Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირი, როგორც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი

საქართველოში სტაჟიორების ანაზღაურების გარეშე მუშაობა სამწუხაროდ, არავის უკვირს. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამას ემატება მძიმე სამუშაო პირობები და არასათანადო დამოკიდებულება დამსაქმებლის მხრიდან. საგულისხმოა, რომ სტაჟიორების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებას ადგილი აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

მარი, 22 წლის: ”თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის სპეციალისტის ფაკულტეტი მაღალი შეფასებით დავამთავრე, რის შემდეგაც ჩემი პროფესიული კოდის მიხედვით დავრეგისტრირდი. რაც იმას ნიშნავს, რომ სტაჟირება ჩემი პროფესიით უნდა გამევლო. პირობა ასეთი იყო – 6-თვიანი სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივითა და 500-ლარიანი ანაზღაურებით. ყოველ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის ვებგვერდზე სწორედ ასე ეწერა. აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკაში გამანაწილეს, სადაც ამიხსნეს, რომ ბიბლიოთეკის საქმეები შემესწავლა. ვიფიქრე, ჩემთვის საჭირო და საინტერესო ლიტერატურას მაინც წავიკითხავდი, მაგრამ ასე არ მოხდა – ყველაფერს ვაკეთებდით წიგნებით სარგებლობის გარდა, ვარიგებდი ფლაერებსა და მოსაწვევებსაც. თუმცა, ”სტაჟირება” ამით არ ამოწურულა – უზარმაზარ, გაყინულ დარბაზში, სადაც დილიდან საღამომდე ფეხზე დგომა მიწევდა, ფაკულტეტებისა და სპეციალობებისთვის საჭირო წიგნები უნდა გადამემოწმებინა. როცა ვიკითხე,- ამის გაკეთება მე და ჩემნაირ სტაჟიორებს რატომ გვევალებოდა, – მითხრეს, რომ ესეც ბიბლიოთეკის საქმეებში შედიოდა. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ცოდნის და გამოცდილების თვალსაზრისით, ვერაფერი შევიძინე და დროც დავკარგე. შემეძლო ეს დრო სხვა რამისთვის გამომეყენებინა, თუნდაც ფასიანი სტაჟირება გამევლო.

ქეთი, 30 წლის:
”ერთთვიანი სტაჟირება გავიარე ერთ-ერთი ქსელურ მარკეტში და მივხვდი, რომ საქართველოში სტაჟიორად მუშაობა მონობის ან სულაც ნებაყოფლობითი ტრეფიკინგის ტოლფასია. ვაკეთებდით ყველაფერს, დისტრიბუტორის მიერ შემოტანილი პროდუქციის საწყობში ჩატანით დაწყებული, დახლებზე მისი განთავსებით დამთავრებული. მავალებდნენ მაცივრებისა და დახლების დასუფთავებას. ყველგან კამერები იყო დაყენებული და დაჯდომის უფლებაც კი არ მქონდა. სტაჟიორს ისე უყურებდნენ, როგორც მუქთა მუშახელს. ასეთ პირობებს ვერავინ უძლებს, ამიტომ თითქმის ყოველ კვირა ახალ-ახალი სტაჟიორები მოდიოდნენ”.

ირაკლი პეტრიაშვილი, პროფესიული  კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე: ”ამ საკითხზე საუბრისას, ისევ და ისევ იმ ყბადაღებულ თემამდე მივდივართ, – საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციით, აღებული ვალდებულელებით, იძულებითი შრომა, ტრეფიკინგი და აშ. აკრძალულია და ის მაგალითები, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, კანონდარღვევაა.

იძულებითი შრომა კანონით ისჯება. შრომის კოდექსის მეათე მუხლში წერია, რომ გამოსაცდელი ვადა, იგივე სტაჟირება, გულისხმობს, რომ ასრულებ შენს მოვალეობას და იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს მოეწონები, აგიყვანს სამსახურში, თუმცა სტაჟირების დროს შესრულებული სამუშაოც უნდა აგინაზღაუროს. თუმცა, ვინ უნდა დაადგინოს, რომ ამ ადამიანის უფლებები ირღვევა? ერთადერთი გზაა მიმართოს პროფკავშირებს, რომელიც ატეხს ერთ ამბავს, ან უკაცრავად გამოთქმაზე და, ბიზნესს ”გააბანძებს”.

ხშირად ვარიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს ამა თუ იმ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლის შესახებ და ვაფრთხილებთ მოქალაქეებს, რომ ნუ ისარგებლებენ კონკრეტული კომპანიის მომსახურებით, რადგან ისინი სტაჟიორების ან თანამშრომლების მონურ შრომას იყენებენ. ამ ეტაპზე სხვა ბერკეტი უბრალოდ არ არსებობს.

არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, სამსახური, რომელიც დააკვირდება, რამდენად სრულდება ქვეყანაში კანონმდებლობა. სასამართლოს დაზარალებულები არ მიმართავენ, რადგან მას უწევს ბაჟის გადახდა და სამახურის გარეშე დარჩენილ ადამიანს, სად აქვს საფინანსო ბაჟის გადახდის საშუალება. გარდა ამისა, სასამართლო პროცესი დროში იწელება და დაზარალებულს მიაჩნია, რომ მას არ უღირს ამის გაკეთება. შრომის კანონმდებლობის აღსრულება რომ მოხდეს, ამისთვის მხოლოდ ერთი რამ – პოლიტიკური ნებაა საჭირო. შრომის ინსპექტირება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”. gamoz

წყარო: http://www.bpn.ge/analizi/9138-stazhireba-nebayoflobithi-trefikingi.html?lang=ka-GE

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.