საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ITUC/PERC პრეზიდენტი სპეციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა.
ირაკლი პეტრიაშვილი ყაზახ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პროფკავშირული ლიდერების დაკავებას შემაშფოთებლად მიიჩნევს.
ITUC-ის აფილირებული წევრის „ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის“ KNPRK-ის პრეზიდენტის ლარისა ხარკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, მისი აქტიური პროფკავშირული საქმიანობის, კერძოდ ნავთობმოპოვების სექტროში სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების მწარმოებელი მსხვილ კომპანია «Oil Сonstruction Company»-ში დაწყებული გაფიცვის ხელმძღვანელობის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია მისი მოადგილის ნურლიბერკ კუშაკბაევი და «Oil Сonstruction Company»-ს ადგილობრივი პროფკავშირების ლიდერის ამინ იელეუსინოვი.
ყახაზეთში პროფკავშირების დევნასა და შევიწროებას ადგილი მანამდეც ჰქონია, თუმცა ამჯერად დაწყებული, ლიდერების დისკრედიტაციის კამპანია და მომხდარი ფაქტები განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან პროფკავშირების შევიწროების და ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ამგვარი დევნისა და დაკავებების სერიით სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს თავად ყაზახეთში.
შსო (ILO)-ს და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციას (ITUC)-ს, არაერთხელ ჰქონია შენიშვნა ყაზახეთის მთავრობისადმი, დემოკრატიული პროფკავშირების დევნასთან დაკავშირებით და შრომითი უფლებების კუთხით არსებული პრობლემების გამო.
ირაკლი პეტრიაშვილი ყაზახეთში პროფკავშირების მაღალი დონის დელეგაციის წევრებთან ერთად გაემგზავრა, რომელშიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც შედიან. ის ადგილზე შეისწავლის შექმნილ მდგომარეობას, შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან, ადგილობრივ პროფკავშირულ აქტივთან, ომბუდსმენთან, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან, დიპლომატიური მისიების და მედიის წარმომადგენლებთან გამართავს.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა საპროტესტო წერილი უკვე გაუგზავნა ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს და ვითარების ნორმალიზებისთვის, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. ასევე შეახსენა, რომ პროფესიული გაერთიანებები, ასოცირების თავისუფლება და ღირსეული შრომა წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ შემადგენელს, რომელსაც ეფუძნება თანამედროვე პოლიტიკა, ეკონომიკის და სოციალური სფეროს განვითარების ძირითადი პრინციპები, რაც დამახასიათებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.