საქართველოს შრომის ბაზარზე აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებულ ობიექტებში თითქმის ექვსი ათასობით ადამიანია დასაქმებული, რაც დაქირავებული შრომით მცხოვრები მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამ სფეროში მოქმედი ობიექტების ჯამური ბრუნვა 1,5 მილიარდ ლარამდე აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50-ჯერ გაიზარდა. ამ ბიზნესის ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ადამიანების ილუზიის ექსპლუატაცია, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ჰპირდება მათ გამდიდრებას. მათგან ყველაზე გავრცელებულია სამორინე (კაზინო), სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი და ლატარია.
სამორინე ქართულად და Casino იტალიურად (პატარა სახლი) სათამაშო დაწესებულებაა, სადაც ბანქოს, რულეტის ან სხვა მატერიალური საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს თამაში ფულზე. პირველი სამორინეები ევროპაში უკვე ფულად-სასაქონლო ურთიერთობების გამალებული განვითარების კვალობაზე წარმოიშვნენ: 1626 წელს ვენეციაში, 1720 წელს ბად-ემსში და 1748 წელს ბადენ-ბადენში (მეფეებისა და იმპერატრების კურორტი). XVII-XIX საუკუნეებში კაზინოები ამოქმედდნენ ევროპის ყველა ქვეყანაში დაწყებული ესპანეთით და რუსეთით დამტავრებული. 1865 წელს გრანდიოზული პომპეზურობით გაიხსნა მსოფლიოში დღესაც უაღრესად ცნობილი კაზინო “La Grand Casino de Monte Carlo” მონაკოს სათავადოში.
ცარიზმის პერიოდში საქართველოში აზარტული თამაშები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ კლასიკური ტიპის კაზინოების განვითარება არ მომხდარა. საბჭოთა პერიოდში აზარტული თამაშები აკრძალული კი იყო, თუმცა არალეგალურად ეს თამაშები მუდმივად ხორციელდებოდა დაფარულ პირობებში. გარდაქმნის ეპოქის დადგომამ კაზინოს ლეგალიზაცია გამოიწვია და 1989 წლის 23 აგვისტოს სსრკ-ს დედაქალაქ მოსკოვში სასტუმრო “სავოიში“ გაიხსნა პირველი სამორინე (კაზინო). 1990 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქ თბილისში შვედური ინვესტიციის შემწეობით გაიხსნა პირველი ლეგალური სამორინე „ორი ჯუჯა“, რომელმაც სადგური ფილარმონიის ერთ-ერთ დარბაზში დაიდო. დღეს სათამასო ბიზნესი საქართველოს 100-ზე მეტი კომპანიის ოპერირების სფეროა და მათგან 30-ზე მეტი მსხვილ საწარმოთა კატეგორიაში ირიცხება. ფინანსთა სამინისტრო კომერციული საიდუმლოების დაცვის საბაბით არ აქვეყნებს ინფორმაციას ამ კომპანიების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადახდილი თანხებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.
საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესს ექვსი იურიდიული აქტი არეგულირებს:
1.“ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და “სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუსავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის #94 ბრძანება.
2, “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინასთა მინისტრისა და შენაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის #611-1013 ერთობლივი ბრძანება.
3. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. „ ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
5. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
უნდა ითქვა, რომ არის ისეთი აზარტული თამაშების საწარმო, როგორიცაა “საქართველოს ლატარიის კომპანია“, რომლის 70%-ის მფლობელი “საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით სახელმწიფოა, ხოლო დანარჩენ 30%-ს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია “ლექსორ კაპიტალი“ ფლობს.
აზარტულ თამაშებს განეკუთვნება სათამაშო აპარატების სალონები ე.წ “სლოტ-კლუბები“. ამ ძირითადად ელექტრონულ, თუმცა არიან მექანიკური სათამაშო აპარატებს აქვთ შესაბამისი პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც იძლევა ფულად მოგებას ან ამ მოგების განსაზღვრის საშუალებას. ეს სათამაშო აპარატებიც, როგორც წესი განლაგებულნი არიან სამორინეებში.
აზარტული თამაშია – ტოტალიზატორი, იგივე საბუკმეკერო ბიურო. ეს ასევე ძველი მოვლენაა. ბრიტანეთში დოღის გამართვისას ცხენსა და მხედარზე ფულად ფსონს ჩამოდიოდნენ და რადგან მე-18 საუკუნეში სოციალურად პრესტიჟული ფრანგული ენა იყო, აზარტუ;ლი თამაშების ამ სახეობას ფრანგული სახელი totaliser(შეჯამება) უწოდეს. ჯირითის რა მოგახსენოთ, მაგრამ სხვა მხრივ საბუკმეკერო ბიზნესი მოქმედებს საქართველოში.
ლატარიაც ასევე აზარტული თამაშია. მისი სახელი ჰოლანდიური სიტყვიდან Lot მოდის რაც ბედს ნიშნავს. იგი შეიძლება იყოს მომენტიანი და ტირაჟიანი, ტოტო, ლოტო და ბინგო.
სამორინეებსა და საბუკმეკერო ბიუროებში, ზოგადად აზარტულ თამაშებში დასაქმებულები არიან: დამლაგებლები, მიმტანები, მოლარეები, რეგისტრატორები, მიმღებები, დილერები, კრუპიეები (თამაშის წამყვანები), პიტ-ბოსები (გამოცდილი მოთამაშეები), რომელნიც წარმართავენ აზარტულ თამაშს, მენეჯერები, დირექტორები და გენერალური დირექტორი.
დამლაგებელის და მიმტანის ხელფასი 250-300 ლარია, რეგისტრატორის და მოლარის – 400-500 ლარი, დილერის-700 ლარი, მაგრამ თამაშის წამყვანის (კრუპიე) და გამოცდილი მოტამასის (პიტ-ბოსის) ხელფასი შეთანხმებითია და მათ ოსტატობაზეა დამოკიდებული. დაწყებული შაფლით (ბანქოს აჭრა) და რულეტის თითოეული უჯრის ნომრის ცოდნისა ყველაფერი ითვალისწინება, რადგან შულერს (თაღლითი მოთამაშე) ან შულერთა ჯგუფს ისე შეუზლია წარმართოს თამაში სამორინეში ან ტოტალიზატორში, რომ როგორც წესი მუდამ მოგებული სამორინე და ტოტალიზატორი წაგების მწარე გემოსაც უსინჯავს პირს.
ფილიალების დირექტორების ხელფასი 800-900 ლარია. მენეჯერისა დირექტორის მოადგილის- 1500-1700 ლარია, ხოლო გენერალური დირექტორის – 3000-3500 ლარია.
ამ ადამიანების შრომა როგორც წესი ზეგანაკვეთურია, დასაქმებულები განსაკუთრების ქვედა და შუა რგოლში არანაირი სოციალური პრეფერენციებით არ სარგებლობენ. ფაქტია, რომ ამ ადამიანების მიერ პროფკავშირად ორგანიზება ხელს შეუწყობს არამარტო მათი უფლებების დაცვას არამედ მათ პროფესიონალიზაციას და კარიერულ ზრდას. ინიციატივის გამოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს აზარტული თამაშების ბიზნესის ცივილიზებულ სტრუქტურად ჩამოყალიბებას.