Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სოლიდარობა ქსნის მინისტარის მუშებს – ქსანში დასაქმებულთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

IMG_7281

პარასკევს, 20 ნოემბერს, “თბილისის სოლიდარობის ქსელმა” ქსანში მდებარე სს “მინას” საწარმოს წინ მუშების მხარდასაჭერი აქცია გამართა. მინის ტარის მწარმოებელ ქარხანაში დასაქმებული მუშები კომპანიისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, რისი შესაძლებლობაც მათი თქმით , კომპანიას, ამ ეტაპზე, ნამდვილად გააჩნია.

სს “მინაში” მოქმედ ადგილობრივ პროფკავშირულ კომიტეტს საწარმოს ადმინისტრაციისათვის უკვე დიდი ხანია, წარდგენილი აქვს მოთხოვნა ხელფასების 30%-ით მატებასთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნა ეფუძნება თითქმის ორჯერ გაზრდილ საწარმოო სიმძლავრეებში დასაქმებულთა მონაწილეობის ინდექსისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატების მიხედვით გაკეთებულ სპეციალურ დათვლებს და რეალურ გაანგარიშებას ეყრდნობა. ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ საწარმოო სიმძლავრეების მატების საქმეში, დასაქმებულთა წვლილი იმდენად მინიმალურია, რომ შეუძლებელია ხელფასების მატებაზე იქნას ასახული, რასაც პროფკავშირი კატეგორიულად არ ეთანხმება და ითხოვს, რომ კომპანიამ უფრო დამაჯარებელი არგუმენტები წარმოადგინოს.

IMG_7294

საქართველოს მეტალურგიულმა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირმა მოლაპარაკებები შემათანხმებელი პროცედურების რეჟიმში გადაიყვანა, შრომითი დავა და მედიაციის პროცესი უკვე დაიწყო.  დასაქმებულთა მოთხოვნები ხელფასების 30%-იან მატებას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებასა და ადგილობრივი პროფკავშირებისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფას ეხება.

“თბილისის სოლიდარობის ქსელის” მიერ დაგეგმილ აქციას მოქალაქეები, სტუდენტები და ახალგაზრდა პროფკავშირები შეუერთდნენ, ასევე სხვადასხვა დარგების პროფკავშირები და მუშები საქართველოს სხვადასხვა საწარმოებიდან.  ქსნის მინისტარის მუშებს სიტყვით ჭიათურელმა და ზესტაფონელმა მუშებმა, რკინიგზელებმა და პროფკავშირების სხვა წარმომადგენლება მიმართეს. გარდა ამისა, სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმაც მიიღო, რომელიც ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.  აქციამ ხმაურიანი შეძახილებისა და გამამხნევებელი ლოზუნგების ფონზე ჩაიარა.

IMG_7328

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საწარმოს ადმინისტრაციასთან, რომელშიც ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორია ჩართული. 27 ნოემბერს იწურება კანონით გათვალისწინებული 21 დღიანი ვადა, რის შემდეგაც, თუ საწარმო არ დათანხმდა მუშების მოთხოვნებზე, დასაქმებულებს გაფიცვის დაწყების უფლება აქვთ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.