Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უსაფრთხო შრომა ადამიანის უფლებაა: ინტერვიუ ნიკა კაკაშვილთან

ინტერვიუ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შრომის დაცვის ტექნიკურ ინსპექტორთან ნიკა კაკაშვილთან

თქვენი შეფასებით რა მდგომარეობაა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით?

ნიკა კაკაშვილი: სამწუხაროდ დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტული დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რისი თქმის საფუძველს მაძლევს  შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ინსტიტუციები, რეგულაციები და საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკა.

არის თუ არა რაიმე კანონი რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა?

 ნიკა კაკაშვილი: არ არსებობს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ.  არ არის სრული ნორმატიული ბაზა, რომლითაც შრომის უსაფრთხოების საკითხები უნდა დარეგულირდეს და არ არსებობს ინსტიტუცია რომელმაც კანონი უნდა აღასრულოს შრომის დაცვის, ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებში. დღეისთვის შრომის  უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომლის უფლებამოსილებაც მხოლოდ მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ვრცელდება და მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე.  მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურები, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებენ საზოგადოებრივ და საცხოვერებელი შენობების მშენებლობის პროცესზე და ასევე მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე.   ამ უწყებების მიერ არ ხორციელდება ზედამხედველობა მაგალითად შრომის, სანიტარულ–ჰიგიენურ პირობებზე და სახანძრო უსაფრთხოებაზე.

 რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

ნიკა კაკაშვილი: უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და შეიქმნას ქმედითი ინსტიტუცია, რომელიც აღასრულებს კანონს. მნიშვნელოვან რეფორმასა და სრულყოფას მოითხოვს შრომის დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც საწარმოებში შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები უნდა რეგულირდებოდეს. ქართულ ნორმატიულ აქტებთან ერთად კვლავ ძალაშია 1992 წლამდე შემუშავებული და დამტკიცებული საბჭოთა ნორმატიული აქტები, რომლებიც მოძველებულია და არ შეესაბამებიან საქართველოში მოქმედ საწარმოებში არსებულ ტექნოლოგიურ აღჭურვილობებს, რაც სირთულეებს ქმნის საწარმოებში, როგორც პრევენციული ღონისძიებების, ისე საწარმოო უბედური შემთხვევების კვლევის დროს. ამ მიმართულებით მთავრობის მხრიდან არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, კერძოდ, 2013 წლიდან ძალაში შევიდა ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტები „ტექნიკური რეგლამენტების“  სახით, რომლებიც შემუშავდა საქართველოს კოდექსის“ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ მიხედვით.  გარკვეულ წილად მოხდა ჩანაცვლება ახალი რეგლამენტებით ძველი საბჭოთა ნორმატიული აქტების, თუმცა ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ნორმატიული ბაზის, რომლის განახლებაც მოხდა. არ არის შემუშავებული და დამტკიცებული ქართული სტანდარტები და კვლავ ვხელვმძღვანელობთ  ყოფილ საბჭოთა კავშირში შემუშავებული დამტკიცებული „გოსტ სტანდარტებით“.

რაც შეეხება ინსტიტუციას, რომელმაც უნდა მოახდინოს კანონის აღსრულება შრომის დაცვის, ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებში, 2015 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექიმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ინსპექტორებს საწარმოს ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე არ აქვთ ინსპექტირების  განხორციელებისა და სანქციის დადების უფლება. აქედან გამომდინარე ამ სამსახურის მუშაობა ვერ იქნება ეფექტური.

სამუშაო ადგილზე მიღებული ზიანი როგორ უნაზღაურდება დასაქმებულს?

