასამართლოს შეიძლება მიმართო, წესით ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში შრომის სახელმწიფო ინსპექცია არეგულირებს. ადამიანებს აქვთ საშუალება, მიმართონ შრომის სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვონ მათი უფლებების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ქაღალდზე არსებული, დაწერილი კანონები ცხოვრებაში არ ხორციელდება და მასზე მონიტორინგის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება შრომითი ინსპექციის სახით არ არსებობს საქართველოში სამწუხაროდ.

– 2015 წლის ბიუჯეტში არის გარკვეული თანხები ჩადებული შრომის ინსპექციის ასამოქმედებლად-ამ სფეროში რეფორმების კუთხით. თუ გაქვთ ინფორმაცია კონსულტაციები თუ მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან?

– კი, გვაქვს არა მხოლოდ შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროსთან კონსულტაციები, არამედ სხვა უწყებებიც არიან აქ ჩართული. მათ შორის ჩართულია და ეკონომიკის სამინისტრო მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვნად უნდა მონაწილეობდეს პროცესში, კულუარებიდან ესწრება და ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს პროცესზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელიც მონაწილეობს და ასევე, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციები . ევროკავშირი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულები არიან პროცესში, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბლოკავს ამ კონსულტაციების დროს რაიმე შედეგის მიღწევას. ამ ბოლო დროს ეკონომიკის სამინისტრომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისევ და ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის ფონზე, რომ პრინციპში დაეთანხმებოდა შრომის სახელმწიფო ინსპექციის მსგავსი სტრუქტურის შექმნას, ოღონდ იმ პირობით, რომ მხოლოდ შეამოწმებდა ასეთი სტრუქტურა და მონიტორინგს განახორციელებდა მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე და ისიც სანქციების უფლებების გარეშე. შეიძლებოდა ეს სანქციები ყოფილიყო შერბილებული სახით, მაგრამ არამც და არამც შრომის სახელმწიფო ინსპექციამ შრომითი უფლებების, ანუ შრომის კანონმდებლობის ცხოვრებაში გატარებაზე არ უნდა განახორციელოს მასში მონიტორინგიო. ჩვენთვის კი ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. არა მხოლოდ ჩვენთვის. ეს მიუღებელია იგივე ევროკავშირისთვის.

-დირექტივა რას გულისხმობს, რა მოთხოვნა აქვს ამ შემთხვევაში ევროკავშირს? როგორი უნდა იყოს შრომის ინსპექცია?

– ის უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის საერთაშორისო სტანდარტი და ეს ჩაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით, როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოწყობილი სახელმწიფო ინსპექცია და ეს არის ორი მიმართულება: შრომის უსაფრთხოება – ზედამხედველობა და შრომითი უფლებების განხორციელებაზე მონიტორინგის უზრუნველყოფა. ანუ ის შემთხვევები, რაც უკვე ჩამოვთვალეთ არ აქვს შესაბამისი კონტრაქტი, არ უხდიან მინიმალურ ანაზღაურებას, არ უხდიან დროულად, არ აძლევენ შვებულებას, დასდევენ და დევნიან სამსახურში იმის გამო, რომ შრომის უფლებას იცავენ და ა.შ. ეს ყველაფერი არის შრომის ინსპექციის ქვემდებარე საკითხები, რა თქმა უნდა, პროფკავშირისაც, მაგრამ პროფკავშირი არის არასამთავრობო სტრუქტურა, არ ვართ მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურა და შესაბამისად სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას თავისი მოქალაქე და განახორციელოს კანონი და ის, რაც ფურცელზეა დადგენილი გაიტანოს ცხოვრებაში. ეს არის სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტი, ანუ ვგულისხმობ შრომით სახელმწიფო ინსპექციას. მაგრამ ყველანაირად ისევე, როგორც წინა მთავრობის ეკონომიკის სამინისტრო ეწინააღმდეგებოდა, არანაკლებად ეწინააღდეგება დღევანდელი ეკონომიკის სამინისტრო ამ საითხებს. პირადად მაგალითად, მინისტრის მოადგილე – მიხეილ ჯანელიძე.

-თქვენ ახსენეთ ის დარღვევები, რომელიც რეგიონებში არის სხვადასხვა საწარმოებში. უკუკავშირი ალბათ გექნებათ მეწარმეებთან. მათი არგუმენტები რა არის ასეთი შეხვედრების დროს, რას ასახელებენ მიზეზად. რატომ ხდება უფლებების დარღვევა?

– მარტივია. მათი მხრიდან ეს ღიად არ ითქმება, მაგრამ მათი მოქმედებიდან ეს აშკარაა. მათ დამალული არაფერი არ აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ბატონ – პატრონი საწარმოში, სამუშაო ადგილზე. სხვას კი ხმის ამოღების უფლება არ აქვს. ადამინმა ყველაფერზე უნდა დახაროს თავი და სანამ წავა სამსხურიდან ის უნდა იყოს უუფლებო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სამსახურს დაატოვებინებენ, ან მასზე სადისციპლინო სასჯელს გაავრცელებენ ნახევარ ხელფასს ჩამოაკლებენ, პრემიას არ მისცემენ და ა.შ მიზეზი ელემენტარულია – ადამიანი უნდა იყოს მორჩილი და დაკმაყოფილდს იმით, რასაც დამსაქმებელი განუსაზღვრავს და მან არ უნდა ამოიღოს ხმა. სამწუხაროა. რომ ეს ასეა. ევროპასა და ცივილიზებულ ქვეყნებში დამსაქმებლები დასაქმებულებს ესაუბრებიან, მათთან სოციალური დიალოგი აქვთ, სხედან მაგიდასთან იხილავენ პრობლემებს, ეკითხებიან თუ კი არის პრობლემური საკითხი წარმოადგინონ და ერთად განიხილონ, ხელფასების გაზრდაზე ერთად მოვილაპარაკოთ და ა.შ. საქართველოში ეს კულტურა, როგორც ჩანს არ არის და როგორც ჩანს ეს უკულტურობა მომდინარეობს, უპირველესად მთავრობის გარკვეული წრეებიდან და შემდეგ ამისი თვითნებობა და თავაშვებულობა ასახვას პოულობს ადამიანების გაუბედურებაში სამუშაო ადგილებზე.

-ერთ – ერთ არგუმენტად ყოველთვის მეწარმეები და დამსაქმებლები ასახელებენ ესეთი ცვლილებებისა და საკუთარი თავის პოზიციების გამყარებას ცდილობენ იმით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული ეკონომიკა. გარდამავალი პერიოდია და ასეთ მკაცრ ჩარჩოებში ჩასმა ბიზნესს რთულ ვითარებაში აგდებსო?

– არავითარ შემთხვევაში, არ არის არანაირად მკაცრი ჩარჩოები. ეს არის ჰუმანური, ადამიანური ჩარჩოები. თუ ვინმეს ეჩვენება მკაცრ ჩარჩოდ ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება გამოთქვას პრეტენზია, თუ მას არ აძლევენ შვებულებას, არ აძლევენ ხელფასს თავის დროზე, არ აძლევენ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ანდა ეუბნებიან, რომ ამ პროფკავშირში არ გაწევრიანდე, იმაში გაწევრიანდი, ან საერთოდ არ გაწევრიანდე არაფერში, თორემ სამსახურიდან დაგითხოვენ. მაშინ ჰუმანურობა ადამიანობის სიმკაცრე ყოფილა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცივილიზობის მინიმალური დონე. უმრავლესობას არ ახასიათებს და ახლოსაც კი არ ეკარებიან ამ სტანდარტებს, სამწუხაროდ.

commersant.geusafr

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.