Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება  (Amicus Curiae)  შრომით ურთიერთობებში ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხზე

2023 წლის 6 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინა – სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) სარჩელზე, რომელიც შრომით ურთიერთობაში ასაკის ნიშნით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთობლიობაში, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს ეხება.

მოსარჩელე ლ.თ. დასაქმებული იყო შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო-სამაშველო სიტუაციების მართვის I სახანძრო-სამაშველო განყოფილების ოპერატორის თანამდებობაზე. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. თუმცა, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, ხაზი გაესვა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის გამოვლენას; ასევე, ასახა ასაკის ნიშნით (ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთობლიობაში) განსხვავებული მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკა და განსხვავება ისეთ შემთხვევებს შორის, როდესაც ასეთი მოპყრობა, ერთი მხრივ, გამართლებულია, მეორე მხრივ კი – დისკრიმინაციას წარმოადგენს. სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, ასევე წარმოადგინილ იქნა განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიებების გამოყენების სტანდარტები.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია, დავის განმხილველმა სასამართლომ შეაფასოს, გამოყენებული იქნა თუ არა, ობიექტური გამართლების მქონე საფუძვლებზე დაყრდნობით, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად საჭირო ყველაზე ნაკლების ინტენსივობის ჩარევის მქონე საშუალებები, პროპორციულობის პრინციპის დაცვით; ამგვარი ასაკობრივი ზღვრის დაწესებით, სამუშაო ადგილზე რამდენადაა უზრუნველყოფილი ხანდაზმული მუშაკების პროფესიული ინტეგრაცია და პირიქით, საფრთხის წინაშე ხომ არ აყენებს მათი სტაბილური დასაქმების შესაძლებლობას, რაც, ასევე, დასაქმებულთა დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

პროფკავშირების გაერთიანება მადლობას უხდის სახალხო დამცველის აპარატს წარდგენილი მოსაზრებისთვის, რომელიც შრომით ურთიერთობებში  დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანია.

დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  იურისტისერგო მახარაძე იცავ, ხოლო პროცესში აქტიურად არის ჩართული საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.