ავტორი: დავით არაბიძე
სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში დასაქმებულებმა პროფკავშირი შექმნეს. პირველადი ორგანიზაცია ამ ეტაპზე ორ ათეულზე მეტ წევრს აერთიანებს, თუმცა პოტენციურ წევრებს შორის, სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში არსებულ სამ სადგურში დასაქმებული, ათასზე მეტი ადამიანია.
როგორც ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ისინი სხვების გამოცდილებასაც ითვალისწინებენ და მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო PSG-1 სადგურის შპს „მეგა ფუდი“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მაგალითი, რომელმაც კოლექტიური ხელშეკრულების დადებამდე მოახერხა, რომ მიეღწია ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიც იყო ხელფასის გაზრდა, ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ანაზღაურება, სამედიცინო დაზღვევა, ფასიანი შვებულება, პატაგონური შრომის დასრულება და ახალი პერსონალის დასაქმება, პირადი ჩხრეკების აღკვეთა და სხვა მნიშვნელოვან საკითხები.
სხვების გამოცდილების გაზიარებით ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ პირველმა მიმართა ინიციატივით დამსაქმებელს შპს – დასაქმების სააგენტო „ეიჩარ“-სხელმოწერილი ყოფილიყო კოლექტიური ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელი აღნიშნული შპს-ა და არა თავად ტრანსნაციონალური კორპორაცია „BP“ – „ბრიტიშ პეტროლიუმი“.
კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ორგანიზაციის წევრებმა მოამზადეს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწესრიგებს შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის. პროექტი ითვალისწინებს ხელშეკრულების გავრცელდება ყველა დასქმებულზე და მასში მოცემული ვალდებულებების შესრულების პერიოდულად მონიტორინგს.
ხელშეკრულების პროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ მის გარდა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის ურთიერთობის რეგულირება განხორციელდება შიდა განაწესის, ქცევის კოდექსის, ინდივიდუალური ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების პროექტი არეგულირებს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, შრომის ანაზღაურების, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გამართულია, ხელშეკრულებაზე დამსაქმებელს ჯერ არა აქვს ხელი მოწერილი.
პრობლემურ საკითხად რჩება, მოთხოვნა, დამსაქმებლის მიერ ანაზღაურდეს ის სამუშაო საათები, რომელსაც ორგანიზაციის წევრები პროფკავშირული საქმიანობისთვის გამოიყენებენ.
ორგანიზაცია ასევე მოითხოვს დასაქმებულთათვის ხელფასის გაცემას აშშ-ს დოლარის კურსის გათვალისწინებით, რადგან ქართული ლარის მერყეობამ და დაცემამ შეამცირა დასაქმებულთა ხელფასის მსყიდველობითი უნარი. მოთხოვნებში შედის აგრეთვე ხელფასის მომატებაც, რადგან გაიზარდა შრომითი დატვირთვა.
დამსაქმებელმა გამოყო სამუშაო ფართი, ავეჯი და ტელეფონი, თუმცა პროფორგანიზაციის ხარჯზე. დღეს მთავარ ამოცანად კოლექტიური ხელშეკრულება რჩება, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გზა გაუხსნას სოციალურ პარტნირობას.
ახალი ორგანიზაცია გაერთიანებულია საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირში, რომელსაც მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს მონათესავე გლობალურ პროფგაერთიანებასთან.
გოჩა კვიტატიანი, ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე: “სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის, საერთო ძალისხმევისა და ურთიერთ თანადგომის საფუძველზე სრულიად შესაძლებელია სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში მძლავრი პროფკავშირული მოძრაობის გაშლა.”