Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოში საარსებო მინიმუმის განსაზღვრა საკამათო თემად რჩება

სტატისტიკის დეპარტამენტის უკანასკნელი მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 155.1 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საშულო ოჯახის საარსებო მინიმუმს – იგი 260.2 ლარით განისაზღვრება.

ეს ციფრები, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სამომხმარებლო ბაზარიც გაძვირებულია. დამოუკიდებელი ექსპერტების გათვლებით, იმისათვის, რომ თბილისში მცხოვრებმა ოთხ სულიანმა ოჯახმა იარსებოს, გადაიხადოს წყლის, გაზის ელექტროენერგიისა და დასუფთავების ფული, სულ მცირე, 570 ლარი სჭირდება, რაიონებში მცხოვრებ ამდენივე სულიან ოჯახს _ 420 ლარი. მათ, ვისაც ამაზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, ან კალორიებს კარგავენ, ან კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან, _ აცხადებენ ექსპერტები.

მინიმალური სამომხმარებლო კალათის მიხედვით, შრომისუნარიანმა ადამიანმა, დღეში 2300 კილო კალორია უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, გარკვეული როლი მის ფიზიოლოგიურ ნორმებსაც ენიჭება. საშუალო ასაკის მოსახლეობაზე დღეში განსაზღვრულია 1900-დან 4000-მდე კილო კალორია. ძირითადი მოხმარების პროდუქტებია: რძის ნაწარმი, ხორცი, ცხიმები, ბურღულეული, პური, კვერცხი, ხილი და ბოსტნეული. 2003 წელს, სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად, შევიმუშავეთ ეს ნორმები და დღემდე მოქმედებს. უნდა ითქვას, რომ თანხა რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ამ კალორიების მისაღებად არის დადგენილი, სპეციალისტთა შეფასებით არასაკმარისია.

საარსებო მინიმუმის სეზონური გათვლა შეიძლება რაიმე ეკონომიკურ ნორმებს ეფუძნებოდეს, მაგრამ ზნეობრივი საფუძველისგან შორსაა, როდესაც გამოვთიშავთ ბუნებრივ აირს, როგორც გათბობის საშუალებას, ელექტროენერგიის დანახარჯს, არადა, ადამიანური მოთხოვნილებაა ცივი სასმელი მიიღო და მაცივარი ჩართო. მათ მიერ დადგენილი თანხით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ნაყინი ბავშვისთვის ფუფუნებაა.

როდესაც საკვებ პროდუქტზე ფასი იზრდება, როცა მონოპოლიზება ხდება ფქვილის იმპორტისა, ეს უთუოდ მიგვიყვანს პურ-პროდუქტების გაძვირებამდე. ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ექვს კაციან ოჯახს 310 ლარი ეყოს? საარსებო მინიმუმი და სიცოცხლის შენარჩუნება ერთი და იგივე არ არის. ადამიანის არსებობა არ ნიშნავს დილიდან საღამომდე წოლას. ის ხომ ცოცხალი არსებაა და სჭირდება სატრანსპორტო ხარჯიც. კომუნალური ხარჯების გაანგარიშება საარსებო მინიმუმში ხელოვნურად არის გაწერილი. ასეთი ანგარიშით შესაძლებელია მხოლოდ ერთი ოთახის გათბობა.

სოციალური დაცვა რეანიმაციაში მყოფის დახმარებას კი არ გულისხმობს, გულისხმობს ცხოვრების ხარისსხს და იმ მინიმალური დონის შენარჩუნებას, რასაც ჰქვია თანაარსებობა. ეს ვერ გააცნობიერა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც. საარსებო მინიმუმი ექვს სულიანი ოჯახისთვის, დღევანდელი მდგომარეობით 1500 ლარამდე უნდა იყოს, რადგან, თუნდაც, წამლები კატასტროფულად ძვირდება. როდესაც ზოგიერთ ბიზნესმენს მოსახლეობა მეწველ ძროხად ყავს წარმოდგენილი და მისი ქველმოქმედება მხოლოდ პიარ-კამპანიისთვის არსებობს, რასაკვირველია, ქვეყანაში ვერ დამკვიდრდება ტოლერანტობის იდეა შეჭირვებული ადამიანების მიმართ.

დღესდღეობით, მინიმალური სასურსათო კალათით განსაზღვრული სავალდებულო პროდუქტების მიღებასაც კი მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი ახერხებს. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადებულ ციფრებს ბევრი უცხადებს უნდობლობას და აღნიშნავს, რომ წლების გამნავლობაში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურა ობიექტური ვერ იქნება. მთავრობამ მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ადამიანის მინიმალური შემოსავალი, პირდაპირი მნიშვნელობით, მხოლოდ არსებობას არ ნიშნავდეს. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ნაგვის ურნებთან ადამიანების რიცხვმა კვლავ იმატა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხალხს შია. უპოვართა რიცხვის რაოდენობის შემცირება კი ყველა მოქალაქის საზრუნავია.  arsebob

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.