სამუშაოს მაძიებელთა პროგრამით პროექტში მონაწილე კომპანიებში 1 ადამიანი დასაქმდ
საქართველოს პროფკავშირების კვლევის თანახმად, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული 601 ადამიანიდან პროექტში მონაწილე კომპანიებში მხოლოდ 1 პირი დასაქმდა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, “სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების 2015 წლის სახელმწიფო პროგრამა” გამოიკვლია.
კვლევის ავტორების განმარტებით, არ არსებობს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა სრული საკონტაქტო ინფორმაცია, რის გამოც ძალიან გართულდა პოტენციური რესპონდენტების მოძიება. შესაბამისად, პროგრამაში მონაწილე 601 პირიდან ინტერვიუ ჩატარდა 57-თან.
კვლევის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი 1.9 მილიონი ლარი საკმარისი უნდა ყოფილიყო 1310 პირის გადამზადებისთვის, თუმცა პროგრამას 601 ბენეფიციარი ჰყავდა:
“ანუ, შესაძლო ბენეფიციართა რაოდენობის 46%, რომელთაგან 415-მა დაამთავრა გადამზადების თეორიული კურსი. მათგან 186-მა ვადაზე ადრე შეწყვიტა სწავლა. გამოყოფილი თანხიდან გაიხარჯა მხოლოდ 232 691 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ კოლეჯში სწავლებისთვის თითოეული ვაუჩერის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 1 000 ლარზე მაღალი ფასის, ხოლო სტაჟირების ხანგრძლივობა, რომლის ანაზღაურებაც შეადგენდა თვეში მაქსიმუმ 150 ლარს, უნდა გაგრძელებულიყო არაუმეტეს 3 თვისა. თითო ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იყო არაუმეტეს 1 450 ლარი.”
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნების მიხედვით, 2015 წლის პროგრამის მონაწილეთა იმ ნაწილმა, რომლებმაც სწავლა ვადაზე ადრე შეწყვიტეს, ამ გადაწყვეტილების უმთავრეს მიზეზად სწავლების დაბალი ხარისხი დაასახელეს.
ამავე კვლევით, პროგრამაში ჩაერთო მხოლოდ 2 კომპანია. ერთ-ერთ მათგანთან სტაჟირების გავლის მსურველთა არარსებობის გამო შეწყდა ხელშეკრულება, ხოლო მეორე კომპანიაში სტაჟირება გაიარა 2-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ დასაქმდა პროგრამაში მონაწილე ამ კომპანიაში.
კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის დამთავრებიდან 2 თვეში ჩაატარა გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა ბენეფიციართა 60% (360 ბენეფიციარი) . გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთაგან დასაქმებული იყო 35 ბენეფიციარი, რაც შეადგენს გამოკითხულთა 9,7%-ს. კვლევის მიხედვით, თუ იგივე პროპორციით დასაქმდა ბენეფიციართა ის ნაწილიც, რომელიც არ გამოკითხულა, საერთო დასაქმულთა რაოდენობა შეადგენდა 601×9,7%=58 ადამიანს.
“გამოკითხულ რესპონდენტთა 70%-მა არაფერი იცოდა სტაჟირების პროგრამის შესახებ. დაბალი იყო ბენეფიციართა ზოგადი დასაქმების მაჩვენებელი – 9,7% , ხოლო პროექტში მონაწილე კომპანიებში 1 (0,11%) ადამიანი დასაქმდა,” – ვკითხულოთ კვლევაში.
კვლევის თანახმად, 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთა 96% (2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით) კვლავ ეძებდა სამსახურს:
“რესპონდენტთა სუბიექტური შეფასებით, პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა საშუალოზე ოდნავ მაღალია; გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნით ვერ დასაქმდებიან.”
“ეს იყო პროგრამის პირველი ეტაპი, ამიტომ საკმაოდ ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ისე ვერ დაიხარჯა თანხები, როგორც სასურველი იქნებოდა. იმედი გვაქვს, რომ ამ ხარვეზების წარმოჩენის შემდეგ ხელისუფლებას პროგრამის შემდეგი ეტაპების წარმატებით განხორციელება გაუადვილდება,” – ამბობს გიორგი ჭანტურიძე, კვლევის თანაავტორი.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროგრამების შედგენის წინ წარმოებული კვლევის პროცესში პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია აქტიურად არ იყო ჩართული, რადგან ბენეფიციარებისთვის შექმნილ ზოგიერთ პროგრამაზე ჯგუფები არ შედგა.
“პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებისთვის მსგავსი მოკლევადიანი სასწავლო კურსი საკმარისი არაა. პირიქით, გამოკითხულთა აზრით, ამისთვის შედარებით გრძელვადიანი პროგრამებია საჭირო.”
პროფკავშირებით ხელმძღანელის, ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, პროგრამა რეალურ შედეგს ჯერჯერობით არ იძლევა:
“პროგრამაში ჩართული არ იყვნენ სოციალური პარტნიორები; ძალიან ცოტა ადამიანი დასაქმდა. პროგრამით მხოლოდ ერთი ადამიანი დასაქმდა, სხვებმა ახლობლების საშუალებით გამოძებნეს სამუშაო. ეს შედეგები სასიხარულო ნამდვილად არ არის. შრომის ბაზარია კარგად შესასწავლი, რათა გავიგოთ, რა პროფესიებია მოთხოვნადი, რა პროფესიებში უნდა გადავამზადოთ მოქალაქეები,” – ამბობს პეტრიაშვილი და აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიქმნას შრომის ბირჟა.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა ჟორჟოლიანი არ ეთანხმება აზრს, რომ პროგრამა ჩავარდა. მისი თქმით, არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებას დრო სჭირდება:
“დამსაქმებლები პროგრამაში ჩართული არიან, შექმნილია სამუშაოს მაძიებელთა ვებ-გვერდი, ასევე ამ გვერდზე აისახება ინფორმაცია, თუ რა პროფესიებზეა მოთხოვნა, და ამის მიხედვით ხდება გადამზადება. ამას გარდა, მოქმედებს სტაჟირებისა და ხელფასის თანადაფინანსების პროგრამა. ვერ გეტყვით, რომ პროგრამა აბსოლუტურად სრულყოფილია და არაფერს საჭიროებს, გვაქვს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხარვეზები, რომლებიც თანდათან სწორდება. იგივე შრომის ბირჟა რომ არსებობდეს, უნდა არსებობდეს კანონი დასაქმების შესახებ. ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს, ეს არ არის ხანმოკლე პროცესი.”
აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
- საწარმოები, რომლებშიც ბენეფიციარები გაივლიან სტაჟირებას, შეირჩეს პროგრამის დაწყებამდე, მკაცრ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. კრიტერიუმები განისაზღვროს სოციალური პარტნიორების მონაწილეობით.
- შეიქმნას პროექტის მრჩეველთა ჯგუფი სოციალური პარტნიორების შემადგენლობით, რომელიც მინიმუმ თვეში ერთხელ შეიკრიბება და განიხილავს პროგრამის მიმდინარეობას.
- უკეთესად იქნეს უზრუნველყოფილი პროგრამის საინფორმაციო კამპანია, როგორც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების, ასევე კონკრეტულ სამიზნე ჯგუფთან მუშაობის კუთხით. სოციალური პარტნიორობა უკეთ უნდა იქნეს ამოქმედებული პროგრამის დაგეგმვის, იმპლემენტაციის და შეფასების პროცესებში.
- პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შედგენისას სახელმწიფომ, მის ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად, უნდა გამოიყენოს ის ინფორმაციაც, რომელიც გააჩნია კოლეჯებს. კოლეჯებს უშუალო კონტაქტი აქვთ დამსაქმებლებთან და ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებიც აქვთ მათთან გაფორმებული. ასეთ პროფესიებზე მოთხოვნის არსებობის შემთხვვაში კოლეჯებს შეუძლიათ შუამავლის როლი იკისრონ პროგრამის ბენეფიციარებსა და დამსაქმებლებს შორის.
- სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროფესიათა ჩამონათვალი უნდა შედგეს იმ პროფესიების მიხედვით, რომლებზეც საკმარისია პროფესიული განათლება და დამსაქმებლები არ ითხოვენ უმაღლეს განათლებას.
შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა 2015 წელს აამოქმედეს.
სამუშაოს მაძიებელთა პროგრამით პროექტში მონაწილე კომპანიებში 1 ადამიანი დასაქმდა