საქართველოში, სადაც ქარხნებში რთულ პირობებში დასაქმებულებს 400 და 500 ლარად ამუშავებენ, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შარშან პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით 21 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. იმის გამო, რომ ინფორმაციის გაცემაზე რამდენიმე სამინისტრო უარს ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ პრემიებისა და სახელფასო დანამატების საერთო რაოდენობა სინამდვილეში 21 მილიონს ბევრად აჭარბებდეს.
2013 წელს 14 სამინისტროს მიერ თანამდებობის პირებზე პრემიის სახით საერთო ჯამში 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი გაიცა: თავდაცვის სამინისტრომ 108 თანამდებობის პირზე ჯამურად 1 325 776 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გასცა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ – 1 182 251 ლარის ოდენობის, იუსტიციის სამინისტრომ 44 პირზე – 1 070 738 ლარი, ეკონომიკის სამინისტრომ – 1 086 648 ლარი, ფინანსთა სამინისტრომ – 824 184 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 46 პირზე – 715 686 ლარი, ჯანდაცვის სამინისტრომ – 498 950 ლარი, ენერგეტიკის სამინისტრომ 17 თანამდებობის პირზე – 452 250 ლარი, სასჯელაღსრულების სამინისტრომ 26 პირზე – 420 817 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 17 პირზე – 343 198 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 18 პირზე – 303 775 ლარი, დევნილთა სამინისტრომ 40 პირზე – 258 928 ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 23 პირზე – 195 570 ლარი, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 5 პირზე – 185 398 ლარი.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2013 წელს მინისტრებზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი მათმა მოადგილეებმა მიიღეს. კერძოდ, 2013 წელს ყველაზე დიდი პრემია მიიღეს: ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა – 65 280 ლარი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა – 65 280 ლარი, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ – 59 840 ლარი, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა – 57 520 ლარი, იუსტიციის მინისტრის ამჟამინდელმა პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ – 55 971 ლარი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ – 55 520 ლარი, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ – 54 419 ლარი, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბურჭულაძემ – 54 419 ლარი.
გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორს პრემია არ მიუღია, თუმცა სახელფასო დანამატის სახით დაერიცხა 49 823 ლარი. 47 200 ლარის ოდენობის პრემია მიიღო სასჯელაღასრულების მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.
2013 წელს საკმაო რაოდენობით პრემია გაიცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. როგორ შვაშ წერს, პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით შარშან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 1 796 333 ლარი დარიგდა. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი მოცულობის პრემიები (294 310 ლარი) თანამშრომლებზე გაიცა აგვისტოს თვეში.
დაახლოებით 2,3 მლნ ლარის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა პარლამენტშიც, სახელმწიფო დაცვის სამსახურში შარშან პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე 5,7 მლნ ლარი დაიხარჯა.
საკმაოდ სოლიდური პრემიები და სახელფასო დანამატები მიიღეს სახელწიფო დაცვის სამსახურში, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში და ა.შ. საერთო ჯამში, იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც იმ საჯარო უწყებებიდან გამოითხოვა და მიიღო, პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით 2013 წელს სახელმწიფო სტრუქტურებიდან სულ 21,7 მლნ ლარზე მეტია გაცემული.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით, სახელფასო დანამატებისა და პრემიების მანკიერი პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, დღესაც გრძელდება, რაშიც პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლებაა.
იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, სახელმწიფო სტრუქტურებში სახელფასო დანამატებისა და პრემიების საკითხი დარეგულირდეს, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა. როგორც გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, უახლოეს მომავალში ამ კონცეფციას უკვე მთავრობას წარუდგენენ.
“საჯარო სამსახური არ არის ბიზნესი და შესაბამისად, არაა მოგებაზე ორიენტირებული. ფულის შოვნა უნდა ხდებოდეს ბიზნესში და არა საჯარო უწყებებში. პრემიები, რომლებიც არა დამსახურებისთვის, არამედ ყოველთვიურად გაიცემა, არის ფუფუნება და ჩვენ ამ ფუფუნების უფლება არ გვაქვს. თუ საჯარო სამსახურში პრემიებისა და სახელფასო დანამატების პრაქტიკა არ შეიცვალა, არ დარეგულირდა სიტუაცია, ასე ვერაფერი განვითარდება”, – დასძინა კლდიაშვილმა.
მაღალი პრემიებისა და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი დავალებით, მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემირების ერთიან წესს შეიმუშავებს და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, მისმა მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ, ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურა არაუგვიანეს 30 ივნისისა უნდა წარადგინონ.