სახელმწიფო უწყებებში ოპტმიზაციის პროცესი ძირითადად ქვედა რგოლის თანამშრომლებს შეეხო.- ამის შესახებ საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული რადიო „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, ოპტიმიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ სრული ინფორმაცია, თუ რამდენ ადამიანს შეეხო შემცირება, არ არსებობს. ჯინჭარაულის თქმით, წინასწარი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმიზაცია კადრების 10%-ზე მეტს შეეხო და ესენი არიან ძირითადად დაბალი რგოლის მენეჯერები, რომელთა ხელფასები არცთუ ისე მაღალია.
ჭინჭარაულის თქმითვე, ხშირ შემთხვევაში გათავისუფლება ხდება დარღვევებით ,თანამშრომლებს არ აფრთხილებენ წინასწარ, რომ დაგეგმილია ოპტიმიზაცია და რა არის მიზანი, ან რა კრიტერიუმებით ხდება გათავისუფლება. საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის განმარტებითვე, იქ სადაც დარღვევები დაფიქსირდა, პროფკავშირები გეგმავს სამართლებრივად გააგრძელოს დავა. ამასთან, მისივე თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ არსებული კანონით ხელმძღვანელობას აქვს უფლება რეორგანიზაციის მოტივით დაიწყოს შტატების შემცირება.
„ 2017 წლის ბიუჯეტში სახელფასო ნაწილი შემცირებულია მხოლოდ 50 მილიონით და ეს მონაცემებით არ ითხოვდა 10% -იან შემცირებას კადრების კუთხით, საკმარისი იქნებოდა მხოლოდ 3,5%- ით შემცირება და შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული ხარჯების და არა ადამიანების ხარჯზე მომხდარიყო ეკონომია. პრემიერმა როდესაც დაანონსა 10%იანი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, მაშინვე ითქვა, რომ ეს პროცესი არ გულისხმობდა მხოლოდ ადამიანების გათვისუფლებას, თუმცა რეალობაში მხოლოდ ადამიანების ხარჯზე ხდება რეორგანიზაცია” აცხადებს ჭინჭარაული.
მისივე მონაცემებით, დღეს საჯარო სექტორში 116 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქედან სამინისტროებში დაახლოებით 30 ათასია მუშაობს. ჯინჭარაულის განცხადებით, თუ ოპტიმიზაცია სრულად კადრების გათავისუფლების ხარჯზე მოხდა – გამოდის, რომ სამსახურის გარეშე 10 ათასზე მეტი ადამიანი დარჩება.
გიორგი კვირკაშვილმა ადამინისტრაციული ხარჯების 10%-იანი შემცირების შესახებ გასული წლის ნოემბერში დაანონსა. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების უამრავი რესურსი არსებობს.
„რა თქმა უნდა ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც იქ, სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე და ამის გარეშე შეუძლებელია”, – განაცხადა პრემიერმა.