Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რეგიონალური  ქსელის  შეხვედრა  ქ. ბაქოში

images-2%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9dსტატიის  ავტორი:  დავით  არაბიძე

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის სრულიად ევროპის რეგიონული საბჭოს ორგანიზებით 2016 წლის 22-24 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა სრულიად ევროპის რეგიონალურ საბჭოს რეგიონულ ქსელში შემავალი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების პროფკავშირების შრომის დაცვის სპეციალისტთა შეხვედრა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილობა მიიღეს: აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკისა და უკრაინის პროფკავშირების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების პროფკავშირების წარმომადგენლებმა საკუთარ მოხსენებებში აღწერეს ვითარება რეგიონის ქვეყნების სამუშაო ადგილებზე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, როგორც გარკვეული მიღწევები, ასევე ის პრობლემები, რომელიც არის სამუშაო ადგილებზე, როგორც ტექნიკური უსაფრთხოების, ასევე ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ნაჩვენებ იქნა პროფკავშირული გაერთიანებების ბრძოლა მშრომელთა შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად. შრომის დაცვის სპეციალისტებმა განიხილეს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, პრაქტიკა, ბოლო ტენდენციები, ვითარების გაუმჯობესებისკენ მიმართული პოტენციური ზომები. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ შრომის დაცვის პირობების გაუარესების პარალელურად იცვლება შრომის ფორმები, იზრდება არამდგრადი დასაქმება, იმავდროულად ბევრ ქვეყნის შრომით კანონმდებლობაში ხორციელდება მშრომელთა უფლებების შემლახავი ცვლილებების განხორციელება. ასევ აღინიშნა, რომ სამუშაო ადგილებზე იზრდება დასაქმებულთა დაავადებისა და ტრავმატიზმის ფაქტები, ლეტალური შედეგები, რაც დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს დიდ მორალურ-ფსიქოლოგიურ ტკივილსა და მატერიალურ ზარალს აყენებს, ასეთი შედეგებით ზარალდება ასევ მთელი საზოგადოებაც. პროფკავშირები დაუშვებლად მიიჩნევენ შრომის უსაფრთხოების სფეროში ფინანსური ხარჯების შემცირებას, პირიქით აუცილებელად მიიჩნევენ  ამ  ხარჯების გაზრდას, რათა დამსაქმებლებმა მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი გახადონ უსაფრთხო, გააძლიერონ პროფილაქტიკური მუშაობა. პროფკავშირები მოუწოდებენ სოციალურ პარტნიორებს რომ მათი ყურადღება ამ მიმართულებით მეტად გამახვილდეს.

შრომის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რეგიონალური შეხვედრის მონაწილეებმა აუცილებლად მიიჩნიეს შრომის დაცვის საკითხებში პროფკავშირების მაკონტროლებელი როლის გაზრდა, რაც უნდა აისახოს სათანადო კანონმდებლობაში, რომ პროგრესმა ან მიმართულებით სიმყარე შეიძინოს.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შრომის დაცვისა და ინსპექტირების ეროვნული სისტემების შესუსტებამ მხოლოდ გაზარდა ნეგატიური შედეგები, რასაც თან დაერთო პროფილაქტიკის კონკრეტული სტრატეგიების არ არსებობა. შესუსტდა პროფკავშირების მნიშვნელობა შრომის ინსპექციის, სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის პრევენციისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის განხორციელების საკითხებში.

     შეხვედრის დასასრულს პროფკავშირების შრომის დაცვის სპეციალისტებმა მიიღეს მემორანდუმი, რომელშიც აღინიშნა:

„ჩვენ შეხვედრის მონაწილეები მოვუწოდებთ სოციალურ პარტნიორებს სოციალური დაიალოგისა და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისკენ, რათა შრომის დაცვა და საწარმოო უსაფრთხოება ჩვენს ქვეყნებში სრულად შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს;

მოვუწოდებთ ხელისუფლებებს, რათა მათ გამოიჩინონ სათანადო პოლიტიკური ნება, რათა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენციის „შრომის ინსპექციის შესახებ“ და №155 კონვენციის „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ ყველა მუხლის სრული იმპლემენტაცია;

მოვუწოდებთ შრომის დაცვისა და პროფილაქტიკის საკითხებში გაძლიერდეს პროფკავშირების პროპაგანდისტული როლი;

მიგვაჩნია, რომ სიცოცხლისუნარიანი საინსპექციო სისტემები, კანონის აღსრულება, სოციალური პარტნიორობა მთავრობას, დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს შორის არის მდგრადი განვითარების ძირითადი პირობა.

მივიჩნევთ, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების  სტანდარტების დანერგვაში პროფკავშირების პოტენციალი  გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა დონეზე.

კრიტიკულად ვაფასებთ მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოებში რისკების შეფასების არსებულ  სისტემას, იგი უაღრესად ნაკლოვანია, რადგან ეს სისტემა დასაქმებულებს დიდი ფსიქოლოგიური, ონკოლოგიური და ეკოლოგიური რისკების ქვეშ აყენებს.

ჩვენი მოწოდებაა – მოქმედება!

  • ჩვენ გვჭირდება რეგიონალური ქსელის წევრი ქვეყნების შრომის დაცვის სფეროებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების განხორციელების ზუსტი შეფასება;
  • ჩენ გვჭირდება რეგიონალური ქსელის წევრ ქვეყნებში შრომის უსაფრთხოების დაცვის პირობების გაუმჯობესების გეგმა;
  • ჩვენ მოვითხოვთ ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში 21-ე საუკუნის შესაფერის სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს;

მხოლოდ საუბარი ღირსეულ შრომაზე საკმარის არაა, ჩვენ კონკრეტულ მოქმედებებს მოვითხოვთ!

ქ. ბაქო, 2016 წლის 24 ნოემბერი.“

მემორანდუმის მიღებით რეგიონალური ქსელის შეხვედრამ მუშაობა დაასრულა.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.