ახმეტის მუნიციპალიტეტი 8 თვის ორსულის, ანა ახალაურის სამსახურში აღდგენის საკითხზე კვლავ დუმს. იმ შემთხვევაში, თუ ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური არ შეცვლის გადაწყვეტილებას, მას სასამართლოში არამხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილების, არამედ საკუთარი თავის დაცვაც მოუწევს. დანაშაული, რომლის ნიშნებსაც მისი გადაწყვეტილება შეიცავს, ორ წლამდე პატიმრობას, სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან სოლიდურ ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ სარჩელის მზადება უკვე დაიწყო.
საქართველოს კანონმდებლობა დასაქმებული ქალის მიმართ (მისი ფეხმძიმობის ან მისი შვილის 3 წლამდე ასაკში ყოფნის პერიოდში) აკანონებს განსაკუთრებულ მოპყრობას, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ემუხლისმე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის, ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა 8 თვის ორსული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ანა ახალაურმა წინა დღეს, 13 აგვისტოს დაწერა განცხადება დეკრეტულ შვებულებაში გასვლის მოთხოვნით, რაზეც ბაიდაურმა უპასუხა, რომ არ დააკმაყოფილებდა მოთხოვნას და ახლოურს ტესტირების ჩაბარება და გასაუბრების გავლა შესთავაზა დეკრეტის სანაცვლოდ. ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო ორსულობის ვადების გათვალისწინებით, რის შემდეგაც ანა ახალაური იძულებული გახდა განცხადება დაეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ. აღნიშნული განცხადება ბაიდაურმა იმავე დღეს დააკმაყოფილა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ანა ახალაური ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ბოლო ორი წელია, რაც ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტად გადაიყვანეს დროებით, ისიც მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პოზიციაზე მომუშავე ნათია ბაჩულაშვილს სწორედ იგივე მიზეზით, დეკრეტული შვებულებების გამო მოუწია სამსახურის დატოვება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი შეშფოთებულია ბექა ბაიდაურის უკანონო ქმედებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი შეიცავს დამსაქმებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. არც ერთი დასაქმებული ქალი, რომელიც დეკრეტული შვებულების მოლოდინშია, ბუნებრივია არ დაწერს საკუთარი ნებით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას, მაშინ როდესაც მას, როგორც საჯარო მოსამსახურეს შეუძლია მიიღოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის მიზეზით შვებულების კუთვნილი ანაზღაურება.
გარდა ამისა, საქართველოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილში ვკითხულობთ, რომ „მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია“. კერძოდ, საჯარო სამსახურში მომუშავე პირის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ბიუჯეტი გაცილებით დიდია, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებული პირის, რომლის დეკრეტული შვებულების კომპენსაცია უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოდან გადახდილ 1000 ლარს შეადგენს. საინტერესოა, რამდენად იყო შესაძლებელი დასაქმებულის მხრიდან სამსახურიდან ყოველგვარი კომპენსაციის მიღების გარეშე, თავისი ნებით წასვლა.
პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა დასაქმებულის ფუნდამენტური უფლება: „დედობის უფლება“. გამგებლის მიერ განხორცილებული ქმედება, მის მიერ გამოცემული ბრძანება შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს, რადგან ქალთა მიმათ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის ა პუნქტი კრძალავს დისკრიმინაციას, კერძოდ სამუშაოდან დათხოვნას ორსულობის მიზეზით ან ორსულობის ან მშობიარობის გამო შვებულების მიზეზით.
ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების ქალთა კომიტეტი ხედავს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებლის მხრიდან დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აღნიშნული მუხლის მიხედვით, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.
პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი მიმართავს ბექა ბაიდაურს, აღადგინოს ანა ახალაური თავის პირვანდელ სამუშაო ადგილზე, რათა მას საშუალება მიეცეს, ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით მისი ანაზღაურების წესის შესაბამისად, რაც მას კანონით ეკუთვნის.