ნიკა კაკაშვილი: არა სამართლიანი მიდგომაა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მარჩენალდაკარგულთა და დასახიჩრებულთა კომპენსაციით უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მთავრობის დადგენილება (1.03.2013 №45) „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზაინის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას დასაქმებულებისათვის ზიანის ანაზღაურებას, დაზარალებული მხარისთვის ყოველთვიური სარჩოს ან ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის სახით, მხოლოდ იმ  შემთხვევაში თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით. უმრავლეს შემთხვევაში უბედური შემთხვევის კვლევის კომისიები დამსაქმებლის ინტერესებს იცავენ და თავად გარდაცვლილებს და დაზარალებულებს სცნობენ შრომის დაცვის წესების დამრღვევებად.  ასეთ ვითარებაში კი საწარმოს ადმინისტრაცია დაზარალებულ ოჯახს მხოლოდ დაკრძალვის, ისიც მისი კეთილი ნების შემთხვევაში და მკურნალობის აუცილებელ ხარჯებს უნაზღაურებს. პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს უბედური შემთხვევების კვლევის კომისიების მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება უწევთ. სასამართლო პროცესები ხშირ შემთხვევაში წლების მანძილზე გრძელდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობას. ამ მხრივ განსხვავებული მიდგომებია ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ბრალეული მხარის გამოვლენაზე არ არის დამოკიდებული საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულებისთვის სარჩოს დანიშვნა არ დანიშვნის საკითხები.  რასაც ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორეგანიზაციის კონვენცია №121. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“. ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა თანხვედრაშია  აღნიშნულ კონვენციასთან. ჩვენ უნდა დავნერგოთ ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა საქართველოში. რისი ვალდებულებაც გვაკისრია ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით.

რამდენად არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის კონვენციები?

ნიკა კაკაშვილი: საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში გაეროს შრომის საერთაშორისო ორგინიზაციის არცერთი კონვენცია არ არის რატიფიცირებული.

სადღეისოდ რა განეკუთვნება რისკის სფეროს ეკონომიკაში?                  

ნიკა კაკაშვილი: დღეს ეკონომიკაში დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობასთან დაკვშირებული რისკის სფეროს განეკუთვნება ტექნოლოგიური აღურვილობები, წარმოების სახეობები, შრომითი პროცესების არასწორი ორგანიზება, მუშაკთა არასაკმარისი პროფესიული კვალიფიკაცია, დამსაქმებელთა გულგრილი დამოკიდებულება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე და სხვა ფაქტორები.

თქვენ შეისწავლეთ ევროპული გამოცდილება, რა გაჩვენათ მან?

ნიკა კაკაშვილი: განსხვავებული მიდგომებია შრომის უსაფრთხოების პრევენციის მხრივ ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ  ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა. ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების: ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და ჩეხეთის  შრომის დაცვის  სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები. იმის გარდა რომ ამ ქვეყნებში ყველგან ფუნქციონირებს შრომის ინსპექცია, სამუშაო ადგილებზე არსებული რისკების გამოვლენის, შეფასების და მართვის მეთოდიკა კომპლექსური მიდგომის სისტემას ითვალისწინებს საწარმოებში შრომის უსაფრთხოების კომიტეტების შექმნის გზით. რაც შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამი მხარის ჩართულობას გულისხმობს: დამსაქმებელი, დასაქმებული და მოწვეული ექსპერტები.

შრომის უსაფრთხოების სფეროში პროფკავშირების მხრიდან რა არის პრიორიტეტული?

ნიკა კაკაშვილი: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად პრიორიტეტულ ამოცანებად განსაზღვრული აქვს საწარმოებში, ორგანიზაციებსა და კომპანიებში შრომის პირობების და ტექნიკური უსაფრთხოების ყოვლისმომცველი და უწყვეტი კონტროლის განხორციელება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეგიდით.  პროფკავშირების მიზანია შეიქმნას შრომის  უსაფრთხოების მართვის ისეთი მექამიზმი, სადაც სოციალური პარტნიორები – მთავრობა, დამსაქმებლები და პროფკავშირები სამმხრივად გადაინაწილებენ პასუხისმგებლობას.

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია სიცოცხლის უფლებას ადამიანის უზენაეს უფლებად აღიარებს და ეს უფლება დაცულ უნდა იქნეს იქ, სადაც შრომით ვლინდება ადამიანის შემოქმედებითი ნიჭი. შრომა უსაფრთხოდ შესაძლებელია და იგი საჯარო და კერძო სექტორის პროფკავშირებთან პარიტეტული თანამშრომლობით მიიღწევა.

ინტერვიუ მოამზადა დავით არაბიძემ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.