Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირში გაერთიანება – აზარტული თამაშების ბიზნესში დასაქმებულთა  რთული  ამოცანაა

 

14568სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოს შრომის ბაზარზე აზარტული თამაშების ბიზნესს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 6 ათას მუშაკს, ხოლო ჯამურმა ბრუნვამ 1,5 მილიარდ ლარს. აზარტული თამაშების ბიზნესის სფეროში შედის სამორინე (კაზინო), სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი და ლატარია. აზარტული თამაშები ადამიანის ილუზიას იყენებს და შემთხვევითობის პრინციპით გამდიდრებას პირდება.

აზარტული თამაშების სფეროში სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებია, რომლებიც ურთიერთისგან განსხვავდებიან, ესენი არიან:

სამორინე ქართულად და (პატარა სახლი) იტალიურად სათამაშო დაწესებულება, სადაც ბანქოს, რულეტის ან სხვა მსგავსი საშუალებებებით მიმდინარეობს თამაში ფულზე. ევროპაში ფულად–სასაქონლო ურთიერთობების განვითარებამ საფუძველი შეეუქმნა პირველი სამორინეების გაჩენას, რომელთაგან ისტორიისთვის ცნობილია ვენეციაში 1626 წელს გახსნილი სამორინე, ბად–ემსში 1720 წელსა და ბადენ–ბადენში (მეფეებისა და იმპერატორების კურორტი) 1748 წელს გახსნილი სამორინეები, მაგრამ ყველაზე პომპეზური და გრანდიოზული იყო, დღესაც სახელგანთქმული, 1865 წელს გახსნილი „La Grand Casino de Monte Carlo“ მონაკოს სათავადოში.

სათამაშო აპარატების სალონები ე.წ. „სლოტ–კლუბები“, სადაც თამაში მიმდინარეობს ელექტრონული ან მექანიკური სათამაშო აპარატებით, რომელთა შესაბამისი პროგრამები და მექანიზმები იძლევა ფულად მოგებას ან მოგების განსაზღვრის საშუალებას.

ტოტალიზატორი იგივე საბუკმეკერო ბიურო ფულად ფსონებს იღებს სხვადასხვა თამაშებთან დაკავშირებით. მან საკუთარი სახელი ფრანგული სიტყვიდან totaliser –(შეჯამება) მიიღო.

ლატარეამ სახელი კი ჰოლანდიური სიტყვიდან Lot – (ბედი) მიიღო. ლატარეა შეიძლება იყოს მომენტალური, ტირაჟიანი, ტოტო, ლოტო და ბინგო.

საქართველოში პირველი სამორინე – „ორი ჯუჯა“, შვედური ინვესტიციის საფუძველზე, თბილისის ფილარმონიის შენობაში ჯერ კიდევ 1990 წელს გაიხსნა. დღეს აზარტული თამაშების ბიზნესსი 100–ზე მეტი კომპანია ოპერირებს, რომელთაგან 30–ზე მეტი მსხვილ საწარმოთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომერციული საიდუმლოების დაცვის საბაბით დღემდე არ აქვეყნებს ინფორმაციას ამ კომპანიების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადახდილი თანხებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ. აზარტული თამაშების ბიზნესს საქართველოში 6 იურიდიული აქტი არეგულირებს:

ა) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღბის, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველო ფინანსური მონიტორინგის სამსახურისტვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებისა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვლოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის №94 ბრძანება;

ბ)“აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ნბართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611–1013 ერთობლივი ბრძანება;

გ)“სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე)“სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ)“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველო კანონი.

აზარტული თამაშების ბიზნესში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან დასაქმებულნი: დამლაგებლები, მიმტანები, მოლარეები, რეგისტრატორები, მიმღებები, დილერები, კრუპიეები (თამაშის წამყვანები), პიტ–ბოსები (გამოცდილი მოთამაშეები), მენეჯერები, დირექტორები. აქ დასაქმებული ადამიანების შრომა, როგორც წესი ზეგანაკვეთურია, ქვედა და საშუალო რგოლის მუშაკები არც არანაირი სოციალური პრფერენციებით არ სარგებლობენ, ეს კი ნათლად ადასტურებს – აზარტული თამაშების ბიზნესში დასაქმებულებს ჰაერივით სჭირდებათ პროფკავშირში გაერთიანება, რათა ორგანიზებულად, წარმატებით დაიცვან საკუთარი სამართლიანი ინტერესები დამსაქმებლებთან, სრულად ისარგებლონ სოციალური, შრომითი, ეკონომიკური და პროფესიული უფლებებით. მხოლოდ პროფკავშირს შუძლია იყოს აზარტული თამაშების ბიზნესში დასაქმებულთა კანონიერი მიზნები ეფექტური განმახორციელებელი, საზოგადოებაში მათი სოციალური სტატუსის დამცველი. პროფკავშირში გაერთიანება აზარტული თამაშების ბიზნესში დასაქმებულებს გზას გაუხსნის პროფესიული და კარიერული ზრდისკენ, დამსაქმებლებს კი საიმედო სოციალური პარტნიორებს მისცემს, ეს ყოვლივე კი საქართველოში მოქმედ აზარტული თამაშები ბიზნესს უცილობლად მაღალ, ცივილიზებულ სტრუქტურად ჩამოაყალიბებს.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.