დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების და ყაზახეთის პროფკავშირების ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთმოქმედების და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ყაზახი სტუმრების საქართველოში ვიზიტის ერთ–ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქართული პროფკავშირების მუშაობის გამოცდილების გაზიარება. ამას გარდა, ყაზახეთის პროფკავშირებს მიზნად დასახული აქვთ, მსოფლიო პროფკავშირულ ორგანიზაციებში გაწევრიანება და ამ გზაზე ქართველი კოლეგების მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, საქართველოს პროფკავშირებს მსოფლიო პროფკავშირულ მოძრაობაში გამორჩეული ადგილი უკავია და დიდი ავტორიტეტი გააჩნია. შესაბამისად, ყაზახეთის პროფკავშირების სურვილია, რომ საერთაშოროსო ორგანიზაცოებთან ინტეგრაცია ქართველების დახმარებით მოახდინონ.
შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ყაზახეთის პროფკავშირები მზად არის ორგანიზება გაუწიოს საქართველოში წელიწადში 100 ათასზე მეტი ტურისტის შემოყვანას და ამის პარალელულად ყაზახეთის პროფკავშირების თავმჯდომარე მზადაა, ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭიროს ყაზახეთში ქართული პროდუქციის რეალიზებაში. საქართველოს პროფაკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მოხარულია ყაზახ კოლეგებთან დამყარებული ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლით და იმედოვნებს, რომ ეს შეთანხმება ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყების წინაპირობა გახდება.