ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 36 მილიონი ადამიანი (დედამიწის მოსახლეობის 0.5%), ხოლო საქართველოში 16 100 ადამიანი ცხოვრობს მონურ პირობებში. კვლევა მონობის საწინაღმდეგო კამპანიის ფარლებში “Walk Free” ჯგუფმა ჩაატარა.
მონურ პირობებში მცხოვრები ადამიანების ყველაზე მაღალი რაოდენობა ინდოეთშია. ამ რეიტინგში საქართველო 105-ე ადგილზეა. ტერმინი – თანამედროვე მონობა მოიცავს ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმას: ადამიანებით ვაჭრობას, სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას, იძულებით ქორწინებას, ბავშვთა ექსპლუატაციას, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას და ა.შ.
კვლევის ფარგლებში 167 ქვეყნის მონაცემები გაანალიზეს და დადგინდა, რომ აფრიკასა და აზიაში მონობის აღმოფხვრა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა, მაშინ, როცა ამ მხრივ ევროპაში უფრო პოზიტიური მდგომარეობაა. ანგარიშის თანახმად, 14 მილიონზე მეტი ადამიანი მონურად ცხოვრობს ინდოეთში, ინდოეთს მოსდევს ჩინეთი (3 მილიონი ადამიანი), შემდეგ კი პაკისტიანი და უზბეკეთია. რეიტინგში რუსეთი მეხუთე ადგილზეა. კველევის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა დამონებული მიგრანტი მუშების შრომაზე დგას, რომლებიც ძირითადად სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობენ.
კვლევის თანახმად, საქართველოში თანამედროვე მონობის ორი ფორმა არსებობს – ქვეყნის გარეთ ქალების სექსუალური ექსპლუატაცია, ასევე, უცხოელი ქალების ექსპლუატაცია საქართველოს ტურისტულ რეგიონებში და კაცების შრომითი ექსპლუატაცია, ძირითადად, თურქეთსა და რუსეთში:
კვლევაში ნათქვამია, რომ შრომით მიგრაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაჭიანურებული კონფლიქტების შედეგად გაიზარდა. საქართველოს მოსახლეობის 11% შრომითი მიგრანტია. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოდან რუსეთში შრომითი მიგრანტების რაოდენობა შემცირდა და მოქალაქეებმა სამუშაოს ძებნა ევროპულ ქვეყნებში დაიწყეს, რუსეთი მაინც რჩება სამუშაოს მოძიების მთავარ ადგილად.
ანგარიშის მიხედვით თანამედროვე მონობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიუჯეტი 2007-2012 წლებში 3-ჯერ გაიზარდა და 300 000 ლარიდან 935 000 ლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სამონიტორინგო სტრუქტურა, რომელიც ასეთ შემთხვევბში ეფექტური ჩარევის ხარისხს შეამოწმებს, უწყებათაშორისი საბჭო ადგენს ანგარიშებს, რომელსაც აწვდის მთავრობას ყოველ ექვს თვეში. ეს ვალდებულება სამოქმედო გეგმითაა გაწერილი, რაც, როგორც კვლევაშია ნათქვამი, უჩვეულოა რეგიონის ქვეყნებისთვის, სწორედ ამის გამო საქართველო ქვეყნების იმ ათეულშია შესული, რომლთა მთავრობებიც თანამედროვე მონობაზე მკაცრად რეაგირებენ.
საქართველო მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა 2006 წელს შრომის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების გამო, რის შედეგადაც შრომითი ექსპლუატაციის რისკები გაიზარდა. ევროკავშირთან უფრო ფართო ინტეგრაციის ფარგლებში დაგეგმილია შრომითი კოდექსის კიდევ ერთი განახლება და შრომითი ინსპექტორის აღდგენა.
კვლევაში რეკომენდაციის სახით მოცემულია შემდეგი წინადადებები:
შრომითი ინსპექტორის ინსტიტუტის ხელახალი დაფუძნება, იძულებითი შრომის გამოვლენის მიზნით მაღალი რისკის ინდუსტრიების შემოწმება, ეროვნული სამოქმედო გეგმის შეფასების მიზნით ცალკე ინსტიტუტის დაფუძნება და კვლევების ჩატარება იძულებითი შრომისა და ბავშვთა იძულებითი შრომის კუთხით.